ვირტუალური სამყარო ადამიანებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა. ბევრისთვის ის სოციალიზაციის საშუალებად იქცა. მინდა მოგითხროთ ადამიანზე, რომელიც "ფეისბუკის" საშუალებით ცხოვრების ამაოებას ებრძვის. როდის აღმოჩნდა ჩემს "ფრენდლისტში", არ მახსოვს, მაგრამ გამორჩეული მოსაზრებებით ყოველთვის იწვევდა ჩემს ინტერესს.
"ახალი წელი არ მიყვარს. პირველი იანვრის წინადღეს მიმძაფრდება წარსული ტკივილები და მომავლის უიმედობა, შენ კი იმედი არ მოგეშალოს", - მომწერა საახალწლო პერიოდში.
თავდაპირველად ვიფიქრე, რომ დეპრესიულ ადამიანთან მქონდა საქმე, თუმცა, კიდევ უფრო ღრმა პრობლემების მქონე პიროვნებას წავაწყდი მისი სახით. ჩემი სტატიის გმირს ბავშვობისას ბესოს ეძახდნენ, მერე ბესარიონსაც (ხუმრობით), მაგრამ არასდროს ვითომქუთაისურ "ბესოიას"!
წარმოშობით რაჭიდან ყოფილან მისი წინაპრები. იმერეთის ცენტრში იმ დროს დასახლებულან, როცა ქუთაისი ჯერ კიდევ პატარა, პროვინციული ქალაქი და საგუბერნიო ცენტრი იყო. განათლებულ წინაპარს ელიტურ უბანში, თეატრის ახლოს აუგია სახლი, საკმაოდ დიდი ეზოც გემოზე მოუწყვია და შთამომავლობისთვის არა მარტო კარგი საცხოვრებელი დაუტოვებია, არამედ - განათლებისკენ მემკვიდრული სწრაფვის ჟინიც.
სწავლას თავს არ აკლავდა ბესო, მაგრამ ნიჭიერებით ყოველთვის ფარავდა სიზარმაცეს. 14 წლისას უცნაური რამ დაემართა: ჯერ იყო და ასაკთან შედარებით სწრაფად აიყარა ტანი, მერე ხშირი წვერიც გაუჩნდა სახეზე. ყოველ გაპარსვაზე სახის კანი საოცრად უღიზიანდებოდა და ამიტომაც ერიდებოდა წვერის გაპარსვას. ექიმები ადვილად ხსნიდნენ ამ ყველაფერს: ადრეულად დაეწყო გარდატეხის ასაკი, სიჭაბუკეში დგამს ფეხს, აქტიურია მისი ჰიპოფიზიო და ასე შემდეგ... ძალიან ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა გარდატეხის ასაკი. თუ მისი თანაკლასელი ბიჭები გამალებით და ზოგჯერ უმიზეზოდ ისვამდნენ ლოყებზე სამართებელს (მათი აზრით, ასე უფრო მალე ამოუვიდოდათ წვერი), ბესოს ეს არ სჭირდებოდა. ტანაყრილმა სიგარეტის მოწევა უფრო წამხედურობით და მამაკაცური იმიჯის გამო დაიწყო, ვიდრე ინტერესით. მართალია, ნიკოტინი გუდავდა, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობდა, ყოველდღიურად კოლოფიდან მეტი ღერი მოეწია.