სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკელმა სტუდენტებმა საქართველოში სწავლის გაგრძელება მოითხოვეს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკელმა სტუდენტებმა საქართველოში სწავლის გაგრძელება მოითხოვეს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მესამე წელია არსებობს. ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე უნივერსიტეტში უკვე 250-მდე საქართველოს მოქალაქე და საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. მათ შორისაა 10 ამერიკელი გაცვლითი სტუდენტი კალიფორნიიდან, რომლებიც თბილისში 2016 წლის სექტემბერში, ერთი სემესტრით ჩამოვიდნენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაცვლითი ვიზიტით, თავისივე უნივერსიტეტის კამპუსში საქართველოში ისწავლონ. ფაკულტეტები, სილაბუსები, კურსები - მთლიანად პროგრამა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსზე კალიფორნიის კამპუსის იდენტურია.

როგორც შევიტყვეთ, სექტემბრში საქართველოში ჩამოსულმა ამერიკელმა სტუდენტებმა სემესტრის ბოლოს უნივერიტეტის ადმინისტრაციას წერილით მიმართეს. მათი მოთხოვნა ერთია - 10 ამერიკელ სტუდენტს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის კამპუსში კიდევ ერთი სემესტრით უნდა დარჩენა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტეს სტუდენტებმა სწავლის საქართველოში გაგრძელება. ამ კითხვით სტუდენტებს სამანტა კროუფორდს, ტეილორ ინუიესა და გონსალო ტუკერს მივმართეთ.

"ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველოში ცხოვრების შანსი მოგვეცა. ბედნიერი ვარ, რომ მეორე სემესტრშიც აქ ვისწავლი. ამერიკელი სტუდენტების უმეტესობას ინგლისში, ავსტრალიაში, ესპანეთსა და სხვა ლიდერ ქვეყნებში სურთ განათლების მიღება. მე კი არჩევანი გავაკეთე ქვეყანაზე, რომელსაც განსხვავებული კულტურა აქვს. გადაწყვეტილებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ," - ამბობს ტეილორ ინუიე.

დიდი შთაბაჭდილება მოახდინა სტუდენტებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ. თბილისში სულ სხვანაირი სტუმართმოყვარეობა და ურთიერთობები ნახეს და არაერთი ახლო მეგობარი შეიძინეს.

"საოცარი კეთილგანწყობა იგრძნობა, როცა გზას გვასწავლიან, ვიღაც ინგლისურად ლაპარაკს ცდილობს, ტაქსის მძღოლს ერთი კვირის შემდეგაც ვახსოვართ, ან ვიღაც გადაჭედილ ავტობუსში ბილეთს გადმოგვაწოდებს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტუდენტები პატარა, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული საზოგადოებაა, სადაც ჩვენ ისე ვართ, როგორც საკუთარ სახლში. თანატოლებთან ერთად კომფორტულად ვართ და სულ ვგრძნობთ, რომ ჩვენზე ზრუნავენ. თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ადგილებიც დაგვათვალიერებინეს," - ამბობს ტეილორი.

"განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაში მინდოდა სწავლა და ეს მოვახერხე კიდეც. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში სწავლის საშუალება მომეცა. სასწავლო პროცესი ნაყოფიერია. ლექტორებთან საკმაოდ ღია და ახლო ურთიერთობა გვაქვს, რაც განათლების მიღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს." - განმარტავს გონსალო ტუკერი.

"ძალიან კარგი გარემოა აქ. სწავლის ხარისხის გარდა, თბილისი და აქაური ცხოვრების წესიც ძალიან მომწონს. განსხვავებულია ჩვენი ქვეყნისგან," - ამბობს სამანტა კროუფორდი.

სტუდენტები ყველას ურჩევენ, რომ სასწავლებლად თბილისში ჩამოვიდნენ. როგორც ამბობენ, სან დიეგოში ყველას ეტყვიან, რომ საქართველოში მათ განათლების მაღალ ხარისხთან ერთად, სასიამოვნო გარემო და კლიმატური პირობები ელოდებათ. კალიფორნიელი სტუდენტებისთვის თბილისური ამინდიც კი საინტერესო აღმოჩნდა - რამდენიმე მათგანმა სწორედ აქ ნახა პირველად ნამდვილი შემოდგომა და პირველი თოვლი.

"აქ რომ ჩამოვედით, სულ სხვანაირი ცხოვრება დაგვხვდა. მაგრამ პრობლემები არ შეგვქმნია. ძალიან ბევრის შემოთავაზება შეუძლია ამ ქალაქს. განსაკუთრებით, აქაური იუმორი მომწონს," - ამბობს გონსალო ტუკერი.

სტუდენტები საქართველოში დაბრუნებას სწავლის დამთავრების შემდეგაც არ გამორიცხავენ.

"რამდენიმე ჩვენგანს მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა მუშაობა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სწავლა საზღვარგარეთ, ნაკლებად ტრადიციულ ადგილას. ჩვენ გვინდოდა, მოვრგებოდით განსხვავებულ კულტურას, სხვა გარემოს და დამოუკიდებლად ცხოვრება გვესწავლა. გვჯერა, რომ მეტი დროით აქ დარჩენა შეგვაძლებინებს დავამყაროთ უფრო მყარი პირადი თუ პროფესიული კავშირები, დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწავლოთ და ეს, ასევე, დაგვეხმარება, რომ უცხო გარემოში წარმატებას სწრაფად მივაღწიოთ. სამომავლოდ შეიძება აქ საქმიანობის დაწყებაზეც კი ვიფიქროთ," - განმარტავს ტეილორ ინუიე.

გაცვლითი პროგრამით სარგებლობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებსაც შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში. სწორედ ახლა, 7 ქართველი სტუდენტი იმყოფება სან დიეგოში. ისინი საქართველოში დეკემბრის ბოლოს დაბრუნდებიან.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი საქართველოში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში სთავაზობს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ესენია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტი. პროექტი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი