რა ხდებოდა "გარდენიაში", როდესაც ხანძარი გაჩნდა და რისი ცოდნა სჭირდება მებაღეს

რა ხდებოდა "გარდენიაში", როდესაც ხანძარი გაჩნდა და რისი ცოდნა სჭირდება მებაღეს

ცოდნა + პრაქტიკა + მენეჯმენტი = მებაღე ზურა შევარდნაძეს... თვითონ ასეთ შეფასებებზე ბრაზდება, მაგრამ ეს არის უტყუარი ფაქტი, რომელსაც, რაც უნდა გაბრაზდეს, ვერსად გაექცევა...

დიდწილად მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენში მებაღეობა-მეყვავილეობას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა...

რა არის მებაღეობა და რას მოითხოვს ის ცნობილი სპეციალისტისგან, ამ თემაზე ზურა შევარდნაძე თავად საუბრობს.

"რა არის მებარეობა, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის მხოლოდ მცენარეებთან ურთიერთობა არ გახლავთ. მებაღეობაა, ადამიანს აგრძნობინო და დაანახვო სამყაროს მადლიანობა. ამ განსაკუთრებული მადლით დაჯილდოებული იყო გასული საუკუნის ცნობილი მცხეთელი მებაღე მიხეილ მამულაშვილი. ჰქონდა უნარი ბუნების მშვენიერების დანახვის სურვილი ხალხში გაეჩინა," - ამბობს ზურა და დიდ მებაღეზე განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით გვიყვება. მიუხედვად იმისა, რომ არასდროს უნახვას, მას პედაგოგადაც მიიჩნევს.

შევარდნაძეს მამულაშვილს დღე ბევრი ადარებს, რაზეც ასეთი პასუხი აქვს: "არა, ჩემი შედარება მიხეილ მამულაშვილთან მაბრაზებს. არ ვარ თავმდაბალი, ზუსტად ვიცი, რა შემიძლია, მაგრამ მასთან ჩემი შედარება უბრალოდ არ გამოდის და ვისაც გამოსდის, ის არ იცნობდა მიშას".

- მეყვავილეები, მოყვარული მებაღეები, ვისთანაც კონტაქტი მქონია, ამბობენ, რომ საკუთარ მცენარეებს ელაპარაკებიან... თქვენ?

- მე არ ველაპარაკები: მაგას სჯობია, მცენარეებს გაუგო, რადგანაც ისინი ხომ ტყვეობაში არიან... ბაღში ყვავილები ფაქტობრივად, დატყვევებულები არიან. მებაღე მათ მათთვის არაბუნებრივ გარემოში ამყოფებს, რომ მერე მისი ყვავილობით სიამოვნება მიიღოს...

- და მებაღეს ყველა იმ პირობის შესრულება და დაკმაყოფილება უწევს, რა მოთხოვნასაც მცენარე უყენებს?

- დიახ და თუ არ იცის, მცენარემ მის ბაღში კარგად როგორ გაიხაროს, უნდა გაიგოს, ისწავლოს, დაადგინოს... როდესაც გაიხარებს, ვიცი ხოლმე თქმა - ახლა იმას იმსახურებ, რომ ყველას ვაჩვენო შენი თავი და წინ გამოგდგა. თუ მოიწყინა, ვეტყვი: - რა გჭირს, რა დღეში ჩავარდნილხარ? ახლა უკან წაგიყვან, თვალს მოგარიდებ, რომ დაისვენო... ეს ყველაფერი ჩემთვის ბუნებრივი პროცესია...

- "გარდენიაში" ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა. როგორი იყო თქვენი პირველი რექცია?

- მაგ დღეს დავინახე, როგორი ბედნიერი ვარ და თუ როგორი ადამიანების გარემოცვაში მიწევს შრომა. კი, ეს იმ ცუდმა ამბავმა თვალნათლივ დამანახა. უნდა გენახათ, ჩემი თანამშრომლები ყვავილების თესლებით სავსე ყუთებით როგორ გამორბოდნენ. ისინი მათ გადასარჩენად პირდაპირ ცეცხლში ვარდებოდნენ. ამიტომ, ვთხოვე, რომ ყველანი ერთად, ჭიშკრის გარეთ შევკრებილიყავით, რადგანაც მივხვდი, რომ ხანძრის წინაშე უძლურები გახლდით. ვერაფერს შევცვლიდით, სახანძროს უნდა ემოქმედა.

მოკლედ, იმისთვის ვიბრძოლე, რომ ვინმე არ დაზიანებულიყო. როდესაც მივხვდი და დავრწმუნდი, ყველანი ერთად და უვნებელები ვიყავით, დავინახე, რომ ისინი თესლებით სავსე ყუთებზე ისხდნენ...

იმ წუთას ის ყველაფერი ვერ გავიაზრე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მათ მოსალოდნელი საფრთხე ასე სწრაფად შეიგრძნეს...

თუ თესლი არ გაქვს, დაღუპული ხარ. შენობას, სათბურს ააშენებ, თუ მცენარეები დაგეწვა, იგლოვებ, მაგრამ თესლის ბანკი რომ განადგურდეს, ეს ნამდვილი ტრაგედიაა...

ამიტომ ჩემი თანამშრომლები თესლებით სავსე ყუთებით დარბოდნენ. როდესაც შევხედე ყველა სახეზე იყო, მივხვდი, რომ საქმე ძალიან კარგად იყო.

- რა ნიშნით არჩევთ თანამშრომლებს?

- ისინი ერთმანეთს არჩევენ, მაგ საქმეში ყველაზე ნაკლებად ვერევი. ვინც სურვილს გამოთქვამს, რომ აქ იმუშაოს, ვიღებ და ამასობაში უკვე 45-ნიც გავხდით. ბაღის მოვლის გარდა, ჩვენთან ბევრი სხვა სამუშაოც არის შესასრულებელი. გარდა იმისა, რომ ყვავილებს ელოლიავები, მიწასთან ვმუშაობთ, შავი საქმეც საკმარისია. ასე რომ, მსურველები მოდიან, მაგრამ ყველა ვერ ჩერდება და ზოგიერთი ისე მიდის, არ გვემშვიდობება. რატომღაც აქ შრომა თავიდან ყველას იოლად წარმოუდგენია. სამწუხაროდ, მიწასთან შრომა ყველას არ გამოსდის.

- თქვენს ბაღს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს...

- კი, ასეა. აქ რისთვის მოდიან? რომ ნახონ მებაღეების ნახელავი. მივესალმები ყველას, ვისაც ეცოდინება, რას ნიშნავს ჩვენი შრომა. რაც მეტი ეცოდინებათ მცენარეზე, ჩვენს საქმიანობაზე, ამას რა სჯობია? ზოგიერთი საერთოდ მოუმზადებელია, არ იცის, რა უნდა, თუნდაც ის, ესა თუ ის მცენარე რატომ მიაქვს. პასუხისმგებლობის გრძნობა გვაკლია...

- მცენარეებს არ "ელაპარაკებით", მაგრამ ყვავილების ყოველთვის გესმით...

- მებაღის მთავარი თვისებაა, - ყვავილების გესმოდეს, - უნდა გაიგო, რას გეუბნებიან. საერთოდ, საუკეთესო პროფესიაა, მგონი, უკეთესი არც გაჩენილა. ეს საქმე პირდაპირ საკუთარ თავზე დამოკიდებულს გხდის, გკარნახობს იმას, რომ მცენარეს უსმინო, რადგანაც მასზე ხარ დამოკიდებული. ის შენი უფროსი ხდება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან მოიხსნა

ვინ იყო 28 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმში, მშენებლობაზე დაიღუპა

გორში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს