რუსეთში უწმინდესის ვიზიტის ყველა დეტალი - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პატრიარქებმა

რუსეთში უწმინდესის ვიზიტის ყველა დეტალი - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პატრიარქებმა

19 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში, დანიელის მონასტერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო.

პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მოსკოვში მისი 70 წლის იუბილეს გამო ვიზიტისთვის.

"ჩემთვის თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ყოფნა განსაკუთრებით ძვირფასია. თქვენ ბრძანდებით ყველაზე ასაკოვანი ყველა სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შორის და თქვენი ცხოვრებაც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასთან. ჩემი ბიოგრაფია გადახლართულია თქვენ ბიოგრაფიასთან: ჩვენ ბევრი მოვლენის მონაწილეები ვიყავით - როგორც სასიხარულო, ისე სამწუხარო, რომლებიც მოხდა მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც მაშინ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ. ასევე მოგვიანებით ჩვენ შორის ურთიერთობა ყოველთვის იყო კეთილი, სანდო და ღია. ვფიქრობ, ამან დიდი გავლენა მოახდინა იმაზეც, რომ ჩვენ ეკლესიებს შორის კარგი ურთიერთობებია.

ეკლესიებს შორის ურთიერთობა - ეს არის ურთიერთობა ადამიანებს შორის გულების დონეზე. თუკი პოლიტიკოსები და დიპლომატები როგორც წესი, ცნობიერების დონეზე მუშაობენ, ბიზნესმენები კი "საფულისა და კუჭის" დონეზე, ეკლესიები - ადამიანთა გულების დონეზე ურთიერთობენ. ადამიანთა გულების ამ კავშირების გარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობა ქვეყნებსა და ხალხს შორის. სწორედ ამიტომ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენ ვიზიტსა და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენ ხალხს შორის კარგი ურთიერთობების შენარჩუნების საკითხში,"- განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

რუსეთის ეკლესიის წინამძღოლმა რუსული და ქართული ადგილობრივი ეკლესიების ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა.

"პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვცხოვრობთ რა ახლოს, ხშირად ვურთიერთობთ ერთმანეთთან - თქვენი მღვდელმთავრები სტუმრობენ რუსეთს, ჩვენი მეუფეები ჩადიან საქართველოში - ძალიან ხშირად ვაწერ ხელს თხოვნას, საქართველოს სიწმინდეების მომლოცველები ვაკურთხო და არა მხოლოდ ჩვენი მღვდელმთავრები, არამედ მოსკოვის ბევრი კლირიკოსი და მონაზვნები მიემგზავრებიან თქვენ ქვეყანაში, რათა წმინდა ადგილები მოინახულონ," - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

თავის საუბარში მან მოსკოვში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, სულიერების ცენტრად იქცა ქართული დიასპორისთვის მოსკოვში.

"ოთხშაბათს ტაძარში შესრულდება დიდი დღესასწაული - წმინდა გიორგის დღეს, გიორგობა, როგორც ეს ქართულად ჟღერს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორას საშუალება ექნება თავის სულიერ მამას შეხვდეს და ერთად ილოცონ," - განაცხადა პატრიარქმა კირილმა და აღნიშნა, რომ თბილისშიც არის ტაძრები, სადაც სულიერად იკვებება რუსული დიასპორა, ტარდება ღვთისმსახურებები, მათ შორის საეკლესიო სლავურ ენაზე.

ილია მეორე პატრიარქ კირილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მიესალმა.

"ჩვენ ჩამოვედით თქვენი უწმინდესობის 70 წლის იუბილეს აღსანიშნად და გვსურს გამოვხატოთ ჩვენი კეთილი სურვილები, ასევე გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ ეკლესიასა და სამშობლოს. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნიათ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიები იძლევიან მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებისთვის ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვა, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებლი რუსეთიდან, როგორც ახლა და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ," - ბრძანა ილია მეორემ.

საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წმინდა სამების ხატი უსახსოვრა. ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ემოციური კადრები მოსკოვიდან - როგორ დახვდნენ ილია მეორეს რუსეთში მცხოვრები ქართველები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი