ნუკრი ქანთარია - სულმოუთქმელად ელოდება ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, მაგრამ ეს მოლოდინი ამაოა

ნუკრი ქანთარია - სულმოუთქმელად ელოდება ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, მაგრამ ეს მოლოდინი ამაოა

ლარი, დღევანდელ დღეს, ვიზუალურად რომ ვთქვათ, ოპოზიციისკენ გადაიხარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროეტი განიხილება.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, გადასახადების ზრდის გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან გადადგმული გაბედული ნაბიჯია და მას მოსახლეობასთან ამ საკითხზე სწორი კომუნიკაცია მართებს.

"ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან და არც თუ უხიფათო ეტაპზე ვდგავართ. ლარი, დღევანდელ დღეს, ვიზუალურად რომ ვთქვათ, ოპოზიციისკენ გადაიხარა. დღესაც ჩანს აქ, როგორ სულმოუთქმელად ელოდება ძალიან ბევრი, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, რისიც თვითონაც არ სჯერა, მაგრამ ამის ამაო მოლოდინი არის მათი მხრიდან. ხელისუფლებამ გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა. ვგულისმობ, აქციზების დაწესებას და ა.შ. ეს კიდევ დამატებით ფანტაზიებს უღვივებს ოპონენტებს და ჯოჯოხეთისა თუ ჰიჩკოკის ატმოსფეროს მიმართულებით ხატავენ ყველაფერს. რა თქმა უნდა, არის გარკვეული რისკები და ვფიქრობ, აქ გამოსავალი მაქსიმალური კომუნიკაციაა ჩვენი მხრიდან ამომრჩეველთან და ზუსტად ახსნა არა იმის, რომ ეს ყველაფერი შემდეგ აუცილებლად ეკონომიკურ სიკეთეში და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში გადავა, არამედ რამდენ თვეში, როგორ, რა ტენდენციები გამოიკვეთება, რათა მოსახლეობამ, ჩვენმა ამომრჩეველმა თვალი გაუსწოროს ამას და არა აქედან წამოსულ იმ შავ და მუქ ფერებს, ასეთი ნერწყვისყლაპვით რომ ისმის ზოგჯერ", - განაცხადა ქანთარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, იმას, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, გაბედვა უნდა.

"შეიძლებოდა ნელ-თბილად ყოფნა ეს 4 წელიწადიც, მაგრამ ის, რომ ეს ყველაფერი პერსპექტივაზეა გათვლილი და არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, ამის მიტანა გვმართებს მოსახლეობასთან", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

"მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც... წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა" - ეკონომიკის მინისტრი

LIVE: "360 გრადუსი" - თამარ ჩუგოშვილი, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი მეზურნიშვილი

"აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში... ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, ეს არის თქვენი ლეიტმოტივი" - ქანთარია ოპოზიციას