მეანაბრეები კიდევ ერთი საფინანსო კომპანიის თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ამჯერად, კომპანია "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას" მეანაბრეები ჩივიან, რომ უკვე 2 თვეა, კუთვნილი პროცენტი არ მიუღიათ. კომპანიის თბილისის ოფისის შენობა დაკეტილია, დაზარალებულების ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელმა ქვეყანა დატოვა. საფინანსო კომპანიაში 300-ზე მეტ ადამიანს 5-დან 100 ათას დოლარზე მეტი თანხა აქვს შეტანილი. ბოლო დროს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ფინანსური პირამიდა ჩამოიშალა და ათასობით ადამიანი დააზარალა.
რამდენიმე თვის წინ, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე სამართალდამცავებმა საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორი, თამაზ ლობჟანიძე და ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ მეანაბრეების კუთვნილი 76 მილიონი ლარის მითვისება, რისთვისაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამ შემთხვევაშიც, კომპანია კლასიკური ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებდა და მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით იზიდავდა თანხებს. საპროცენტო სარგებელი იმდენად მაღალი იყო, რომ ზოგჯერ ადამიანები კომერციულ ბანკებში იღებდნენ სესხებს და თანხა საფინანსო კომპანიაში შეჰქონდათ. მიღებული სარგებელი შესაძლებლობას აძლევდათ, ბანკის სესხსაც მომსახურებოდნენ და სარგებელიც ენახათ. თუმცა, როგორც ყველა ფინანსური პირამიდის შემთხვევაში, ერთ დღესაც ჩამოიშალა და 2 648 მეანაბრე დააზარალა. ამ მოვლენების შემდეგ საფინანსო კომპანია "საქართველოს" 5 დაზარალებული გარდაიცვალა, რასაც მეანაბრეები მომხდარს უკავშირებენ...
არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთებით იზიდავდა მეანაბრეებს "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიაც". კომპანია მოქალაქეებს შეტანილი თანხების სანაცვლოდ წლიურ 35%, 45% და ზოგჯერ 92%-იან სარგებელსაც კი სთავაზობდა. ერთ-ერთი დაზარალებულის, მამუკა კაპანაძის თქმით, ორი თვეა კუთვნილი თანხები არ მიუღიათ. კომპანიის წარმომადგენლები მეანაბრეებს ჯერ დაჰპირდნენ, რომ სიები შედგებოდა და თანხის გადასაცემად შეეხმიანებოდნენ, მოგვიანებით კი გამოუცხადეს, რომ კომპანია გაკოტრდა და ის ნიკარაგუაში სხვა კომპანიამ შეიძინა, შესაბამისად, მათაც ხელშეკრულებები ახალი კომპანიისთვის უნდა გადაეგზავნათ.
დაზარალებულები შიშობენ, რომ ეს ყველაფერი დროის გასაყვანად არის მოფიქრებული, ამიტომ პროკურატურასა და საფინანსო პოლიციას მიმართეს.
კახა მაღრაძე, "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას" მიერ დაზარალებულების ადვოკატი: "კომპანია ავრცელებდა ინფორმაციას, ე.წ. ინვესტორებისგან თანხებს იზიდავდა და სანაცვლოდ, მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობდა. ეს ინვესტორები კი რიგითი მოქალაქეები იყვნენ, ვისაც ან დანაზოგი ჰქონდა, ან ქონება გაყიდეს და ფული მაღალი მოგების მიღების იმედით კომპანიას ანდვეს. ჩვენი მონაცემებით, საფინანსო კომპანიის შეთავაზებას 300-მდე მოქალაქე დათანხმდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ეს ფირმა პრესტიჟულ საოფისე ფართობს ქირაობდა. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, ისე, როგორც ხშირად გვჩვევია, კონტრაქტი დეტალურად არ წაიკითხა, მერე კი აღმოჩნდა, რომ რეალურად ხელშეკრულებას სხვა კომპანიასთან დებდნენ, რომელიც სამართლებრივადაც სხვა პროფილისაა და ცენტრალურ ამერიკაში, ოფშორულ ზონაში, ბელიზშია რეგისტრირებული. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიაში ე.წ. ინვესტორებს უნდა შეეტანათ თანხები, რომელსაც ინვესტიციას უწოდებდნენ, რადგან ანაბრის დასარქმევად შესაბამისი ლიცენზია იყო საჭირო წაიკითხეთ გაგრძელება