მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი სრულდება

მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი სრულდება

მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი სრულდება. პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი ესწრება. ასევე აქ იმყოფებიან ჩოხოსნები და სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები.

პარაკლისის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა იქ მყოფ საზოგადოებას სთხოვა, რომ მასთან ერთად ეთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა - "მოწყალებისა კარი განგვიღე".

"დიდება უფალს, რომელმაც ჰყო საქართველო წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ტაძარში შესრულდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა წყალობა და მფარველობა მიმადლოს ერს.

პარაკლისის შემდეგ მოხდება საზოგადოება "ივერიისას" წარდგენა, რომელიც ფონდ "ივერიისას" რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა და მას ახალი თავმჯდომარე, გიორგი ქიქოძე, ასევე საბჭოს წევრები ყავს. ისინი საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები არიან, კერძოდ, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, მწერალი გურამ დოჩანაშვილი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, პოეტი გია სტურუა, მწერალი ლაშა თაბუკაშვილი, ანთროპოლოგი დავით ლორთქიფანიძე, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, სუხიშვილების სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, ასევე გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი და სხვა პირები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოება "ივერიისას" თავმჯდომარემ, გიორგი თავაძემ განაცხადა, დღეს მახათას მთის პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია.

"ეს პროექტი იძენს საგანმანათლებლო დატვირთვას. მოგეხსენებათ, ეს ქართული საზოგადოებისათვის ძალიან საჭირო რამ არის. რწმენაზე დაფუძნებული ცოდნა, აი ეს არის, რასაც ეს პროექტი უნდა მოემსახუროს. ჩვენ დეტალებზე ქართულ საზოგადოებას მოგვიანებით ვესაუბრებით. ყველას კარგად ახსოვს ქართველთა მონასტერი ათონის მთაზე, ივერონი, რომელიც გარდა სულიერი ცენტრისა, იყო კულტურულ-საგანმანათლებლო კერა. სწორედ ასეთი გვინდა ჩვენ რომ გახდეს მახათას მთა", - განაცხადა გიორგი თავაძემ.

მისივე თქმით, შექმნილია ქტიტორთა საბჭო, რომელშიც ცნობილი და გამოჩენილი ადამიანებია შესული. ეს საბჭო საზოგადოების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს და ამ პროექტთან დაკავშირებით გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. დღეს მსახურების დასრულების შემდეგ პირველად დარეკავენ ტაძრის ზარები, რომელიც სპეციალურად კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის მიერ შექმნილი მელოდია იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი