არდადეგების შემდეგ თბილისის კერძო სკოლაში დაბრუნებულ ბავშვებს სკოლა აღარ დახვდათ - რატომ დაიხურა "ლამპარი"?

არდადეგების შემდეგ თბილისის კერძო სკოლაში დაბრუნებულ ბავშვებს სკოლა აღარ დახვდათ - რატომ დაიხურა "ლამპარი"?

კერძო სკოლა "ლამპარის" დახურვის გამო 65 მოსწავლე სკოლის გარეშე დარჩა. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ყოფილი კავშირგაბმულობის ტექნიკუმის შენობის პირველ სართულზე გახსნილი კერძო სკოლა 16 იანვრიდან აღარ ფუნქციონირებს. სკოლამ რამდენიმე მიზეზის გამო ავტორიზაციის პროცესი ვერ გაიარა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მეექვსე კლასის მოსწავლის მშობელმა ლუარა ჯაბუამ განუცხადა, ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ ბავშვები მივიდნენ სკოლაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ სკოლა აღარ ფუნქციონირებდა.

"სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბერში მინდოდა ბავშვის გადაყვანა სხვა სკოლაში, მაგრამ დირექტორმა მთხოვა, არ გადაიყვანოო. არ ვიცოდი თუ ასე მოხდებოდა და დაიხურებოდა. შუა სემესტრში ბავშვის გადაყვანა მომიწევს, უნდა მივიდე სკოლებში და გავარკვიო, თუ მიიღებენ ბავშვს. ამბობენ, რომ იჯარა შეუჩერდა. ჩვენ, მშობლები არ ვიყავით ინფორმირებული", - აღნიშნა ლუარა ჯაბუამ.

გარდა ამისა, ზოგიერთი მშობელი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა ნუკრი ნოზაძემ მათ იანვრის თვის სწავლის გადასახადი წინასწარ გამოართვა და თანხის უკან დაბრუნების საკითხი გაურკვეველია. სკოლის დირექტორი ნუკრი ნოზაძე სკოლის დახურვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, სკოლამ საბუთები თავიდან წარადგინა, თუმცა სამი დარღვევის გამო 16 იანვარს რეავტორიზაციაზე უარი ეთქვა.

"სკოლას ავტორიზაციის ვადა ამოეწურა. შემოიტანა განაცხადი რეავტორიზაციის პროცედურაზე, მაგრამ ვერ წარმოადგინა ფართის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, სასკოლო სასწავლო გეგმაში არჩევითი საგნების მოცულობა, დასახელება და ხანგრძლივობა არ შეესაბამებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას; არ უდგინდებოდა ქონება, სასწავლო რესურსი, კომპიუტერები, ავეჯი და სხვა. დარღვევები იყო სერიოზული", - აღნიშნა ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით კობახიძემ.

რაც შეეხება მშობლების პრეტენზიებს სწავლის თანხის წინასწარ გადახდასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ეს არის შიდაადმინისტრაციული დავის საგანი და "ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავად უნდა გაარკვიონ თანხის დაბრუნება ეკუთვნით თუ არა".

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი