ისეთ კრიტიკულ თვეებში, როგორიც იანვარი და თებერვალია ლარმა მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც დაიწყო გამყარება. პროცესი 5 იანვრიდან დღემდე მიმდინარეობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ექსპერტთა ნაწილის ვარაუდი, რომ 2017 წლის პირველ 2 თვეში ეროვნული ვალუტა 2,80-ის ნიშნულს გადასცდებოდა არ გამართლდა. დღესდღეობით ეკონომიკისთვის მისაღებ გაცვლით კურსად 2,20-2,30 სახელდება.
ლარის გამყარებას, თავის მხრივ, ხელს უწყობს მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასის შემცირება და რეფინანსირების სესხის შეზღუდვაც. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მიმოქცევაში 2,999 მლრდ ლარი ბრუნავდა, ხოლო 7 თებერვლის მდგომარეობით, 2.759 მლრდ ლარი. გამოდის, რომ ნაღდი ფულის მასა პირველი იანვრიდან დღემდე 240 მლნ-ით შემცირდა. დაახლოებით ასეთივე მოცულობით დაიკლო რეფინანსირების სესხებმაც.
"რეზონანსთან" საუბრისას საბანკო სფეროს სპეციალისტმა გოჩა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ლარის გამყარების მთავარი მიზეზი მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის შეზღუდვაა, რაც ერთგვარად პოზიტიური ტენდენციის მიზეზი ხდება.
"ლარის გამყარების ზუსტი მიზეზების დადგენა ცოტა რთულია. საქართველოში არაფინანსურ და ფინანსურ სექტორს აქვს საკმაოდ დიდი ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში. მათ უწევთ გარკვეულ პერიოდში ამ ვალების დაფარვა. შესაბამისად, ეს წარმოშობს მოთხოვნას დოლარზე, თუმცა ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როდის ხდება ამ ვალების გასტუმრება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც იწვევს სავალუტო ნახტომებს. როგორც ჩანს, ახლა ვალების მომსახურების პერიოდი არ არის.
მეორე ფაქტორი არის მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის შეზღუდვა. თუ დეფიციტური ხარჯვა იზრდება, ლარის კურსი უფასურდება, ხოლო თუ მცირდება, მაშინ მყარდება. რაც შეეხება რეფინანსირების სესხებს, იგი კურსზე მყისიერ გავლენას არ ახდენს", - განუცხადა "რეზონანსს" თუთბერიძემ. განაგრძეთ კითხვა