IWPR - ყვარლის რაიონში მდებარე სოფლებში ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის

IWPR - ყვარლის რაიონში მდებარე სოფლებში ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის

კახეთში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

ამის შესახებ "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი" (IWPR) იტყობინება, რომლის ვებგვერდზეც ჟურნალისტ აიდა მირმაკსუმოვას შესაბამისი მასალა გამოქვეყნდა.

სტატიის თანახმად, ყვარლის რაიონში მდებარე თივის, სარუსოს და ჩანტლისყურეს სოფლებში, ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის.

"საქართველოს ხელისუფლება პირობას დებს, რომ გამოძიებას ჩაატარებს", - აღნიშნავს ჟურნალისტი.

"საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა IWPR-ს, რომ მას ამ პრაქტიკის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდა და არც ერთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ან ადამიანის უფლებების დამცველ ორგანოს არ შეუტყობინებია, რომ ქვეყნის რომელიმე ნაწილში წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება", - აღნიშნავს ჟურნალისტი.

მასთან საუბარში მუფთი იასინ ალიევი ამბობს, რომ ისლამი გოგონებს წინდაცვეთას არ ავალდებულებს. თავის მხრივ, მეცნიერი პაატა იმნაძე დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აღნიშნავს, რომ წინდაცვეთის პროცედურა ზრდის ინფექციური დაავადების რისკს.

მასალის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აცნობა IWPR-ს, რომ უწყებაში პირველად გაიგეს საქართველოს ტერიტორიაზე წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენების შესახებ.

"კახეთში მომუშავე არც ერთ ჩვენს განყოფილებას ამის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. თუ ვინმე დახმარების თხოვნით მოგვმართავს, შესაძლებელი იქნება შემოწმების ჩატარება, თუმცა, აქამდე, არც ერთი საჩივარი არ შემოსულა", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წარმომადგენელი IWPR-სთან საუბარში ირწმუნება, რომ აღნიშნული საკითხის გამოძიება დაიწყება.

"გადავამოწმეთ თქვენი ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში და ინსტიტუტებში, ასევე სახალხო დამცველის ოფისში, თუმცა იქ მსგავსი ფაქტები ნახსენები არ არის. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა მზადყოფნა გამოთქვმა, ჩაატაროს მონიტორინგი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში და მოგვაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია", - აცხადებენ საპარლამენტო კომიტეტში.

IWPR-ის მასალაში აღნიშნულია, რომ გაერო-ში წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენებას ადამიანის უფლებების დარღვევად და ქალის დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმად მიიჩნევენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი