ხანძრისგან საცავების განადგურების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ დღის ბოლოს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შენობის ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. ნაწილობრივი დემონტაჟის შემდეგ შესაძლებელი გახდება დაზარალებულთა ნივთების შენობიდან უსაფრთხოდ გამოტანა. დღეს შენობაში იმყოფებოდნენ ექსპერტები, რომლებმაც სამაშველო სამსახურს ჩამონგრევის საფრთხის გამო შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
"საგანგებო სიტუაციების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია. მეხანძრეები ადგილზე ისევ ინტენსიურად მუშაობენ და ხანძრის ახალი კერის სრულად ლოკალიზებას ცდილობენ. საცავებს რაიმე საფრთხე არ ემუქრება. დემონტაჟის შესახებ ინფორმაციას უახლოეს საათებში მივიღებთ", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჟამად "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე "თბილსერვის ჯგუფი" დამატებით გარე განათების სამუშაოებს აწარმოებს. დემონტაჟის სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით და ხილვადობის გასაუმჯობესებლად ხანძრის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი ცალი სანათი, ე.წ. პროჟექტორები მონტაჟდება.