"როდესაც ევროპული ქვეყნის მოსახლეობას ართმევ უფლებას, შეუზღუდავად იმოგზაუროს ევროპაში, ეს სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე "გულაგი"
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ბრიუსელში დიდი უპირატესობით მიიღეს (553 ხმა), იმ სამოცდაექვსი დეპუტატისგან, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს, რამდენიმემ საკმაოდ მწვავე გამოსვლით დაგვამახსოვრა თავი. ბრიტანელმა ჯერარდ ბატენმა, რომელიც ბრექსიტის მთავარ შემოქმედ დამოუკიდებლობის პარტიას წარმოადგენს, "ევროპის პერიფერია" გვიწოდა და ევროკავშირი გააფრთხილა, თუ ასე გააგრძელებთ, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია და დანარჩენებიც ბრიტანეთივით გაგექცევიანო. მისმა თანამემამულე და თანაპარტიელმა სტივენ ვულფმა განაცხადა, რომ "საქართველო ტერორიზმის საფრთხეს შეიცავს". "ემიგრაციის კრიზისის შემდეგ, როგორ ჩანს, ახლა ორგანიზებული დანაშაულისთვის კარის გაღებას ვგეგმავთ. გვჭირდება კი ასეთ სიტუაციაში სავიზო რეჟიმის გამარტივება?"- იკითხა ჰოლანდიელმა ვიკი მაიერმა, რასისტული და ანტიისლამური მიდგომებით ცნობილი თავისუფლების პარტიის წევრმა (პარტიის ლიდერი გეერტ ვილდერსი 2006 წლიდან მუდმივი დაცვის ქვეშაა, რადგან ისლამოფობიური გამოსვლების გამო მასზე ისლამისტებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული). ყველაზე "საგულისხმო" კი მაინც ბერძენი ევროდეპუტატის, ნეონაცისტური პარტია "ოქროს განთიადის" წევრის, ლამპროს ფუნტულისის გამოსვლა იყო, რომელმაც "კორუფციაში ჩაფლულ ქვეყნად" მოგვნათლა და ყალბი პასპორტების მასობრივად გაცემაში დაგვადანაშაულა.