ჩვენი დროის ყველაზე ცნობილ მებაღეს, ზურა შევარდნაძეს, რომელმაც თავისი სამეცნიერო გამოცდილება პრაქტიკულ საქმიანობას დაუზარელი შრომით ისე შეუხამა, რომ ამ ყველაფრისგან შესანიშნავი ბიზნესიც შექმნა, წარსულში ცნობილ მცხეთელ მებაღე მიხეილ მამულაშვილს ხშირად ადარებენ. როცა ასე ხდება, ზურა ბრაზობს, მიხეილ მამულაშვილთან ჩემი შედარება დაუშვებელია, ის ერთადერთი და განუმეორებელი იყოო. ზურამ გადაწყვიტა, ამ პიროვნებისა და ცხოვრების შესახებ გარკვეული კვლევა ჩაეტარებინა, შეეგროვებინა ტელე, კინო, ბეჭდური თუ ზეპირი (გადმოცემები) მასალა, რაც დიდი მებაღის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს. მართალია, ეს ორი ადამიანი ერთმანეთის თანამედროვე არ ყოფილან, მაგრამ ზურა მიხეილს პედაგოგად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისგან ბევრ რამეს სწავლობს.
ზურა შევარდნაძე:
- ზუსტად რომ იცოდეთ ამ ადამიანის შესაძლებლობების შესახებ, ბუნებისგან როგორი თვითნაბადი ტალანტით იყო დაჯილდოებული, მას ვერ შემადარებდით. გასაოცარი გემოვნების ძალიან დიდი ადამიანი გახლდათ. მასზე იმდენი მიყვებოდა, რომ სურვილი გამიჩნდა, კიდევ უფრო მეტი გამეგო, მისი პიროვნება და ცხოვრება მეკვლია, რაც არცთუ ისე რთული აღმოჩნდა, რადგან თავისი დროის უამრავ პოპულარულ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა...
თანამედროვე ლექსიკით რომ ვთქვა, სწორი მენეჯმენტით მუშაობდა. დღეს რასაც ჩვენ თუნდაც, "ფეისბუკით" ვახერხებთ, ის თავისი ხელნაკეთი ბარათებით ახერხებდა და ყველას სწვდებოდა. ჩვენში მისი თანამედროვე არცერთი ცნობილი ოჯახი არ არსებობს, სადაც მის მიერ მიწერილ-გაგზავნილი ბარათი არ იქნება შენახული. თითოეული ფაქტობრივად, სითბოს, ყურადღების გამომხატველია.
- ბარათებს როგორ აფორმებდა?
- გამშრალი მცენარეებით და მაგალითად, ასე სწერდა: გაზაფხული მოდის. მე ისევ აქ ვარ, მცხეთაში და თქვენ ისევ გჭირდებათ ჩემი შველა-დახმარებაო... ერთ ასეთ წერილში ლადო გუდიაშვილს სწერს: "ჩემო ლადო, იქნებ ჩამოხვიდე და დახატო ალადასტურის მტევნები, უკვე წითლად შეიფერა. იცი, რომ არ დაგზარდებოდი, ავჭრიდი ჩხებს და თბილისში ჩამოგიტანდი, მაგრამ ისიც ხომ იცი, რომ ჩემს თავს არ ვეკუთვნი, დღეში 700-800 კაცი სტუმრობს ჩემს ბაღსა. ბილიკები ისე დავავიწროვე, 2 კაცი ვერ აუვლის ერთმანეთს გვერდსა. შველის განა?.."
- თქვენს ბაღსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს და ბილიკები აქაც დავიწროებულია...
- ეს წერილი რომ წავიკითხე, მეორე დღეს ავდექი, თანამშრომლებთან თათბირი ჩავატარე: დღეიდან ბილიკების დაპატარავებას ვიწყებთ-მეთქი. - რატომო? - გაოცებულები მეკითხებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა მიხეილ მამულაშვილს დიდი ხნის წინ ჰქონია. როგორც თანაქალაქელები ჰყვებიან, - შეუმჩნეველ ბალახს, ფოთოლს ისე გამოაჩენდა, ყურადღებას მიგაქცევინებდა, საოცარ ფასს დაადებდაო.
- როგორც ჩანს, მართლაც, თვითნაბადი ნიჭის ადამიანი იყო...