გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.
ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლოლაძე. დეკანოზი წერს, რომ "ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას":
"გუშინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.
ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო, მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას.
რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიგვაჩნია მრევლისთვის მრავალმხრივ საზიანოდ, გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ არ დავექვემდებარებით მიტროპოლიტ სერაფიმეს, ვრჩებით საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მივმართავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი რეაგირებისათვის.
დეკანოზი თამაზ ლომიძე
ქ. მიუნხენის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, ნიურნბერგის და ინსბრუკის სამრევლოების წინამძღვარი
არქიმანდრიტი ისე (გელაშვილი)
ქ. დუსელდორფის, ბონის, კარლსრუეს, ბილეფელდის და ოსნაბრუკის სამრევლოების წინამძღვარი
არქიმანდრიტი იოანე (სილაგაძე)
ქ. ბერლინის, ჰანოვერის, ჰამბურგის და ზაარბრიუკენის სამრევლოების წინამძღვარი
17 იანვარი, 2017 წელი" - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო აღნიშნულ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
შეგახსენებთ, 2016 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია დატოვა. როგორც ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში აცხადებენ, მეუფე სერაფიმემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თხოვნით მიმართა პატრიარქს, დაეტოვებინა ეპარქია და უწმინდესმა იგი დააკმაყოფილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიტროპოლიტი ათონზე გაემგზავრა, ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ სერაფიმე ჯოჯუა გერმანიისა და ავტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.