”თიბისი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის - უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში, საქართველოში უძრავი ქონების ინდექსის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა. როგორც ”თიბისი ბანკი” იუწყება, შედეგები 3-თვიან პერიოდს მოიცავს (2016 წლის ივლისი-სექტემბერი).
შედეგების მიხედვით, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 859-დან 868 აშშ დოლარამდე.
ამავე პერიოდის მონაცემებით, გაყიდვების მიხედვით თბილისის სამი უმსხვილესი რაიონია: ვაკე (თვეში საშუალოდ 529 ერთეული, 20.1%); საბურთალო (თვეში საშუალოდ 406 ერთეული, 15.4%); სამგორი (თვეში საშუალოდ 292 ერთეული, 11.1%).
სექტემბრის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირია მთაწმინდის რაიონში (991 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (555 აშშ დოლარი).
საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 2.4%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.
სექტემბერში ქირის ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა მთაწმინდის რაიონში (8.06 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე დაბალი - გლდანის რაიონში (4.31 აშშ დოლარი). 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების ქირის საშუალო ფასი მერყეობდა 6.88-დან 7.13 აშშ დოლარამდე.
საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 15.6%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.
რაც შეეხება კომერციული უძრავი ქონების ბაზარს, 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1 016-დან 1 075 აშშ დოლარამდე.