"როდესაც ამ წიგნს გადაშლის მკითხველი, ნახავს როგორია პატრიარქის ყოველდღიურობა..."

"როდესაც ამ წიგნს გადაშლის მკითხველი, ნახავს როგორია პატრიარქის ყოველდღიურობა..."

"ილია II" - ამ სახელწოდების ოთხტომეული, რომელიც საქართველოს პატრიარქზე დღემდე უცნობ დეტალებს გაგაცნობთ, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი უნიკალური გამოცემაა, რომელიც 19 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

წიგნის დეტალებზე სასაუბროდ "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური და წიგნის კონსულტანტი და საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე "იმედის დილის" ეთერში მიიწვიეს.

"ეს არის ერთგვარად უნიკალური გამოცემა - "ილია II" - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და იგი ასახავს უწმინდესის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწის ცხოვრების გზას. ამ წიგნში არავინ არაფერს გვიყვება, მასში არის თავმოყრილი ფოტოები, წერილები, დოკუმენტები, ჩანაწერები, რომლებიც თავად ყვებიან ყველაფერს პატრიარქის შესახებ, მისი რთული, ხანგრძლივი, წინააღმდეგობებით, სიხარულით, საზრუნავით დატვირთული ცხოვრების შესახებ.

იდეის ავტორი საპატრიარქოს არქივის ხელმძრვანელი მზია კაცაძეა, რომელიც თავადვე იყო ჩართული წიგნის შექმნაშიც და სწორედ მისი რუდუნებით აქცია ეს უზარმაზარი მასალა წიგნად "პალიტრა L"-მა. ის რომ საპატრიარქოს არქივი გაიხსნა და იქცა წიგნად, თავად მეტყველებს იმაზე, რა გახსნილი და გულწრფელია უწმინდესი ხალხის წინაშე.

პირველი დოკუმენტები, რომლებიც ამ წიგნში მოხვდა, 1932 წლით თარიღდება და 2013 წლის ჩათვლით ყველაფერს მოიცავს, რაც პატრიარქს გაუვლია აქამდე. ოჯახის წევრებთან მიმოწერა, ოჯახის ფოტოები, სწავლისა და ამ დიდი გზისთვის სამზადისი, ოჯახის თანადგომა, გარემო, რომელშიც ის ამ ღვაწლისთვის ემზადებოდა, საპატრიარქოს ყოველდღიურობა და ა.შ.

ჩვენ ნაკლებად ვიცით რა ხდება საპატრიარქოში, როგორია პატრიარქის ყოველღიური საზრუნავი, როდესაც ამ წიგნს გადაშლის მკითხველი, ნახავს, როგორია პატრიარქის ყოველდღიურობა..." - აღნიშნა საუბრისას მაია ალუდაურმა.

"არქივები, როგორც წესი, ასი წლის, 50 წლის შემდეგ იხსნება, მაგრამ პატრიარქის დამოკიდებულება ამ საარქივო მასალებისადმი, არის გამორჩეული. მისი ოპონენტების მიერ რაც კი დაწერილა, ისიც კი არქივშია დაცული, არც ერთი არ გამქრალა არქივიდან. რასაკვირველია უწმინდესის შესახებ არაერთი წიგნი დაწერილა, თუმცა მათში ავტორისეული ინტერპრეტაციებია. ამ წიგნში კი, მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელთა მხოლოდ ფრაგმენტები გვქონდა ნანახი. ხშირად ოპონენტები საყვედურობდნენ პატრიარქის იმისთვის, რომ გარკვეულწილად ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებისადმი. აი, ამ დოკუმენტებში ნახავს საზოგადოება, როგორი შეუპოვარია პატრიარქი, როცა საქმე ეხება ეკლესიის ინტერესების დაცვას.

მაგალითად, ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ეხება "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეს, რომელიც წიგნის მეორე ტომში იქნება წარმოდგენილი. საზოგადოებაში დღესაც მუსირებს აზრი, რომ პატრიარქმა არ დაიცვა მღვდელი თევდორე ჩიხლაძე. არადა არსებობს დოკუმენტები, ჩანაწერები, სადაც პატრიარქი მიმართაავს მაშინდელ პირველ პირებს, რომ გადაისინჯოს საქმე. პირველ რიგში, საერთოდაც "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტის საწინააღმდეგო მოძრაობაშია ჩართული და მეორე რიგში, ამ სასულიერო პირისა, რომელიც ადგილზე არ იყო და მისი დასჯა უსამართლობა იქნებოდა..." - იხსენებს ერთ-ერთ ეპიზოდს წიგნის კონსულტანტი სერგო ვარდოსანიძე.

ოთხტომეული, რომელიც საქართველოს პატრიარქზე დღემდე უცნობ დეტალებს გაგაცნობთ, 19 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი