მთაში მოსახლეობის 13% შიმშილობს - რა ფატქორები უშლის ხელს მთიანეთის განვითარებას

მთაში მოსახლეობის 13% შიმშილობს - რა ფატქორები უშლის ხელს მთიანეთის განვითარებას

საქართველოს მთიანეთში, გამოკითხული მოსახლეობის 9-13% შიმშილობს. ასეთი შედეგები აჩვენა "ოქსფამ"-ის პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ.

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამი" 2013 წლის სექტემბრიდან საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერთა მხარდაჭერა". პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს დიდი და მცირე კავკასიონის მთიანეთში სასურსათო და კვების უსაფრთხოების გამოწვევები გაანალიზდა.

გამოვლინდა, რომ მთაში უფრო მძიმე სურათია, ვიდრე მთლიანად საქართველოში. თუ საქართველოს მასშტაბით, საშუალოდ გამოკითხული მოსახლეობის 7,4% შიმშილობს, მთიანეთში, მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, ეს მონაცემები 9-13% შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხული რეგიონები (ყაზბეგი, დუშეთი, ონი, მესტია, ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, დმანისი) სასოფლო-სამეურნეო პროფილისაა, სურსათით თვითუზრუნველყოფა მხოლოდ იქ არსებული რამდენიმე მიმართულებით (მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეკარტოფილეობა) შეუძლიათ. მთის მუნიციპალიტეტებში სასურსათო პროდუქტები (ბოსტნეული, ფრინველი, კვერცხი, თევზის პროდუქტები, პურპროდუქტები, მარცვალი, ყურძენი, ციტრუსები და სხვ.) რეგიონის გარედანაა შეტანილი (როგორც საქართველოს სხვა რეგიონში ნაწარმოები, ისე ქვეყანაში იმპორტირებული სურსათი).

მთაში სასოფლო-სასამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარების დონე ბართან შედარებით, მძიმე ბუნებრივი პირობების გამო შეზღუდულია. ამასთან, ეკონომიკური და არაეკონომიკური შემაფერხებელი ფაქტორებიც მოქმედებს, მათ შორის, მნიშვნელოვანია მიწაზე და ბუნებრივ რესურსებზე საკუთრების, მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის არარსებობა, რაც ამ მიმართულებით ბაზრის ჩამოყალიბებას აფერხებს, ასევე კრედიტებზე ხელმისაწვდომობას.

ერთი მთავარი ხელისშემშლელი მიზეზი მცირე და საოჯახო მეურნეობების განვითარებისთვის მიწის ნაკვეთების დაურეგისტრირებლობა. ასეთ დროს მიწა ვერ ასრულებს ქონების გირავნობის ფუნქციას. არ ხდება ნაკვეთებისა და ფერმერთა საქმიანობის კონსოლიდაცია, კოოპერატიული მმართველობის ფორმების გამოყენება შეზღუდულია.

შემაფერხებელი ფაქტორია ასევე დემოგრაფიული მდგომარეობა, მიმდინარეობს ტერიტორიების გაუკაცრიელების პროცესიც.

საოჯახო მეურნეობათა უდიდესი უმრავლესობა ნატურალური მეურნეობის სახით არსებობს და როგორც წესი, ნატურალური სახითაც ვერ უზრუნველყოფს სურსათზე (რამდენიმე სახეობის გარდა) ხელმისაწვდომობას. საოჯახო მეურნეობას სჭირდება ფული, რომლის წყარო მათ მიერ სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ბაზარზე წვდომის შეზღუდულობის გამო მწირია. მოკლედ, სურსათის ეკონომიკური ხელმისაწვდომობა უფულობისა და სიღარიბის გამო შეზღუდულია.

საოჯახო მეურნეობის განვითარებისთვის გამოუყენებელია გენდერული თანასწორობის პოტენციალიც. კანონმდებლობით, ქალისა და მამაკაცის უფლებები საოჯახო მეურნეობის წარმართვაში, აგრეთვე მემკვიდრეობითი სამართლის მიხედვით, თანაბარია. თუმცა, პრაქტიკაში საკუთრებასთან და მეურნეობის წარმოებასთან გენდერული მდგომარეობის კვლევისას, საკუთრების მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით, მამაკაცების ხაზით გადაცემის პრიორიტეტი, რესპონდენტთა 66,4%-მა დაადასტურა. 32,9%-მა კი აღნიშნა, რომ მემკვიდრეობის გადაცემა ხდება როგორ ქალის, ისე მამაკაცის ხაზით ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე. "ოჯახის უფროსად" თანაფარდობა ქალსა და კაცს შორის აშკარად მამაკაცების სასარგებლოა (85,8%). ქალები ოჯახების 14,2% შემთხვევაში არიან "ოჯახის უფროსებად" წარმოდგენილი.

