სოხუმის თეატრის ახალი სიცოცხლე - "აქამდე საკუთარი ჭერი არ ჰქონდა, ახლა კი სახლი აქვს"

სოხუმის თეატრის ახალი სიცოცხლე - "აქამდე საკუთარი ჭერი არ ჰქონდა, ახლა კი სახლი აქვს"

სოხუმში თეატრი 1885 წლიდან არსებობდა, სადაც ყოველთვის აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება დუღდა...

თუ ისტორიას გადავხედავთ, 1922 წელს იქ სცენის მოყვარეთა ქართული დრამატული კოლექტივი შეიქმნა, თუმცა პროფესიონალი მსახიობებიც მოღვაწეობდნენ. რეპერტუარში არაერთი კარგი სპექტაკლი ჰქონიათ, ხოლო 1928 წელს იქ მუდმივი პროფესიული ქართული და აფხაზური დასებიც გაიხსნა. ქართული დასის პირველი წარმოდგენა "ჰერეთის გმირები" იყო... XX საუკუნეში სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს კონსტანტინე გამსახურდიას სახელი ეწოდა...

1993 წლიდან, ომის შემდეგ, ის თბილისში დევნილობაში განაგრძობს არსებობას. ხელოვნების, საკუთარი საქმის სიყვარულით მსახიობებმა შეძლეს და დღემდე შეინარჩუნეს თეატრი, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქამდე საკუთარი კედლები არ ჰქონდათ და ხან რომელ შენობაში უწევდათ სპექტაკლების გამართვა, ხან - რომელში.

ამა წლის იანვარში, 24 წლის თავზე, სოხუმელებს საკუთარი ჭერი ეღირსათ. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი დავით საყვარელიძეა, რომლიც "ამბები.გე"-ს ამ მნიშვნელოვან სიახლეზე გაესაუბრა:

- ჩვენი თეატრი, ცოტა ხნის წინ, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ შენობაში განთავსდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ყოლბაიამ გადმოგვცა. დასი 24-ე წელია წამოსულია სოხუმიდან, დევნილობაში იმყოფება და აქამდე საკუთარი ჭერი არ გააჩნდა. ძნელია ასეთ პირობებში მუშაობა. მოკლედ, გადმოგვცეს საოფისე და სარეპეტიციო ფართი და ამავე შენობაში, 400-კაციანი დარბაზის გასარემონტებლად სამუშაოებიც დაიწყება და 2 წელიწადში საკუთარი სრულფასოვანი შენობა გვექნება.

- ე.ი. ახალ შენობაში რეპეტიციის საშუალება გაქვთ, თუმცა სპექტაკლების გასამართად სცენა და დარბაზი არა?

- კი, იქ სარემონტო სამუშაოებია ჯერ ჩასატარებელი. სარეპეტიციო და საოფისე ფართი კარგ მდგომარეობაშია. უბრალოდ, ჯერჯერობით, წარმოდგენებს ისევ სხვა თეატრების სცენებზე ვთამაშობთ, ვქირაობთ დარბაზს, მაგრამ, როგორც გითხარით, 2 წლის თავზე, საკუთარი გვექნება და თეატრში მაყურებელს მივიღებთ.

- რა შენობა გადმოგეცათ?

- 70-იან წლებში რაღაც დაწესებულება იყო აქ, რომელსაც თავისი სააქტო დარბაზი ჰქონდა. ადრე ხომ იცით, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, წესის მიხედვით აკეთებდნენ სააქტო დარბაზსაც და თეატრსაც. ნორმები და სტანდარტები გათვალისწინებული და დაცული იყო. ამიტომ დიდი და კარგი შესაძლებლობის მქონე დარბაზია, რომელიც წლების განმავლობაში დაზიანდა და გასარემონტებელია.

- 2 წელიწადზე მეტია, რაც ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ... რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- კი, 2 წელიწად-ნახევარია, რაც კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ.

10 წელი ვიყავი ოპერისა და თეატრის ხელმძღვანელი. იქიდან რომ წამოვედი, ბევრ რამეს მთავაზობდნენ. მართალი გითხრათ, არ მინდოდა, სახელმწიფო თეატრებთან ურთიერთობა და შემოთავაზებებზე უარი ვთქვი, მათ შორის რუსთაველის თეატრის დირექტორობაზე და სხვადასხვა პოზიციაზეც. ამ წინადადებაზე კი, რომელიც დიმა ჯაიანმა გამიკეთა, უარი არ გამოვიდა, რადგანაც თავს მოვალედ ვთვლი, აფხაზეთის დაბრუნების პროცესში ჩემებური წვლილი შევიტანო. მოკლედ, აქ სამსახური ჩემს ვალდებულებად მივიჩნიე, ანუ ამ თეატრისთვის თუ რისი გაკეთება შემიძლია... 

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული კულტურის კერა იყო აფხაზეთში, - საქართველოს სახელმწიფოებრიობის ციტადელი. დასთან ისედაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა და როცა დახმარება მთხოვეს, უარი ვერ ვთქვი, თუ რატომ, ამაზე უკვე გითხარით.

- დასი რამდენი წევრისგან შედგება?

- 21 მსახიობია, მთლიანად თეატრი კი, ადმინისტრაციის ჩათვლით, 50 კაცამდეა. დასი სრულყოფილი რომ იყოს, 26 კაცია საჭირო, ამიტომ, ვცდილობ, ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანო, რომ საშტატო სტრუქტურა პატარა, ნორმალური დრამატული თეატრის შესაბამისი იყოს. მოკლედ, 4 მსახიობი გვაკლია. სიტყვაზე "ჰამლეტი", ან "მაკბეტი" რომ დავგდა, სადღაც 26 ადამიანი მჭირდება...

- თეატრის სიცოცხლისუნარიანობის და მისი აქამდე შენარჩუნების ფორმულა რაში მდგომარეობს?

- იცით, რომ ახლა მთელ მსოფლიოში დევნილების პრობლემა სერიოზულად დგას. ეს მარტო ახლა კი არა, ადრეც ასე იყო. დევნილობაში ბევრი ცნობილი ადამიანი ყოფილა და მათ მიერ გაკეთებული საქმეები ბევრად საინტერესოა ყოველთვის, რადგანაც მშობლიურ კუთხეს მოწყვეტილები ყველაფერს უფრო გამძაფრებულად აღიქვამენ. ამ პროცესს მოდი, ასე დავარქვათ, - ხელოვანი დევნილობაში. საერთოდ, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი თეატრია ასე (იუგოსლავიის ქვეყნებიდან, ბელორუსიდან, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან). ეს ადამიანები თეატრში ინტუიციურად განჭვრეტენ მომავალს, სიტყვაზე, როგორ შეიძლება მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა, რაც ძალიან საინტერესო პროცესია. ამიტომ ამ თემებზე შეგვიძლია თეატრში ვისაუბროთ, ვთქვათ, როგორ შეიძლება შევურიგდეთ აფხაზეთს, ჩვენი იქ დაბრუნება როგორ შეიძლება მოხდეს. პოლიტიკოსები ამაზე არ მუშაობენ. ამ მიმართულებით ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი არ არის მომართული, არც ერთი ორგანიზაცია, ისტორიკოსი, მეცნიერი ანალიზს არ უკეთებს, არ განჭვრეტს, როგორი გზით განვითარდეთ. მიმჩნია, რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სახელმწიფო თეატრებმა უნდა აიღონ და თეატრალური პროცესებით საინტერესოდ წარმოაჩინონ ესა თუ ის იდეა. ამიტომაც არის, რომ ეს თეატრი გამორჩეულად საინტერესოა, გვინდა, რომ სწორედ ასე ინტეგრაციაში მოვიდეთ ევროპასთან, რომელიც დევნილების თემაზე აქტიურად მუშაობს.

მოკლედ, მონდომებულები ვართ და ვმუშაობთ, თან, თეატრალური პროცესებისთვის, როგორც ვთქვი, ეს ყველაფერი კარგი თემებია. გაწევრიანებულები ვართ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში. ვყოფილვართ კარგ ფესტივალებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო პატარა ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ ფუნდამენტურია ეს ნაბიჯები...

აქამდე თეატრს საკუთარი ჭერი არ ჰქონდა, ახლა კი უკვე საკუთარი სახლი აქვს, რისთვისაც მადლობა ვახტანგ ყოლბაიას და ეკონომიკის სამინისტროს, რომ საშუალება მოგვცეს, ნაყოფიერად ვიშრომოთ. უახლოეს მომავალში უცხოელი რეჟისორების მოწვევაც გვინდა...

ლალი ფაცია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი