საქართველომ ბიუჯეტის მხარდამჭერი უცხოური კრედიტების და გრანტების მიღება ვერ შეძლო. ჯერჯერობით მხოლოდ საგრანტო თანხაა ათვისებული, ისიც 6,2%-ით, რაც თანხობრივად, 7,7 მლნ ლარია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 2016 წელს მისაღები გრანტის დაგეგმილი რაოდენობა კი 125 მლნ ლარია. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის სახით ქვეყანას 395 მლნ ლარი უნდა მიეღო, მაგრამ წლის ბოლო ახლოვდება და 1 თეთრიც არ არის შემოსული. რაც შეეხება საგარეო ფინანსურ ვალდებულებებს, 1,075 მლრდ ლარის ნაცვლად, 587 მლნ ლარია მიღებული. გამოდის, რომ გეგმის მხოლოდ ნახევარია შესრულებული.
წლის ბოლომდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და შეიძლება დაგეგმილი გრანტებისა და კრედიტების მიღება ვერც მოხერხდეს, ანუ ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი ვერ შემოვა. ამ თანხის მიღებით საქართველოში დოლარის დეფიციტი აშკარად აღმოიფხვრებოდა, მაგრამ ჯერჯერობით საქმე უკიდურესად რთულადაა. ბიუჯეტის შესავსებად მთავრობა ყოველ კვირა უამრავ ფულს სესხულობს კომერციული ბანკებისგან.
ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების მიუღებლობის გამო, იანვარ-სექტემბერში საქართველოს დაახლოებით 160 მლნ დოლარის სავალუტო შემოსავალი დააკლდა, რომლის მიღებაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ლარის კურსის სტაბილურობისთვის.
კარგი იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს შეფასება მოგვესმინა თუ რატომ ვერ ხერხდება საგარეო წყაროებიდან თანხის მიღება, თუმცა ეს უწყება ტრადიციულად დუმს. საზოგადოებისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის გაცემისგან სამინისტრო ყოველთვის თავს იკავებს.
სპეციალისტებს ბიუჯეტის მხარდამჭერი უცხოური გრანტების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. მათი უმეტესობა ამ თანხის მიუღებლობას მთავრობის არასწორი ფინანსური პოლიტიკით ხსნის.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ აღებული ვალდებულების შესრულება ლარის სტაბილურობისთვის კარგი იქნებოდა, თუმცა მისი მიუღებლობაც კურსზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს.
"ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, გაგვცეს პასუხი, რატომ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება საგრანტო და საკრედიტო თანხებთან დაკავშირებით. საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტს და პასუხი უნდა მივიღოთ.