პატრიარქი, რომელსაც 5 შვილი ჰყავდა: "მისი გარდაცვალების შესახებ გაზეთში პატარა ცნობა გამოქვეყნდა, ისე როგორც ერისკაცს აცხადებდნენ..."

პატრიარქი, რომელსაც 5 შვილი ჰყავდა: "მისი გარდაცვალების შესახებ გაზეთში პატარა ცნობა გამოქვეყნდა, ისე როგორც ერისკაცს აცხადებდნენ..."

"ოჯახში, ბავშვობიდან მესმოდა მის შესახებ, ვიცოდი, რომ საოცარი ადამიანი იყო - ძლიერი, თბილი, სათნო, სამშობლოს და ადამიანის მოყვარე. შვილებიც ისე აღზარდა, როგორც ნამდვილ მოძღვარს, მამას შეეფერება", - ამბობს მანანა ციცქიშვილი ჟურნალისტი, ფილოლოგი და საქართველოს ერთ-ერთი პატრიარქის, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) შვილთაშვილი, რომელიც ქვეყნის სულიერი მწყემსმთავარი 1927-1932 წლებში იყო.

სიმართლე გითხრათ, არასდროს ჩამიწერია ინტერვიუ პატრიარქის შთამომავალთან. პირველი შემთხვევაა, ალბათ იმიტომაც, რომ ასეთი ადამიანები არც ისე ბევრნი არიან...

მანანა ციცქიშვილი:

- ბაბუას 5 შვილი ჰყავდა - ნინო, გობრონი, ვასილი, ელენე, მარიამი. ბაბუაჩემი გობრონი გახლდათ, იგივე გობრონ აგარელი-ციცქიშვილი, პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე იყო, რვა ენა იცოდა. მეგობრობდა გალაკტიონ ტაბიძესთან და ტერენტი გრანელთან... მამაჩემი, გივი ციცქიშვილიც ფილოლოგი და მთარგმნელი იყო და არანაკლებ ცნობილი პიროვნება... რაც შეეხება ჩემს დიდ ბაბუას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქრისტეფორე III-ს, მართლაც დიდი და უაღრესად განათლებული ადამიანი იყო, მრავალმხრივი ცოდნითა და ნიჭით დაჯილდოვებული...

ყოველთვის ვგრძნობდი მის მფარველობას, ახლაც ასე ვარ... როცა მიჭირს, თვალებს ვხუჭავ და მის სახელს გულში უხმოდ ვამბობ... ის მოდის ჩემთან და სწორ გზას მაჩვენებს, როგორც თავის დროზე სწორი გზისკენ მთელ ერს მიუთითებდა... სხვათა შორის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მაღალ შეფასებას აძლევს პატრიარქ ქრისტეფორეს მოღვაწეობას და ამბობს, რომ მან ეკლესია ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა, რადგან უმძიმეს წლებში მოუხდა მოღვაწეობა და მას გამორჩეულ პატრიარქად მიიჩნევს. მეამაყება, რომ მისი შვილთაშვილი ვარ, თუმცა ეს გარკვეულწილად, ძნელიცაა, რადგან დიდია პასუხისმგებლობაა, იყო ასეთი სულიერი მოღვაწის შთამომავალი...

- მანანა, თავად რას საქმიანობთ?

- ამჟამად მოსწავლეებისა და აბიტურიენტების განათლებაზე ვზრუნავ. ვმუშაობ მოსამზადებელ ცენტრში. ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი, აგრეთვე ზოგად უნარებს. მოსწავლეები კერძოდაც მყავს. ამასთან, ვწერ და ვთარგმნი... მიყვარს ჩემი საქმე და იმავეს გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი, მეამაყება, რომ ასეთი წინაპრის შთამომავალი ვარ...

პატრიარქი თავის სულიერ შვილებს სწორ გზას აჩვენებდა-მეთქი, მაგრამ იმ ავბედითი წლებიდან გამომდინარე ეს არც ისე იოლი იყო. მაგრამ პასუხი ყველა კითხვაზე ჰქონდა და ეს მხოლოდ ჭეშმარიტებას ემსახურებოდა... უბრალო და უშუალო იყო, როგორც ყველა დიდი პიროვნება...

მისი უწმიდესობა ქრისტეფორე III 1873 წლის 27 მარტს ვერტყვიჭალაში (ხარაგაულის რაიონი) დაიბადა. ციცქიშვილთა შტოს წარმომადგენლებში სასულიერო პირები ბევრნი ყოფილან. მღვდელი იყო ბაბუას ერთ-ერთი ძმაც და სწორედ მისი გავლენით აურჩევია სასულიერო გზა. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური კურსები, მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავი, იტრია, ნაბახტევი, თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. იყო ასევე სოფელ იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი, გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე, თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებელი...

1905 წელს თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ მოთხოვნა შეიმუშავა...

- ვინ იყო მისი მეუღლე?

- ანა ჩუბინიძე, სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი. ბაბუას მეუღლე ადრე გარდაეცვალა და ხუთი შვილის აღზრდა თავად იტვირთა...

- ქრისტეფორე III საქართველოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ შეუდგა ამ მისიას?

- დიახ და 1922 წლის 18 მარტს დეკანოზი პატრიარქი ქრისტეფორე, ამბროსი ხელაიას მიერ იქნა ხელდასმული ჯერ მანგლისის, შემდეგ ურბნისის ეპისკოპოსად. 1922 წლის 28 მაისს კი დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ეპისკოპოსად, 1923 წლიდან 1925 წლამდე პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა და სწორედ იქიდან დაიწყო მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ, 1927 წლის 26 ივნისს, IV საეკლესიო კრებაზე, იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს და მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო ვითარებაში მოუხდა ეკლესიის საჭეთმპყრობლობა.

- კომუნისტური რეჟიმის სისასტიკე იგულისხმება, ხომ?..

- კომუნისტები სასულიერო პირებს საშინლად ავიწროებდნენ, დევნიდნენ მრევლს და უამრავ სისასტიკეს სჩადიოდნენ.

კათოლიკოს ქრისტეფორეს დროს 1927 წლის ნოემბრიდან მოხდა ეკლესიის გადასვლა კალენდრის ძველი სტილიდან ახალზე. ამ ნაბიჯით ის ცამეტდღიანი განსხვავება, რომელიც მაშინ იყო და დღესაც არსებობს საერო და საეკლესიო კალენდრებს შორის, მოისპო (დღეს მაგალითად, ახალი წლის აღნიშვნა ჩვენ შემთხვევაში რომ სხვადასხვა დროს ხდება, მაშინ ერთ დღეს დაემთხვა)... თუმცა 1923 წელს კათოლიკოს ამბროსის ნებართვითაც შემოიღეს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი და კათოლიკოსი ქრისტეფორე, ამბროსი ხელაიაზე ერთ-ერთ მოხსენებაში ასე აღნიშნავდა, 1923-1924 წლებში ამ სტილის მიხედვით მარხულობდა და იხსნილებდა, თუმცა შემდგომ, 1925 წლიდან, როდესაც კათოლიკოსი ციხიდან გათავისუფლდა, ეკლესია 1927 წლამდე, ისევ კალენდრის ძველ სტილს დაუბრუნდა...

ქრისტეფორე III სამეცნიერო მუშაობასაც ეწეოდა. ბევრი ისტორიული და ლიტერატურული წერილისა და გამოკვლევის ავტორია. მათ შორის, ძველი ქართული მწერლობის ძეგლის - "ვისრამიანის" ეროვნების შესახებ. სამწუხაროდ, ადრე, 57 წლისა აღესრულა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ყველა პატრიარქი თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული... არადა, მისი გარდაცვალების შესახებ, ისეთი დრო იყო, რომ გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება გამოქვეყნდა, როგორითაც ერისკაცს აცხადებდნენ: "გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი". ბევრმა არც კი იცოდა, რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა...

თუმცა, გავიდა წლები და 2013 წლის 20 ივნისს მისი სახელი იტრიის საშუალო სკოლას მიენიჭა. ამასთან, ვინაიდან წარმოშობით ხარაგაულიდან, სოფელ ვერტყვიჭალიდან იყო, საჯარო სკოლაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე მესამის მუზეუმი გაიხსნა... გახსნის იდეა ამ სკოლის ისტორიის პედაგოგს, თამაზ გოგოლაძეს და სკოლის დირექტორს, ლენა აბაშიძეს ეკუთვნით. ღონისძიებას მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), ეპარქიის სამღვდელოება დაესწრო.

მეუფე მელქისედეკი:

"პატრიარქმა, ქრისტეფორე ციცქიშვილმა, ურთულეს პერიოდში ჩაიბარა საქართველოს ეკლესია. ეს იყო დრო, როცა იდევნებოდა ყველა და ყველაფერი, რაც ეკლესიას უკავშირდებოდა. ძალიან ძნელია, მღვდელმთავარმა ასეთ რთულ პერიოდში ღირსეულად განვლო ცხოვრება. მიხარია, რომ XX საუკუნეში ხარაგაულელებს ორი უდიდესი პატრიარქი - ქრისტეფორე ციცქიშვილი და დავით დევდარიანი გვყავდა".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი