ტრაგედიებით სავსე ქალი თავშესაფრიდან, რომელიც ჩვენი ბავშვობის საყვარელ მულტფილმებს ქმნიდა

ტრაგედიებით სავსე ქალი თავშესაფრიდან, რომელიც ჩვენი ბავშვობის საყვარელ მულტფილმებს ქმნიდა

დონატა პაჩენკო 75 წლისაა. 19 წლის ასაკში კინოსტუდიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ქართული მულტფილმების შექმნაზე მუშაობდა. ქორბუდა, ნახევარ-წიწილა, წუნა და წრუწუნა - ამ და სხვა ჩვენი ბავშვობის საყვარელი მულტფილმების ერთ-ერთი შემქმნელი კინოსტუდიაში გატარებული დღეების შესახებ დღეს ერთადერთ მესაიდუმლეს - უსინათლო კატას უყვება. პირად ცხოვრებაში მომხდარი წარუმატებლობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურიც მიატოვა, სახლ-კარის გარეშე დარჩა და თითქმის 20 წლის წინ, საცხოვრებლად ხანდაზმულთა პანსიონატში წავიდა. თავდაპირველად რუსთავის პანსიონატში ცხოვრობდა, ახლა კი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს.

იხილეთ სიუჟეტი Palitravideo.ge-ზე

"სკოლა როცა დავამთავრე, უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარე, ვხატავდი და ბებიამ სთხოვა კოლია სანიშვილს, მივეყვანე კინოსტუდიაში და იქ დავიწყე მუშაობა. პირველი სურათი, რომელზეც ვიმუშავე, იყო "წუნა და წრუწუნა", როცა მივედი კინოსტუდიაში უკვე დაწყებული იყო ამ მულტფილმზე მუშაობა, შემდეგ ვიმუშავე "ნახევარ-წიწილაზე", "ქორბუდაზე" და სხვა მულტფილმებზე. ერთი კადრის ამოძრავებას ათობით კადრი სჭირდებოდა. სპეციფიკური სამუშაო იყო, ამას ასე მარტივად ვერ ავხსნი. როცა ვიწყებდით სურათზე მუშაობას, მოსკოვში მიდიოდა სცენარი და იქედან უნდა მოსულიყო თანხმობა. ცუდი იყო მოსკოვზე დამოკიდებულება, მაგრამ მთელი კომისია იკრიბებოდა, ბავშვების ფსიქიკისთვის ზიანი რომ არ მოეტანა სურათს.

- რატომ გადაწყვიტეთ მოხუცთა პანსიონატში ცხოვრება?

- პირად ცხოვრებაში შემექმნა პრობლემები, ორსულად ვიყავი და ბავშვი დავკარგე, დედ-მამაც გარდამეცვალა, დავრჩი მარტო. შემდეგ მოტყუებით ბინაც დავკარგე, ყოფილმა მეზობელმა დამტოვა ქუჩაში... სანამ აქ მოვხვდებოდი, უამრავმა რამემ გადაიარა ჩემს თავზე... ამის შემდეგ გადავწყვიტე მოხუცთა თავშესაფარში წასვლა... სულ მინდოდა აქ მოხვედრა... ამხანაგებიც მყავს, მაგრამ აქ კარგად ვგრძნობ თავს.

ბებია, დედა და მამა მენატრება, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა ცხოვრება, ერთი მიდის, მეორე მოდის. ულამაზესი დედა და ბებია მყავდა. ბებიაჩემი ნიკოლოზ მეორეს ნათლული იყო, მამამისი გიორგი მდინარაძე კი ნიკოლოზ მეორეს სასახლის მოურავი გახლდათ. ბაბუას 13 შვილი ჰყავდა, როცა ნიკოლოზ მეორემ მეცამეტე შვილის დაბადების ამბავი გაიგო, ბაბუაჩემს უთხრა, მე უნდა მოგინათლო შვილიო და ბებიაჩემი მონათლა. მერე კი მოხდა, რომ ბებიაჩემი ნიკოლოზის ოფიცერს გაჰყვა ცოლად.

ახლა პანსიონატში ჩემს კატასთან ერთად ვცხოვრობ. 17 წლის წინ ქუჩიდან მოიყვანეს, მე გავზარდე, უკვე დაბერდა და დაბრმავდა, ვერ ხედავს, მაგრამ მე მაინც ბოლომდე უნდა შევინახო ის...

- ამ გადასახედიდან როცა აფასებთ თქვენს ცხოვრებას, რამეს შეცვლიდით?

- წლინახევრიდან ავად გავხდი, პოლიომელიტი დამემართა, ვერ დავდიოდი, 9 წლის ასაკში ლენინგრადში წამიყვანეს და იქ დამაყენეს ფეხზე. მე რომ ჯანმრთელი და ახალგაზრდა ვიყო, ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა. ძალიან ბევრი ცუდი ვნახე ცხოვრებაში, სხვა ბავშვებისნაირი ცხოვრებაც კი არ მქონია, მაგრამ რატომღაც არ დამეტყო ეს ტრაგედიები. ახლა დიაბეტიც დამემართა, მჭამს ეს ვერაგი დაავადება. უკვე 75 წლის ვარ, არ მჯერა რომ ყველაფერი უცვლელად დარჩება და მე აღარ ვიქნები.

- რა არის თქვენი ოცნება?

- გითხრათ, რა მინდა? სანამ ვმუშაობდი და ნორმალურად ვცხოვრობდი, სამუშაოს მერე მივდიოდი სახლში ჯანაშიას ქუჩაზე, წყალს ვაცხელებდი, დავიბანდი, ჩავიცმევდი, ვჭამდი და ყოველ საღამოს მივდიოდი ოპერაში. ოპერა ძალიან მიყვარდა, 12 წლიდან დავყავდი დედას... ახლა სულ იმას ვფიქრობ, ნუთუ ისე უნდა მოვკვდე, რომ ოპერაში ვეღარ მოვხვდე?!...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი