Smart Photos - ერთი ფოტოჯიხურით დაწყებული საქმიანობა, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა

Smart Photos - ერთი ფოტოჯიხურით დაწყებული საქმიანობა, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა

ქართულმა ბრენდმა Smart Photos, რომელიც ბაზარზე ინოვაციურობით გამოირჩევა, სერვისის ექსპორტი დაიწყო. კომპანიამ რამდენიმე თვის წინ წარმომადგენლობა გახსნა ერევანში, სომხეთში, სადაც ორივე ბრენდით - Smart Photos და GIFme არის წარმოდგენილი. Smart Photos აქტიურად მუშაობს ექსპორტის გაზრდაზე და ამ დროისთვის მოლაპარაკებებს კიდევ ორ ქვეყნასთან აწარმოებს.

კომპანია, რომელმაც საქმიანობა 2010 წელს ერთი ფოტო ჯიხურით დაიწყო, 6 წლის შემდეგ ორი ბრენდისა და რამდენიმე მიმართულების მფლობელია.

"ფოტოჯიხურის პოპულარობამ გააჩინა მისი წვეულებებზე დაქირავებს მოთხოვნაც, რასაც მაშინვე ვუპასუხეთ და 2011 წლიდან ფოტოჯიხურის დაქირავება შესაძლებელი გავხადეთ. რადგან ფოტოჯიხური წვეულებების შეუდარებელი აქსესუარი გახდა, ვიფიქრეთ, კიდევ უფრო გაგვემდიდრებინა ჩვენი პორტფელი და ეტაპობრივად დავამატეთ წვეულებებზე/ღონისძიებებზე მორგებული კიდევ რამდენიმე პროდუქტი," - განმარტავს Smart Photos-ს დამფუძნებელი ალექსანდრე დოლიძე.

კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები ასე გამოიყურება:

• Onsite Printing (2013-დან) - ეს არის სერვისი, რომელიც გულისხმობს წვეულებაზე ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოების ადგილზე ბეჭდვას ფოტოქაღალდზე ან მაცივრის მაგნიტზე. ფოტოს ჩარჩო დამკევთის სურვილის შესაბამისად იბრენდება ისევე, როგორც ფოტოჯიხურის მიერ დაბეჭდილი ფოტოების შემთხვევაში.

• Polaprint (2014-დან) - ეს არის პოლაროიდის ციფრული აპარატით ფოტოების გადაღების/ბეჭდვის სერვისი. ამ ფოტოაპარატის შეძენა ყველას შეუძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში პოლაროიდით დაბეჭდილი ფოტოებიც იბრენდება. ეს პოლაროიდთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგია.

• Photocopter (2014-დან) - დრონით ფოტოს/ვიდეოს გადაღების სერვისი. Smart Photos იყო პირველი კომპანია, რომელმაც ეს მომსახურება სერვისად აქცია.

• Hashtag Printer (2015-დან) - ინსტაგრამი/ტვიტერიდან ფოტოების ბეჭდვის აპარატი.

"აღნიშნული სერვისების გარდა 2016 წელს შევქმენით შვილობილი ბრენდი GIFme. ცალკე გავიტანეთ იქიდან გამომდინარე, რომ გეგმაში გვაქვს ამ პროდუქტში რამდენიმე სერვისის ერთად მოქცევა. ის მუშაობს GIF-ის, ფოტოს და ვიდეოს რეჟიმში. სომხეთში GIFme ჯერ მხოლოდ GIF-ების და ფოტოების გადაღების რეჟიმშია ხელმისაწვდომი," - განმარტავს დოლიძე.

ალექსანდრე დოლიძის საქმიანობა ახლა საკმაოდ წარმატებული ბიზნესია, თუმცა მას საფუძველი ჯერ კიდევ ბავშვობის ოცნებებსა და გატაცებებში ჩაეყარა. საწყისი კაპიტალი დაახლოებით 5 000 ლარი იყო, რომელიც დამფუძნებლებმა საკუთარი სახსრებით შეაგროვეს.

"ბავშვობიდან მომწონდა ფოტოჯიხურის, როგორც დადებითი ემოციების გენერატორის იდეა - შედიხარ კაბინაში და ფარდის მიღმა, პრივატულ გარემოში, სრულიად თავისუფალი ხარ საკუთარი ემოციების გამოხატვაში მარტო თუ მეგობრებთან ერთად. ფოტოს გადაღებიდან დაახლოებით 10-15 წამში კი იღებ დაბეჭდილ სურათს, რომელიც ამ განწყობას და ემოციას დაუვიწყარს ხდის," - იხსენებს დოლიძე.

ბავშვობის გატაცებიდან წამოვიდა ბრენდის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სმარტ გადაწყვეტილებებს ფოტოგრაფიაში.

"ჩვენ მუდმივად ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს ვნერგავთ ქართულ ბაზარზე. მაგრამ რაც მთავარია,ამ პროდუქტების და სერვისების უცხოური ბაზრებიდან მზა პროდუქტების სახით იმპორტირებას კი არ ვახდენთ, არამედ უცხოურ გამოცდილებებზე დაყრდნობით, მათ ადგილზევე ვაწარმოებთ. პროგრამული უზრუნველყოფიდან დაწყებული, კონსტრუქციის აწყობით დამთავრებული ყველაფერი საქართველოში ხდება," - თქვა ალექსანდრე დოლიძემ.

კომპანიის მიერ შეთავაზებულ სერვისზე მოთხოვნა მეტად მზარდია. შესაბამისად გაიზრადა მიწოდებაც და ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც გაჩნდნენ.

"დღეს უკვე 10-მდე კომპანია თუ ფიზიკური პირი ოპერირებს ამ ბაზარზე, რასაც მივესალმებით. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ვიყოთ პირველები ამ ბაზარზე არა მხოლოდ რიგითობით, არამედ ხარისხიანი მომსახურების და პროდუქტის მიწოდების ტრენდის შენარჩუნებით. თუკი აქამდე კონკურენციის არარსებობის გამო შედარებით ნელი ტემპით ვვითარდებოდით და რამდენიმე მიმდინარე პროექტი თაროზე გვქონდა შემოდებული, დღეს უკვე გვიწევს მათი თაროდან ჩამოღება და პროექტების დეველოპმენტის აქსელერაცია," - აღნიშნა დოლიძემ.

როგორც ახალგაზრდა ბიზნესმენი აღნიშნავს, მას წარმატება მიზნის დასახვამ, თავდაუზოგავმა შრომამ და პროდუქტის და სერვისის დახვეწაზე მუდმივად ზრუნვამ მოუტანა. ახლა ის უკვე "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივ ბიზნესდაჯილდოვებაში მონაწილეობს. დაჯილდოვების მთავარი გზავნილებია #წარმატებაგადამდებია და #გააზიარეწარმატება.

"ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება ერთი მიზეზის გამო გადავწყვიტეთ. ვიფიქრეთ, რომ ეს შესანიშნავი პლატფორმა იქნებოდა ქვეყანაში მოღვაწე მცირე ბიზნესების გასაცნობად," - თქვა მან.

Smart Photos ფოტოჯიხურები წარმოდგენილია 5 ლოკაციაზე. თუმცა მათ სეზონურად მუშაობა საქართველოს ყველა რეგიონში მოუწია. ამჟამად გუნდი სამ პროექტზე მუშაობს, რომელთა პრეზენტაციაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

(R)

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი