ყველაფერი, რაც ქალმა ინტიმური ჰიგიენის შესახებ უნდა იცოდეს - რჩევები გინეკოლოგისგან

ყველაფერი, რაც ქალმა ინტიმური ჰიგიენის შესახებ უნდა იცოდეს - რჩევები გინეკოლოგისგან

სიტყვა "ჰიგიენა" ჰიგიას სახელიდან მომდინარეობს და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება. ჰიგია ბერძნულ მითოლოგიაში ჯანმრთელობის ქალღმერთია, მედიცინისა და მკურნალობის ღმერთის ასკლეპიოსის ქალიშვილი. ძველი ბერძნები ჰიგიას თასიდან გველის დაპურებისას გამოსახავდნენ. სწორედ აქედან იღებს სათავეს მედიცინის ემბლემა - გველშემოხვეული თასი.

რას გულისხმობს ქალის ჰიგიენა, როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე? ამის შესახებ mkurnali.ge-ს ესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო მაჭავარიანი.

"ინტიმური ჰიგიენა დელიკატური სფეროა, ამიტომ ხშირად მას თავს არიდებენ, მაგრამ სიჩუმე შეიძლება დიდ უსიამოვნებად შემოგვიბრუნდეს. ქალის სასქესო ორგანოების დაავადებათა უმრავლესობა სწორედ ინტიმური ჰიგიენის წესების დაუცველობის ბრალია, ასე რომ, ვიდრე საქმე უსიამოვნებამდე მივა, უმჯობესია, თამამად განვიხილოთ ეს საკითხები. საშოს შესასვლელი ანალურ ხვრელთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ქალის ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა შინაგან სასქესო ორგანოებში ინფექციის მოხვედრა თავიდან ავიცილოთ. საშვილოსნო ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის დროს, რადგან ამ პერიოდში მის ყელს დამცავი საცობი არ ფარავს.

სასქესო ორგანოების თავდაცვითი უნარი ქალის ასაკზეა დამოკიდებული. 17-18 წლამდე გოგონას საშოს მიკროფლორა ყოველგვარი არასასურველი ზემოქმედებისას იოლად ირღვევა. მისი მდგრადობა დაქვეითებული აქვთ ასევე კლიმაქსური ასაკის ქალებს. სიცოცხლის ამ პერიოდში ინტიმური ჰიგიენის წესები განსაკუთრებული გულისყურით უნდა იქნეს დაცული.

ქალის ინტიმური ჰიგიენის წესები ასეთია:

  • ინტიმური ადგილების დასაბანად არ შეიძლება ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპნის გამოყენება. კანის მჟავატუტოვანი ბალანსი 5,5-ის ტოლია, ხოლო საშოსი - გაცილებით დაბალი, 3,3-ის ტოლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშოში მჟავა გარემოა. საშოს ლორწოვანი გარსი წარმოადგენს მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმს, სადაც მენსტრუაციული ციკლის ერთ-ერთ ფაზაში გლიკოგენი გროვდება. სწორედ ამ ნივთიერებას იყენებენ საშოში მობინადრე ლაქტობაქტერიები და გამოიმუშავებენ რძემჟავას, რომელიც ხელს უშლის საშოში პათოლოგიური მიკროფლორის განვითარებას. როდესაც საშოს გარემო ამა თუ იმ მიზეზით ტუტიანდება, ლაქტობა-ტერიების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება და მათ ადგილს მავნე მიკრობები იკავებს - ვითარდება დისბაქტერიოზი ანუ ბაქტერიული ვაგინოზი. საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის რღვევის ყველაზე უბრალო და გავრცელებული მიზეზი მასში საპნის ტუტე ქაფის მოხვედრაა. აბაზანის ჩვეულებრივი ჟელეც ინტიმური ადგილების მჟავატუტოვან ბალანსს ტუტოვანისკენ გადახრის. თუ ეს ერთხელ მოხდა, არაფერია, მაგრამ მუდმივი ტუტოვანი დარტყმა საშოს მიკროფლორას არღვევს. მრავლდება პათოლოგიური ბაქტერიები და ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები. ამასთანავე, ტუტოვანი გარემო სპერმატოზოიდების გადაადგილებას აფერხებს. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად ინტიმური ადგილების დასაბანად მხოლოდ სპეციალური საშუალებები უნდა გამოვიყენოთ.

  • გახსოვდეთ: ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები არ კურნავს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. თუ გამონადენი, ქავილი ან წვა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. გარეთა სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ მაინც ჩაიბანეთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიბანოთ საშო შხაპით.
  • მენსტრუაციისას გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა სასურველია ტუალეტში ყოველი შესვლისას. თუ ეს შეუძლებელია, გამოიყენეთ სპეციალური სველი ხელსაწმენდები, რომლებიც ანტისეპტიკური ლოსიონით არის გაჟღენთილი. ისინი არ შეიცავს სპირტს, რომელიც ლორწოვან გარსს აღიზიანებს. სამაგიეროდ, მრავალი მათგანის შემადგენლობაში შედის დამატენიანებელი მცენარეული ზეთები, დამამშვიდებელი სამკურნალო ბალახები და რძემჟავას მჟავატუტოვანი წონასწორობის აღმდგენი ექსტრაქტები.
  • ანალური ხვრელის გარშემო არე ჩვეულებრივი საპნით დაიბანეთ, - ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელე ამ მიდამოს დეზინფექციისთვის არ კმარა. დაბანისას ხელების მოძრაობა და წყლის ნაკადი წინიდან უკან უნდა იყოს მიმართული (ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ტუალეტის ქაღალდის მოძრაობის მიმართულებაც ასეთივეა).
  • დაბანის შემდეგ სისველეს ნუკი გაიმშრალებთ, არამედ შეიშრეთ, რათა შემთხვევით გარეთა სასქესო ორგანოების ნაზი ლორწოვანი არ დაიზიანოთ. პირსახოცი სუფთა, რბილი და ინდივიდუალური უნდა იყოს.
  • ინტიმური ადგილების დაბანისას ღრუბელი საჭირო არ არის - მან შესაძლოა ავნოს სასქესო ორგანოების მგრძნობიარე კანს.
  • ყოველდღიური საფენები ოთხ საათში ერთხელ მაინც გამოიცვალეთ. რაც უფრო მეტხანს დარჩება საფენი საშოს მიდამოში, მით უფრო მეტია მავნე ბაქტერიების გამრავლების საფრთხე. თუ ალერგიული ბრძანდებით, არომატიზატორებიან საფენებს ნუ შეიძენთ.
  • ატარეთ მოხერხებული ქვედა საცვლები - ეს ინტიმური ჯანმრთელობის საფუძველია. გინეკოლოგები ყველაზე მეტად მოდურ ქვედა საცვლებს - სტრინგსა და ტანგას ემტერებიან. რასაკვირველია, ისინი მიმზიდველი და სექსუალურია, მაგრამ სიარულისას თხელ ზონარს ბაქტერიები ანუსიდან სასქესო ორგანოებისკენ გადააქვს. გარდა ამისა, საცვალი კანს მეტისმეტად მჭიდროდ ეხება და მის სისხლმიმოქცევას არღვევს.
  • თეთრეული ბამბის ან სელის უნდა იყოს. ნატურალური ქსოვილი იწოვს სისველეს, კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის განაგრძეთ კითხვა mkurnali.ge-ზე