49 წლის ტაილანდელი ქალბატონის, ლეკ იაიკას ამბავმა სოციალური ქსელები მოიარა: ის აცხადებს, რომ ადგილობრივ მარკეტში ხელოვნური კვერცხი შეიძინა. ქალბატონის თქმით, გაოცებული დარჩა, როცა მოხარშვისას კვერცხმა პლასტმასის სუნი გამოუშვა. ათკვერცხიან პაკეტში, ცხრა ჩვეულებრივ კვერცხს შორის ერთი ყალბი კვერცხი ერია... ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გახმაურდა, რომ კვერცხის გაყალბების "სამშობლო" ჩინეთია. ყალბი კვერცხის ნაჭუჭი დამზადებულია კალციუმის კარბონატისგან. მისი შიგთავსი ანუ გული და ცილა, შეიცავს ნატრიუმის ალგინატს, ალუმინს, საკვებ კალციუმის ქლორიდს, წყალსა და საღებავებს. უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია იმავე ჩინეთში, პლასტმასისგან წარმოებული ბრინჯის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რა სახის ხელოვნური პროდუქტი იყიდება ჩვენს სავაჭრო ქსელში? - ამ საკითხის განხილვა ჟურნალმა "გზამ" სურსათის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარეს - დალი წულაიას სთხოვა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან
დალი წულაია:
- საქართველოში ხელოვნური კვერცხი ჯერ არა მგონია, რომ შემოტანილი იყოს, ხელოვნური საკვები კი აქაც არ წარმოადგენს სიახლეს. საერთოდ, ხელოვნური საკვების შექმნის იდეა იქიდან წამოვიდა, რომ დედამიწის მოსახლეობას შეიძლება არ ეყოს ჩვეულებრივი სურსათი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ამიტომ წარმოიშვა იდეა, რომ თუნდაც ნარჩენების გამოყენებით ან სხვადასხვა გზით მივიღოთ ხელოვნური საკვები, რომელიც ნატურალურისგან არაფრით განსხვავდება. ასეთი პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით არის ჩვენს დახლებზე. ეს არის საკვები, რომელიც მცენარეული და ცხოველური ნედლეულიდან გამოყოფილი ნივთიერებებისგან ან ბიომასისგან მიიღება. ხელოვნური პროდუქტები - ეს არის პროდუქტები, რომელიც მიიღება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების გამოყენებით, რომელიც გამოყოფილია სხვადასხვა ცხოველური და მცენარეული ნარჩენებისგან ან მიკრობული ბიომასისგან. ბოლოს მიღებულ მასას სხვადასხვა საკვები დანამატიც ემატება, რომელიც მას სათანადო გემოსა და არომატს აძლევს.
კვინკეს შეშუპება - გემრიელი სადილის ნაცვლად?!
რა უარყოფითი შედეგი მოაქვს ხელოვნურ პროდუქტებს? - ამ შეკითხვის საპასუხოდ მხოლოდ ერთ ფაქტს გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ მომხმარებელმა ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა ხორცი, რომელშიც სოია იყო შერეული. ამ კაცს სოიაზე ალერგია ჰქონდა და კვინკეს შეშუპება მიიღო - ეს არის ურთულესი მდგომარეობა, რომლის დროსაც სასუნთქი ორგანოები იმდენად შუპდება, რომ ადამიანი შეიძლება დაიხრჩოს. ამიტომ, ასეთ პროდუქტს უნდა ეწეროს, რომ ის ხელოვნურია. როდესაც მომხმარებელი ყიდულობს ძეხვს ან სოსისს, მასზე უნდა იყოს აღნიშნული, რომ ეს არის ძეხვი, რომელიც გაკეთებულია სუფთა ხორცისაგან ან ხელოვნური დანამატებისგან. მით უმეტეს, რომ ამ პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევა ლაბორატორიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ყველა სახის პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იყოს. კანონის მოთხოვნაა, რომ მომხმარებელი უნდა იყოს დაცული, როდესაც ის სურსათს ყიდულობს. ეტიკეტირების კანონი ყველა სასურსათო პროდუქტზე ვრცელდება და ყველას უნდა ეწეროს. რომ არ მოვტყუვდეთ, ეტიკეტი ყურადღებით უნდა წავიკითხოთ და დავათვალიეროთ. შემადგენლობა უნდა ვიცოდეთ და მერე უკვე ჩვენი ასარჩევია - ვიყიდით ხელოვნურ საკვებს ჩვენი ოჯახისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის, თუ ცოტა ძვირს გადავიხდით და არჩევანს ბუნებრივ პროდუქტებზე შევაჩერებთ.