2016 წლის ეკონომიკური შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები

2016 წლის ეკონომიკური შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები

2016 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2017 წელს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, "ინტრეპრესნიუსი" პროფესორ ლადო პაპავასა და საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ დოკუმენტს? იძლევა თუ არა იგი იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და პასუხობს თუ არა იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას?

ლადო პაპავა - 2017 წლის ეკონომიკური პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად მეჩვენება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - მთავრობას ვურჩევდი მოეწყო ძალიან ფართო დებატები ქვეყნის განვითარებაზე და მხოლოდ შემდგომ შეემუშავებინა დეტალური და არა ოთხპუნქტიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა.

ლადო პაპავა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მარტივად არ მიიჩნევს იმის გამო, რომ "2017 წლის ეკონომიკური პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად ეჩვენება." ხელისუფლება 2017 წელს მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდას 4%-ით პროგნოზირებს, რაც დაცილებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზსაც. მისივე განმარტებით, არც ქართულ ეკონომიკას და არც გლობალურ ეკონომიკას არ გააჩნია ისეთი სიმპტომები, რომ 4%-იანი ზრდა იყოს უზრუნველყოფილი.

"თუ 4%-იანი ზრდა არ იქნება, მაშინ გარკვეული პრობლემები დაუდგება სხვადასხვა სახეობის საგადასახადო შემოსავლებს, რომლებიც უშუალოდ არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე", - აღნიშნავს ლადო პაპავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძის განმარტებით, ქვეყნის განვითარება დამოკიდებულია არა ფორმალურ დოკუმენტზე, რომლის შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია, არამედ მთავრობის გეგმებზე და ყოველდღიურ საქმიანობაზე.

"მთავრობას ვურჩევდი მოეწყო ძალიან ფართო დებატები ქვეყნის განვითარებაზე და მხოლოდ შემდგომ შეემუშავებინა დეტალური და არა ოთხპუნქტიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა, რომელიც შემდგომში უნდა მედგრად და წარბშეუხრელად განახორციელოს", - აღნიშნავს ალექსანდრე თვალჭრელიძე.

იგი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროექტებისა და გეგმების განხილვაში აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი. ალექსანდრე თვალჭრელიძე საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიას, სხვა აკადემიებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ოპტიმალური გზების ძიებაში და თავისი კომპეტენტური აზრი საჯარო სივრცეში გამოთქვან. თავად კი, როგორც საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი პირობას დებს რომ ამ თვალსაზრისით "გამოსწორდება".

რამდენად სამართლიანია ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნა და რამდენად შესრულებადია 2017 წლის ბიუჯეტი?

ლადო პაპავა - 2017 წლის ბიუჯეტში ზედმეტად ოპტიმისტური პარამეტრებია ჩადებული და მის შესრულებაზე ამ ეტაპზე გარკვეული ეჭვი არსებობს

ალექსანდრე თვალჭრელიძე - შექმნილია ვირტუალური სიტუაცია - ხელისუფლება და ოპოზიცია თითქოს პარალელურ სამყაროებში ცხოვრობენ და ერთმანეთს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ.

ლადო პაპავა კვლავაც მიუთითებს იმაზე, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ზედმეტად ოპტიმისტური პარამეტრებია ჩადებული, ამიტომ "მის შესრულებაზე ამ ეტაპზე გარკვეული ეჭვი არსებობს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს".

ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს კრიტიკაში პროფესიული, რაციონალური და კეთილმოსურნე შენიშვნის მიმცემი ოპოზიცია, მაგრამ "ჩვენთან ვინც უფრო მწარე სიტყვებით აგინებს მთავრობას, მით უფრო "მაგარი ბიჭია". ამიტომ იქმნება ვირტუალური სიტუაცია - ხელისუფლება და ოპოზიცია თითქოს პარალელურ სამყაროებში ცხოვრობენ და ერთმანეთს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ".

რასთან გვაქვს საქმე? რატომ ვერ ხედავს თუ ვერ იცლის ხელისუფლება ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებისთვის?

ლადო პაპავა - მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა არის არა საქართველოს განვითარების, არამედ საქართველოში მახინჯი სტრუქტურის შენარჩუნების გზა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენთან ბანკირები განსაზღვრავენ ბიზნესის თამაშის წესებს და კაპიტალის დაგროვებას უმაღლეს იმპერატივად განიხილავენ

ლადო პაპავას თქმით, ეს კითხვა მასაც აღელვებსა და აწუხებს. მისივე განმარტებით, საქმე ისაა, რომ 4-პუნქტიანი გეგმა, განსაკუთრებით მისი ორი პუნქტი, რომელიც ეხება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს და განათლებაში გერმანული მოდელის შემოღებას, პრაქტიკულად დააკანონებს საქართველოს ეკონომიკის ცუდ სტრუქტურას, შეინარჩუნებს საქართველოს ეკონომიკის მომხმარებლურ ხასიათს.

"მოგების გადასახადის ესტონური მოდელი პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ განვითარდებიან ისევ ბანკები, რესტორნები, სასტუმროები, ხოლო ის ბიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას, - ინოვაციურ ეკონომიკას ვგულისხმობ, საერთოდ არ შეიქმნება", - აცხადებს ექსპერტი, რომლის თქმითაც, განათლების გერმანული მოდელი ნიშნავს იმას, რომ ბიზნესმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და დააფინანსოს მისთვის საჭირო სპეციალობები, ანუ, ისევ ბანკირები, იურისტები, რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი. "ამიტომაცაა, რომ ვამბობ, ეკონომიკური თვალსაზრისით მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა არის არა საქართველოს განვითარების, არამედ საქართველოში მახინჯი სტრუქტურის შენარჩუნების გზა",- დასძენს ლადო პაპავა, რომლის აზრითაც, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს დაბალ პროფესიონალიზმთან, სიჯიუტესთან, ან ეკონომიკური მეცნიერების როგორც ასეთის, სიძულვილთან.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი