მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, შესაძლოა, 30 ათასი ადამიანით შემცირდეს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაცია მნიშვნელოვნად შეცვლის დასაქმების სტრუქტურას. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, არც ისაა გამორიცხული, კადრების გაშვება (როგორც დანიშვნა) ნეპოტიზმის პრინციპით მოხდეს და სამსახურის მიღმა დარჩნენ ადამიანები, რომელთაც საჯარო სექტორში მფარველი არ ჰყავთ.
საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2016 წელს 274,9 ათასს შეადგენს, რაც მთლიანად დასაქმებულთა 15,4%-ია. 2014 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვი საჯარო სეგმენტში გაზრდილია. 2 წლის წინ ამ სექტორში 251.2 ათასი დასაქმებული იყო.
თუკი მთავრობის დაგეგმილი ოპტიმიზაცია რეალურად 10%-ის ფარგლებში განხორციელდება, საჯარო სამსახურებიდან დაახლოებით 30 ათას ადამიანს გაათავისუფლებენ. ასე ვარაუდობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელიც მთავრობას კერძო სექტორის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"ოპტიმიზაცია, რამდენადაც ცნობილია, შეეხება მხოლოდ საჯარო მოხელეებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. კერძო სექტორი აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში. ჩვენ თუ გვინდა, რომ კერძო სექტორმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს თავისი აქტიურობით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა უნდა იგრძნოს. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფოს კმაყოფაზე დამოკიდებულთა კონტინგენტი შემცირდეს, თუკი პარალელურ რეჟიმში მოხდება კერძო სექტორში დასაქმების ზრდა. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ესტონური მოდელის შემოღება, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.