ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია კიდევ ერთ კერძო სკოლას - "ხიხანს" გაუუქმა. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კერძო სკოლის დირექცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
"ეს არის ბიზნესის მოკვლის მცდელობა. აქ საუბარია ბავშვებზე, მშობლებზე. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია. ამას გავასაჩივრებთ. გარკვეული სიმართლე ჩვენს მხარესაა და ვაპირებთ თავის დაცვას, - აცხადებენ სკოლის დირექციაში.
თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, 2016 წლის მონიტორინგის გეგმაში, სხვა დაწესებულებებთან ერთად მოხვდა მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა "ხიხანი“, როგორც მაღალი რისკის შემცველი დაწესებულება ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით.
მათივე ცნობით, 2016 წლის 7-8 ნოემბერს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად რიგი დარღვევები აღმოჩნდა, მათ შორის, სკოლას არ ჰყავდა არც ერთი პედაგოგი მოქმედი ხელშეკრულებით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ოფიციალური მონაცემებით, სკოლას 191 მოსწავლე ჰყავდა, მონიტორინგის დროს კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 14 ესწრებოდა გაკვეთილებს.
"განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ძირითადი მიგნებები: ძველი თარიღებით გაფორმებული დოკუმენტები; დოკუმენტები სხვა სკოლის სახელწოდებით, ძველი თარიღებით, მათ შორის შეფასების სისტემები, რომლებიც აცდენილია სკოლის სტატუსს და წარმოდგენილია I-XI Iკლასით, მაშინ როდესაც სკოლა ახორციელებს საშუალო საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლებას და შესაბამისად, მას ჰყავს მხოლოდ X-XII კლასი; კანონით გათვალისწინებული ვებ-გვერდისა და საჯარო ინფორმაციის არქონა; პერსონალთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებსაც ვადა ამოეწურათ 2013 წლის 1-ელ სექტემბერს; ვიზიტის დროს სკოლას არ ჰყავდა არც ერთი პედაგოგი მოქმედი ხელშეკრულებით.
ასევე, საინფორმაციო სისტემის ერთიან ბაზაში დაფიქსირებულია, რომ სკოლას ჰყავს 191 აქტიური მოსწავლე, რაშიც სახელმწიფოსგან იღებს ვაუჩერს. სკოლაში ვიზიტის დროს გადამოწმდა გაკვეთილებზე მოსწავლეების დასწრება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გაკვეთილებს ესწრებოდა მხოლოდ 14 მოსწავლე მთლიანობაში. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ გაკვეთილს ესწრებოდა მოსწავლე, რომელიც არ ირიცხებოდა აღნიშნულ კლასში და რიგ შემთხვევებში, მოსწავლეები საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. ასევე, შემთხვევითობის პრინციპით გადამოწმდა ოთხი კლასის ჟურნალი წარმოების კუთხით. შემოწმებამ აჩვენა, რომ სკოლაში არ ხდება მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა, ჟურნალი არ იწარმოება შესაბამისი წესით, ჟურნალში არ ხდება შეფასების შეტანა, დაჯამება, არ ფიგურირებს მოსწავლეების სამუშაოს შემაჯამებელი შეფასებები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 20016 წლის 15 თებერვალს მრავალპროფილიან საშუალო სკოლა " ხიხანს“ გააუუქმა ავტორიზაცია", - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა.
წაიკითხეთ ასევე: რამდენს იხდიდნენ მშობლები შვილების განათლებისთვის კერძო სკოლებში, რომლებმაც რეავტორიზაცია ვერ გაიარეს