"პროვინციალიზმი ყველგან არის" - სვანი ქალები მკაცრი სვანური ტრადიციებისა და შიშველი ქართველი ბიჭის ფოტოზე

"პროვინციალიზმი ყველგან არის" - სვანი ქალები მკაცრი სვანური ტრადიციებისა და შიშველი ქართველი ბიჭის ფოტოზე

ქართველი ერი, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, საკუთარ ტრადიციებს საუკუნეების განმავლობაში  აყალიბებდა. წინაპრების მიერ ჩამოყალიბებული ადათ-წესები ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა და, ხშირ შემთხვევაში, კრიტიკულ ანალიზს არ ექვემდებარება. თუმცა დროთა სვლამ საკუთარი კვალი წინაპრების "დაუწერელ კანონებსაც" დაატყო. საზოგადოების ნაწილმა ტრადიციები ყოველდღიურობაში სრულიად უგულებელყო, თუმცა ნაწილისთვის, ის კანონზე მაღლაც კი დგას... მისი გავლენა სხვადასხვა სოციალურ ფენაზე სხვადასხვაგვარია.

ტრადიციებმა თავი მას შემდეგ შეგვახსენა, რაც ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა სვანეთში დედიშობილამ იპოზიორა. ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოებამ ფაქტი არაერთგვაროვნად შეაფასა. AMBEBI.GE ამ კონკრეტული შემთხვევისა და, ზოგადად, სვანური ტრადიციების შესახებ ცნობილი სვანი ქალბატონების აზრით დაინტერესდა. კომენტარი იურისტ ეკა ონიანს, ჟურნალისტ მარი ჯაფარიძესა და პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს ვთხოვეთ.

იხილეთ ვიდეო

მარი ჯაფარიძე, ჟურნალისტი:

- სვანეთში შიშველი ბიჭის გადაღებულმა ფოტომ, უბრალოდ, ღიმილი მომგვარა. მართალია, სადღაც გულში სვანურმა სიამაყემ გამკრა, მაგრამ არ აღვშფოთებულვარ. თავდაპირველად არც მეგონა, რომ ქართველი იყო. სიმართლე გითხრათ, როცა უცხოელად ვთვლიდი, უფრო შეურაცხყოფილი ვიყავი. როცა გავიგე მისი ქართველობის შესახებ, მივხვდი, რომ მან ეს აბსოლუტურად გაუცნობიერებლად გააკეთა.

ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. ბიჭებმა, სწორედ ამ საზოგადოების გამო გადაწყვიტეს ეს თავისუფალი ახალგაზრდა ეიძულებინათ, ბოდიში მოეხადა. დარწმუნებული ვარ, არანაირი ქვენა გრძნობა მას არ ამოძრავებდა და არც ვინმეს შეურაცხყოფა სურდა. მან ისევ სვანების ხათრით მოიხადა ბოდიში - რაკიღა თქვენ ასე მიიღეთ, კი ბატონოო... ეს იყო სწორედ "საზოგადოების დაკვეთა", რომელიც "სვანებო სად ხართ, შეურაცხყოფას გაყენებენო", იძახდა...

პირადად ჩემთვის, სვანური ტრადიციებიდან ბევრი რამე მიუღებელია. მაგალითად, სისხლის აღების წესი. რაც ძალადობას უკავშირდება, ყველაფერი მიუღებელია.

თუმცა, ქართველმა კარგად უნდა იცოდეს და იცის, კონკრეტულ კუთხეს რა ფასეულობა აქვს. არსებობს ქვეყნები, სადაც უბრალოდ, ბავშვს, რომ თავზე ხელი გადაუსვა, შეიძლება დაგიჭირონ და ჩათვალონ, რომ ძალადობ ბავშვზე...

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:

- მე მგონია, რომ აქ კონკრეტულად სვანეთი არაფერ შუაშია. პროვინციალიზმი მთაში იქნება თუ ბარში, ყველგან არის. პროვინციალიზმი ის უფრო მგონია, შენ რომ აქედან იქ ავარდები და მაინცდამაინც მოგინდება, ტიტველმა ირბინო.

რაც შეეხება სვანის რეაქციას, მე ასეთი რეაქცია მქონდა: კი, შეიძლება ტრადიციის რაღაც გადამეტებულობა პროვინციალიზმად აღიქვა, მაგრამ უცხოეთში ამ ყველაფერს ადამიანები კი არა, სამართალდამცავები არეგულირებენ...

ორივე მხარეს დაფიქრება და ზომიერება მართებს. თუმცა მგონია, რომ თავისუფლება მაინცდამაინც ჩახდით არ გამოიხატება. სვანეთის კუთხის საზოგადოების მხირდან ასე უარყოფითად შეფასება არ შეიძლება. ტრადიციების გადამეტება და დამახინჯება მე ქალაქშიც მინახავს. შეიძლება ითქვას, რომ პროვინციალიზმი სწორედ ქალაქის ფენომენია და არა სოფლის...

ეკა ონიანი, იურისტი, ბლოგერი:

- სვანეთი, ისევე, როგორც საქართველოს მთიანი რეგიონების დიდი ნაწილი, საკმაოდ ტრადიციული მხარეა. როგორც მოგეხსენებათ, სადაც უფრო ჩაკეტილია საზოგადოება, იქ უფრო ძნელად ხდება სიახლეების მიღება. ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია დიდად არ გამკვირვებია. ქართველები საკმაოდ ემოციური, ფიცხი ხალხი ვართ. მთაში კიდევ უფრო ემოციურად აღვიქვამთ ყველაფერს. ვფიქრობ, ისევ ქართული ხასიათიდან გამომდინარე მოხდა ამ ამბის ასე გადაჭარბებულად შეფასება. საერთოდ არ იყო შიშველი ფოტოს გადაღების ფაქტი ასე აღსაშფოთებელი ადგილობრივი მოსახლეობის მხირდან.

იმედი მაქვს, გავა დრო და სვანები მიხვდებიან, რომ ვერც შიშველი ფოტო, ვერც უხამსი, ვერასდროს შეურაცხყოფს იმ კოშკებს, მთასა და ისტორიას, რაც სვანეთს გააჩნია. შეუძლებელია, ფოტოთი  ისტორიულად ჩამოყალიბებული ღირებულებების შეურაცხყოფა. გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებიან, რომ მათი გულანთებული პატრიოტული ქცევა სინამდვილეში სვანეთისთვის სიკეთის მომტანი არ იყო.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც სვანეთი ტურისტულად უსაფრთხო რეგიონის სახელს იქმნის. აქ წლების განმავლობაში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია იყო. ამ იმიჯიდან სვანეთი დღეს გამოდის. აქედან გამომდინარე, მე გულწრფელად მგონია, რომ ის შიშველი ფოტოები სვანეთისთვის გაცილებით უფრო კარგი მესიჯის შემცველი იყო - "ვაუ რა მაგარია შეიძლება სვანეთში შიშველმაც გაიაროს" და არაფერი მოხდეს, - ვიდრე სკეპტიკურად განწყობილი ხალხის რეაქციები, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ "უი, თურმე როგორი მძიმე ხალხი ცხოვრობს საქართველოს მთიანეთში". იმედი მაქვს, გავა დრო და ისინი მიხვდებიან, რომ საკუთარი კუთხის ღირსების ზღვარი ვიღაცის შიშველ ფოტოზე არ გადის. ამის გამო მათ არ უნდა ატეხონ ამხელა ამბავი და არ გაცდნენ კანონის ფარგლებს.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო