ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მისია იმყოფებოდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ADB-ის მისიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, გუდაურში წყალმომარაგების სფეროში არსებული ვითარება გააცნო და წყალმომარაგების სისტემის პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერებინა.
აღსანიშნავია, რომ საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ის სათავე ნაგებობაც დაათვალიერეს, საიდანაც დღეს გუდაურის წყალმომარაგება ხორციელდება.
”აზიის განვითარების ბანკმა გუდაურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობაში 66 753 500 ლარის ფინანსური რესურსი გამოყო.
პროექტი სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შედეგად, გუდაური 2017 წლის ბოლოს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო 2018 წლიდან ინფრასტრუქტურული ობიექტები წყალარინების ერთიანი, ახალი ქსელით სარგებლობას შესძლებენ.
ამ ეტაპზე კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების, ასევე გამწმენდი ნაგებობის საპროექტო სამუშაოებს ახორციელებს”, - აცხადებენ კომპანიაში.