"უნაკლო და სრულყოფილია" - როგორ მოხიბლა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გერმანელი წყვილი ქართული დამწერლობით

"უნაკლო და სრულყოფილია" - როგორ მოხიბლა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გერმანელი წყვილი ქართული დამწერლობით

"მალდივებზე გერმანული წყვილი და მე მყვინთავის კურსს გავდიოდით.

გამოცდის ჩაბარებამდე ვიდეოგაკვეთილებს გვიტარებდნენ და ღია წყალში ჩასაყვინთად გავყავდით.

ვიდეოგაკვეთილები ლელქაშებით დახურულ ოკეანისპირა ქოხში გვიტარდებოდა. იყო როგორც კომპიუტერული გამოსახულებები, ისე, ნამდვილი კადრები.

ერთ-ერთ მორიგ გაკვეთილზე ავსტრალიელმა ინსტრუქტორმა გლორიამ მე, ტობიასი და მისი შეყვარებული ლეა დაგვტოვა. აღჭურვილობას მოვამზადებო.

ტელეინსტრუქტორის რჩევებს ფურცელზე გაკრული ქართულით ვიწერდი.

ტობიასმა შემომხედა და მითხრა, ასეთი იეროგლიფები არასოდეს მინახავსო. შევიცხადე, იეროგლიფები კი არა, ქართული დამწერლობაა და უბრალოდ, ჩქარა ვწერ-მეთქი.

ნელი წერით სხვა ასოები გამოდისო? იკითხა გულუბრყვილოდ.

არ დავიზარე და 33ვე ასო ჩამოვწერე. თან, გვერდით გერმანული განმარტება დავურთე. გაუკვირდა, ყველა ასოს ერთი გრაფიკული სიმბოლოთი გამოხატავთო (გერმანულში ზოგიერთი ასო რამდენიმე სიმბოლოთი გამოისახება. "ჩ-ს" დაწერას 4, "შ-ს" 3 ასო სჭირდება)?

თავი დავუქნიე.

ეს დიდი ასოებია თუ პატარაო. ისევ იკითხა გერმანელმა ყმაწვილმა. ვუთხარი, რომ მხოლოდ 1 ზომის ასოები გვქონდა და თანაც, სიტყვა ისე იწერება, როგორც წარმოითქმის-მეთქი. შედარებისთვის რამდენიმე უცხოური მაგალითიც მოვუყვანე.

წყვილი გაკვირვებული მიყურებდა. ვიდეოგაკვეთილი არც ერთს გვახსოვდა. ტობიასმა ჩამოწერილ ასოებს შეხედა და თქვა, ანბანს, რომელსაც დამოუკიდებელი გრაფიკული სიმბოლოები აქვს და, თანაც, დიდი და პატარა ასოები არ სჭირდება, უნაკლო და სრულყოფილია".

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი