25 იანვარს თიბისი გალერიში ჟურნალ XII-ის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის მოწვეული რედაქტორი კი თიბისი ბანკი იყო. სტუმრებს პრეზენტაციის პარალელურად პირველად შეეძლოთ დაეთვალიერებინათ მომღერალ ნიაზ დიასამიძის მიერ ანბანის თემაზე შესრულებული ნამუშევრები. ნიაზ დიასამიძის სერია „ქართული ანბანი“ ჟურნალის მთავარ თემას - პროექტ #წერექართულად იდეას დაემთხვა, სწორედ ამიტომ ჟურნალის ყდაზე ნიაზ დიასამიძე და მისი ნამუშევრებია წარმოდგენილი. ჩვენ ჟურნალ XII-ის დამფუძნებელს და თიბისი ბანკის წარმომადგენელს ვესაუბრეთ:
ბახვა ბრეგვაძე ჟურნალ XII-ის დამფუძნებელი:
-ჟურნალიXII უკვე 2 წელია არსებობს და ის კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს მოიცავს. ის განსხვავდება სხვა გამოცემებისგან, რადგან ყოველ ნომერს მოწვეული რედაქტორი ჰყავს. ჩვენთან ერთად საინტერესო ნომრები შექმნა ილიკო და ნინო სუხიშვილებმა, ოლიკო ბაბლუანმა, ჯიჯი ჯეჯინმა, ვთანამშრომლობდით გაეროსთან და თიბისი ბანკთან. თიბისი ბანკის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისთვის გაეცნო საინტერესო და ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეიძლება არ ცნობდეთ. ეს ნომერი არის საინტერესო ადამიანებზე, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია თიბისი ბანკთან. ძალიან საინტერესო და ორიგინალური ნომერი გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ღირებული ნომერი შევქმენით. ყდაზე ნიაზ დიასამიძე და მისი ნამუშევრებია წარმოდენილი, რომელმაც ქართული ანბანი განსხვავებული ფორმით დახატა. პროექტი #წერექართულად კი თიბისი ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, ზუსტად ამ კამპანიის ნაწილია ნიაზის შემოქმედებაც.
ქეთევან მაღალაშვილი თიბისი ბანკის წარმომადგენელი:
- ჟურნალი XII სამ თვეში ერთხელ გამოდის და თითოეულ ახალ ნომერს თავისი ავტორი ჰყავს, იანვრის ნომრის მოწვეული ავტორი კი თიბისი ბანკი იყო. ყველა პროექტზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საკმაოდ ბევრი მასალა დაგვიგროვდა და ჟურნალმა მოგვცა საშუალება, ჩვენს პროექტებზე გველაპარაკა. ჟურნალი არ არის თიბისი ბანკზე, ჟურნალი ეხება იმ ადამიანებს, რომელთა გზებიც ჩვენთან გადაიკვეთა.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროექტი #წერექართულად ქართული ანბანის პოპულარიზაციას ემსახურება, სწორედ ამიტომ ნიაზის სერია, რომელიც ქართული ანბანის ნახატებს მოიცავს, ჩვენს ნომერში მოხვდა.
თიბისი გალერიში ჩვენს სტუმრებს საშუალება მივეცით ნიაზის ნამუშევრები ეთვალიერებინათ, წარმოდგენილია 12 ნამუშევარი. ჟურნალში ძალიან საინტერესო ისტორიებია თავმოყრილი, და ჩვენ გავაერთიანეთ ისინი, ვინც ჩვენთან ერთად შექმნა 2016 წელი. მათ შორის არიან ქართველი რაგბისტები, რომლებმაც არაერთი გამარჯვება მოუტანეს საქართველოს. არიან არტისტები, რომლებმაც შექმნეს ძალიან საინტერესო ნამუშევრები და მიაღწიეს წარმატებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ეკა გადახაბაძე
R