შვილად აყვანა საქართველოში - ვის ეკრძალება ბავშვის აყვანა და რა პროცედურებს გადიან მომავალი მშობლები

შვილად აყვანა საქართველოში - ვის ეკრძალება ბავშვის აყვანა და რა პროცედურებს გადიან მომავალი მშობლები

საქართველოში შვილის აყვანის 3262 მსურველია რეგისტრირებული, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი კი 161-ს აქვს - რაც იმას ნიშნავს, რომ 1 გასაშვილებელ ბავშვზე დაახლოებით 20 მსურველი მოდის. შვილად აყვანა რიგითობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. პირი, რომელიც ახლა სიაში პირველია, 1998 წლის 1 ივნისს დარეგისტრირდა.

წლობით ლოდინს გასაშვილებელი ბავშვების სიმცირის გარდა, ხშირ შემთხვევაში სასურველი კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობაც განაპირობებს. სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას შესაძლებელია სქესის, ეთნიკური ან რელიგიური წარმომავლობის, ფიზიკური მონაცემების, სასურველი კანის, თმის ან თვალის ფერის მითითება.

  • 3262 მსურველიდან 505 უპირატესობას მამრობითი სქესის ბავშვს ანიჭებს
  • 855-ს კი მდედრობითი სქესის ბავშვი სურს
  • 1902 მსურველისთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს

სასურველ კრიტერიუმთა შორის მთავარი მოთხოვნებია: 0-დან 2 წლამდე ასაკი და ეროვნებით ქართველი ბავშვი. ზოგიერთ შემთხვევაში, იმის გამო, რომ ბავშვი ეროვნებით ქართველი არ არის, მას იწუნებენ და შვილად აყვანისგან თავს იკავებენ. დაწუნების მიზეზი ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. გასაშვილებელი სტატუსის მქონე 120 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მშვილებელი კანდიდატების მხრიდან მათზე უარის თქმის მიზეზი ხდება.

ბავშვის მშვილებელი არ შეიძლება იყოს გარკვეული კატეგორიის მქონე ადამიანი, მათ შორის:

  • პირი, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება
  • პირი, რომელსაც აღენიშნება ტუბერკულოზი, შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში; ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი, ონკოლოგიური დაავადებები; ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი და სხვა.
  • პირი, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი.
რა ეკრძალება შვილის აყვანის მსურველს:

  • აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე;
  • აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით, ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ ქმედებაში ხელის შეწყობა;
  • აკრძალულია გასაშვილებელი ბავშვისა და მშვილებლის საჯარო განცხადებით ძებნა ან შეთავაზება. გამონაკლისია საჯარო განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შვილად აყვანის საკითხებზე უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ორგანოს. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, თუმცა, საპატიო მიზეზის არსებობისას, სასამართლომ შესაძლებელია ეს ასაკობრივი სხვაობა შეცვალოს;
მიუხედავად იმისა, რომ შვილად აყვანა რიგითობის პრინციპის დაცვით ხორციელდება, კანონმდებლობა შვილად აყვანის შემდეგ წესს ითვალისწინებს: პირდაპირს, ნათესაურს, ფაქტობრივს და მიმღების უპირატესობით, როდესაც საქმის გარემოებებიდან და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე რიგითობის პრინციპის დაცვა ვერ ხერხდება. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიმართ რიგითობის პრინციპი არ მოქმედებს.

გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს, ასევე მიმღებ ოჯახს, უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში.

AMBEBI.GE შვილად აყვანის მსურველების დარეგისტრირებისა და ბავშვის აყვანის ინტენსივობით დაინტერესდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2012 წელს მშვილებელ კანდიდატთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირდა ბავშვის შვილად აყვანის მსურველი 577 პირი/ოჯახი, 2013 წელს -574 პირი/ოჯახი, 2014 წელს -356 პირი/ოჯახი, 2015 წელს -274 პირი/ოჯახი, 2016 წელს -244 პირი/ოჯახი;

2012 წელს მშვილებელ კანდიდატთა ერთიან რეესტრში დარეგისტრირებულმა 209 ოჯახმა/პირმა განახორციელა შვილად აყვანა, 2013 წელს -219 ოჯახმა/პირმა; 2014 წელს - 176 ოჯახმა/პირმა; 2015 წელს -164 ოჯახმა/პირმა; 2016 წელს - 130 ოჯახმა/პირმა;

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სამართლებრივი რეგულაციები იცვლება. საქართველოს პარლამენტში "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა 6 თვეს აღემატება. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული 6-თვიანი ვადა 3-თვემდე მცირდება. კანონპროექტით მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც ხდება.

პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის, მშვილებელთა ან მინდობით აღმზრდელთა მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა - სერტიფიცირება, რაც შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრში აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მოიწონა და საგაზაფხულო სესიაზე ცვლილებების კენჭისყრა იგეგმება.

ანა მარშანია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