ასე რომ, მთაში ძალაშია ის ზოგადი კანონზომიერება, რომ სიღარიბე უფრო მაღალია, ვიდრე მთელ ქვეყანაში და შესაბამისად, ნაკლებია სურსათზე ეკონომიური წვდომა.

საოჯახო მეურნეობებში სურსათის ხარჯები მთლიანად საქართველოში 44%-ს შეადგენს, მთიანეთში კი საოჯახო მეურნეობათა 63% კვების პროდუქტებზე საერთო ხარჯების 50%-ზე მეტს ხარჯავს. საოჯახო მეურნეობების 8%-ს არ ჰყოფნის შემოსავლები სურსათზე ხარჯებისთვის. შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთი გავრცელებული ალტერნატივაა "საშოვარზე" წასლა ქვეყნის შიგნით დიდ ქალაქებში, უცხოეთში, მუდმივად ან სეზონურად. მიგრაციის ადგილებია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი. მიგრაცია ქვეყნის გარეთ დასავლეთ საქართველოს მთიანეთიდან თურქეთში სამუშაოდ წასვლაა.

მთიანი რეგიონების ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს არასასოფლო სქეტორიდან. აქტივობაა ჰიდროელექტროსაგურების მშენებლობისა და ტურიზმის განვითრების მიმართულებით. ტურიზმი გაიზარდა მესტიაში, სტეფანწმინდაში, ნაკლებად ასპინძასა და შუახევში. ასპინძაში, შუახევში, ახალციხეში, ადიგენსა და ხულოში ტურიზმის განვითრებას ხელს უშლის გოდერძის უღელტეხილზე ცუდი გზა.

ადგილობრივი პროდუქციის წარმოება ვერ უზრუნველოყოფს გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შედეგად, ტურისტების საკვები პროდუქტები მესტიასა და სტეფანწმინდაში შემოდის მუნიციპალიტეტის გარედან: მესტიაში უმეტესად, ზუგდიდიდან და ფოთიდან, სტეფანწმინდაში - თბილისიდან. ტურიზმი ადგილობრივი წარმოების სურსათის რეალიზების ბაზრის გაფართოებას ახდენს და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდა ტურიზმის ზრდას უნდა დაეწიოს, რომ ამ დარგით მიღებული პირველი დადებითი შედეგები დადგეს.

მთაში სასურსათო დაუცველობის ხარისხს სურსათზე მაღალი ფასები ზრდის. სურსათის დეფიციტის შესავსებად, შემოტანილი პროდუქცია როგორც წესი, ბართან და სავაჭრო ცენტრებთან შედარებით უფრო ძვირია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პროდუქტი უცხოურია... მაღალი ფასები სურსათზე ეკონომიკურ ხელმისაწვდომობას ართულებს.

სიღარიბე და სურსათზე ფასები ისე, როგორც ყველგან, მთიანეთშიც ოჯახების კვებაზე აისახება. მათი ზრდა ოჯახის კვების სტრუქტურისა და ხარისხის გაუარესებას იწვევს. ტრადიციული კვების სიტემა ახლით იცვლება. კვების პროდუქტებში მეტ ადგილს კვების მრეწველობის პროდუქცია იკავებს. ასევე ხდება ახალი პროდუქტის ნახევარფაბრიკატებით ჩანაცვლება.

ოჯახების სასურსათო უზრუნველყოფა დამოუკიდებელია პროდუქტების შეძენაზე, ფულად შემოსავლებზე. ხშირად დგება არჩევანი სურსათის ფასსა და ხარისხს შორის და ხშირად ფასის სასარგებლოდ წყდება. უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტს უპირატესობას გამოკითხულთა 84% ანიჭებს (აქედან რესპონდენტთა 41% ხშირად, ხოლო იშვიათად - 43%).

ყოველდღიურად საკუთარი ოჯახის კვება გამოკითხულთა 72,5%-მა შეაფასა როგორც საშუალო, ხოლო 13%-მა როგორც ცუდი კვება.

როგორც კვლევის შედეგები გვამცნობს, არც თუ სახარბიელო სურათია შექმნილი, რაზეც მთავრობამ სერიოზული ფიქრი, ზრუნვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი