ოფიცერი ქალის დღიური ავღანეთიდან: "ჩემს ძმას მივმართე, - ხედავ? არ შეგარცხვინე!.. კიდევ ბევრჯერ გაგახარებ-მეთქი..."

ოფიცერი ქალის დღიური ავღანეთიდან: "ჩემს ძმას მივმართე, - ხედავ? არ შეგარცხვინე!.. კიდევ ბევრჯერ გაგახარებ-მეთქი..."

(იბეჭდება მცირედი ცვლილებებით)

სოფო სოფრომაძე, სამხედრო ექიმი, ოფიცერი:

"ავღანეთში წასასვლელად ვემზადებით. გერმანიაში მივდივართ სწავლებებზე. რეინჯერთა ბატალიონი თბილისის აეროპორტში ვართ... ხუმრობის თავი ყოველთვის გვაქვს... ფსიქოლოგიურად ყველანი მზად ვართ, ვიცით, ურთულესი სწავლებები გველოდება, - რაც საქართველოში 5 თვის განმავლობაში გავიარეთ, იქ ერთ თვეში უნდა გავიაროთ, ანუ იმ 5 თვის გააზრება უნდა მოხდეს. ეს ავღანეთში არსებული რეალობის იმიტაცია იქნება. თავად ამერიკელები შეგვაფასებენ. ნიურბერგში მივდივართ - ჰოჰენფელსის სამხედრო ბაზაზე. შეიძლება, ვიღაცამ რაღაც ვერ გააკეთოს და ავღანეთში ვერ წავიდეს... გზაში ყოჩაღად ვართ. ვიცით, რომ ამ სწავლების წარმატებით გავლაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული... არ მინდა რამე შემეშალოს. ჩემს თავს ვერ ვაპატიებ... ასე მგონია, ამით ჩემს ძმას ვაწყენინებ, რომლის გამოც ჩავიცვი ფორმა. წამოსვლამდე, მასა და მის თანემობრძოლებთან ერთად, მუხათგვერდში ავედი და შევპირდი, რომ ყველაფერს გმირულად ავიტანდი... სასაფლაოზე სიჩუმე იყო. ამ დროს ბოლომდე ვიცლები ტირილით და მასთან საუბრით... შემდეგ კი, ვმშვიდდები. როცა მასთან ახლოს ვარ, მშვიდად ვარ, - მისი საფლავის ქვაზე მიყრდნობილი ვგრძნობ როგორ მესაუბრება...

ჩემი ძმა, შმაგი სოფრომაძე I-ლი ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონში მსახურობდა. 25 წლის იყო. ჯარში სამსახურის ექვსი წელი უსრულდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. 8 აგვისტოს გაუჩინარდა. გავიგეთ, რომ ტყვედ ჩავარდა. ვიცით, რომ არ იცეკვა ქართულ დროშაზე. ხელებზე შეატყვეს, რომ ტანკისტი იყო და დახვრიტეს... ისიც ვიცით, რომ ტყვეობაში 7 ბიჭი იყო. მათგან ექვსი დაბრუნდა, ჩემი ძმა - ვერა... ვამაყობ, რომ ასეთი ძმა მყავდა. ვიცი, რომ ჩემი ძმა სამშვიდობოს იყო გამოსული, ტანკი გაუფუჭდა და დაჭრილები გამოჰყავდა. თავისი დაჭრილი მეთაურიც მან გამოიყვანა და ის იხსენებდა: იარაღი მოუხსნია, რამდენიმე წამი მდგარა დაჩოქილი, მერე ისევ აუსხამს იარაღი, უთქვამს, უკან უნდა დავბრუნდე, კიდევ იქნებიან იქ დაჭრილი ბიჭებიო და გაქცეულა... მის გამო, მზად ვარ სიგიჟეები ვაკეთო. სიგიჟეა, აბა რა, ოჯახისგან მოშორებით, ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი, ავღანეთში ვაპირებ წასვლას. ჩემი შვილი არასდროს დამიტოვებია, მისი ნაღვლიანი თვალები გულზე ლოდივით მაწევს...

...ისევ რეალობას ვუბრუნდები. მისიაში, სხვანაირი განწყობა აქვს სამხედროს. ერთი ჯგუფი ვართ. ეს რაღაც სხვანაირი შეგრძნებაა. საკვები შემოგვიტანეს. ზოგმა ვერ გაიგო, რა იყო და როგორ უნდა მიერთვა და ამაზე ძალიან ვიხალისეთ... გზაში ყველანი ოჯახებზე, შვილებზე, მეუღლეებზე, შეყვარებულებზე, ზოგადად, სასიამოვნო თემებზე ვსაუბრობთ. ცოტა ხანს ჩამთვლიმა. ჩემი შვილი მესიზმრა... თითქოს მის გვერდით გამეღვიძა. ეტყობა, ჩამყვა, რომ დიდხანს ვერ ვნახავდი.

ყოველთვის მინდა, ყველაფერი თავად გავუკეთო. მესიზმრა, - მე ჩავულაგე ჩანთა, ჩავაცვი, დავვარცხნე... ოღონდ სამხედრო ფორმა ჩავაცვი. მეც ძალიან მიყვარს და მასაც სულ ასეთ ტანსაცმელს ვყიდულობ. ჰოდა, ასე ჯარისკაცივით ჩაცმული წავიდა სკოლაში. შემდეგ, მშობლებსაც მოვეფერე. დედაჩემი სულ ტიროდა და სიზმარშიც ასე ვნახე... რაც ჩემი ძმა აღარ გვყავს, დედა ხშირად ტირის. შვილს მარტო ვზრდი და ბევრი პრობლემაც მაქვს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მთავარი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. არაფერზე ვწუწუნებ...

სადღაც 4 საათში, უკვე გერმანიაში ვიყავით. ადრენალინმა იმატა. აეროპორტიდან ბაზაზე ავტობუსით გადაგვიყვანეს. ყველაფერს გაფაციცებული ვაკვირდები... ბაზა დაგვათვალიერებინეს და ყველაფერი აგვიხსნეს, - ჩვენი ოთახი, სასადილო, საშხაპე გვანახეს. ყველაფერი ძალზე კეთილმოწყობილია. გვითხრეს, რომ აქ ორი დღე უნდა დავრჩეთ. ლექციები უნდა ჩაგვიტარონ, - რა სიტუაციაში, როგორ უნდა მოვიქცეთ...

ამის შემდეგ, ძირითად ბაზაზე გადაგვანაწილეს. მე სამხედრო ექიმი ვარ, მაგრამ წინასწარ არ ვიცი, რისი გაკეთება მომიწევს. ყველა წუთს და წამს ისინი გეგმავენ. ჩვენ კი, მოულოდნელად მოცემული დავალების უშეცდომოდ შესრულება გვევალება. შეიძლება, დამქანცველი სწავლებების შემდეგ, დასაძინებლად დავწვეთ და სწორედ ამ დროს განახორციელონ თავდასხმა - ჩვენ კი, ზუსტად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც რეალობაში. ღამით ბევრად რთულია ამის გაკეთება. მხოლოდ შენს თავზე კი არა, სხვის უსაფრთხოებაზეც აგებ პასუხს. შეცდომის დაშვება არ შეიძლება...

უცებ კონვოირში გამომიძახეს, - რაც ბაზიდან სხვა ბაზაზე გადაადგილებას ნიშნავს. სრული აღჭურვილობა უნდა გქონდეს თან. აუცილებელია ზურგჩანთა, რომელშიც სრული ჩამონათვალი უნდა გედოს, მათ შორის სამედიცინო ჩანდა, სადაც ყველაფერი ისე უნდა ეწყოს, წამებში რომ იპოვო. მაგალითად, მედიკამენტები. ლახტი, მკლავში მაქვს დამაგრებული. დაჭრილისთვის, პირველი დახმარება სისხლდენის შეჩერებაა და ამ დროს ყველა წამი ძვირფასია... ერთი სიტყვით, წავედით კონვოირში. აღმოჩნდა, რომ ბიჭებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა უნდა გვესწავლებინა, რა დროს როგორ უნდა დახმარებოდნენ დაჭრილს...

წვიმდა, გარშემო წყლის გუბეები იდგა და ტალახი თვალებში გვასხამდა, მაგრამ წვრთნებმა ამინდი არ იცის. სცენარი ასეთი იყო, - სამხედროებს "მაილსები" გვეცვა, რომელიც ლაზერული ტყვიის მოხვედრისას, ხმას გამოსცემდა. როდესაც ამერიკელი ქართველ სამხედროს "დაჭრიდა", ბარათს აძლევდა, რომელსაც ეწერა, თუ რა სახის ჭრილობა ჰქონდა სამხედროს, ჩვენ კი ამის მიხედვით ვსაზღვრავდით, როგორ უნდა დავხმარებოდით მას. შეცდომა, აქაც გამორიცხულია... ინსტრუქტორები მიხვდნენ, რომ არ ვიბნეოდი და სულ მე "მკლავდნენ". ერთი-ორჯერ წავუყრუე, ვითომ ვერ გავიგე რას მეუბნებოდა. სასოწარკვეთილმა ინსტრუქტორმა რამდენჯერმე დამიყვირა, მერე კი, ხელი ჩაიქნია და ტალახში გაგორდა, - ანუ შენც ასე უნდა მოიქცეო... სიცილისგან თავი ვეღარ შევიკავე...

გარემო ავღანურთან მაქსიმალურთან ახლოს არის. გარშემო ნაღმებია და ჩვენ მისი გაუვნებელყოფა უნდა შევძლოთ... ერთ-ერთი წვრთნისას, "მომკლეს", მაგრამ ადგომის უფლება არ მქონდა, რადგან ინსტრუქტორები იმასაც აქცევენ ყურადღება, სხვები რას გააკეთებენ. მეომრები ჯერ "დაჭრილებს" აგროვებენ, შემდეგ კი, - "დაღუპულებს". ჩემამდე მოსვლა დაუგვიანდათ და უცებ ძალიან შევშინდი, - რეალურ ვითარებაში რომ გამოვრჩეთ და აქ დამტოვონ, რა მეშველება-მეთქი, გავიფიქრე... ამასობაში მოვიდნენ და ამოვისუნთქე...

ინსტრუქტორებისგან ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ და უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ასე მეგონა, თავიდან დავიბადე. თვალები მაგრად დავხუჭე და ჩემს ცნობიერში ჩემს ძმას მივმართე, - ხედავ? არ შეგარცხვინე!.. კიდევ ბევრჯერ უნდა გაგახარო-მეთქი...

...ვიგრძენი როგორ მლაშედ გადავყლაპე ყელში გაჩხერილი ბურთი და უცებ გონებაში ამომიტივტივდა როგორ წავედი ჯარში, - ქუთაისში, III ქვეით ბრიგადაში ჩემი ძმის მეგობრები მსახურობდნენ. იქ ბრიგადის მეთაურთან მივედი და ვუთხარი: დაღუპული ჯარისკაცის და ვარ და თქვენთან გასაუბრება მინდა-მეთქი. დამთანხმდა და დამელაპარაკა. მითხრა, რომ ველზე გასვლა მომიწევდა; მითხრა, შეიძლება, რამდენიმე დღე ვერ დამებანა, სახლში ვერ წავსულიყავი; მომიწევდა სიცივის ატანა... ყველაფერზე ვპასუხობდი - "შემიძლია, კი, გავუძლებ-მეთქი..."

ახლა, აქ შუაგულ გერმანიაში, ტალახში ჩურჩხელასავით ამოვლებული, გაწუწული სამხედრო ქალი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი და ვფიქრობდი - ეს იყო "ვიზა" ავღანეთის სამშვიდობო მისიისკენ..."

ლალი პაპასკირი

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

(გაგრძელება იქნება)