საქართველოში გავრცელებული ქრონიკული დაავადებები - რა იწვევს მათ და როგორ ავირიდოთ თავიდან

საქართველოში გავრცელებული ქრონიკული დაავადებები - რა იწვევს მათ და როგორ ავირიდოთ თავიდან

ბოლო წლებში საქართველოში ქრონიკული დაავადებების რიცხვმა იმატა. გასულ წელს ორგანიზაცია "ოქსფამის" მიერ ჩატარებულ კვლევით გამოვლინდა, რომ 1000 გამოკითხული ადამიანიდან, 64% ოჯახის წევრებში ამა თუ იმ ქრონიკული დაავადების არსებობას აფიქსირებს. მათ შორის ყველაზე მაღალი პროცენტით გამოირჩევა ჰიპერტენზია და გულსისხლძარღვთა დაავადებები, 11%-ს აღენიშნება დიაბეტი, 3%-ს კიბო.

ქრონიკული დაავადებებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და სხვ. გულსისხლძარღვთა დაავადებები არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა. თუმცა, საქართველო ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შედის.

კვლევის მონაცემებით, არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით მოსახლეობის ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფებია:

შემოსავლების მიხედვით: დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობა, რომელიც უპირატესად ნახშირწყლოვან საკვებს, ცხიმებს და ტკბილეულს მოიხმარს და პრაქტიკულად ვერ იღებს ხილსა და ხორცეულს.

გეოგრაფიული პრინციპით: საკვების ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები სოფლად უფრო მეტია ვიდრე ქალაქში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთაში არაგადამდები დაავადებების გავრცელების უფრო მაღალი საშიშროებაა.

ამდენად, კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის არაგადამდები დაავადებების გავრცელების ერთ-ერთი მძლავრი რისკ-ფაქტორია დაუბალანსებელი კვება, მრავალფეროვნების დაბალი ხარისხი, რაც მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტთან ასოცირდება.

როგორც AMBEBI-სთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა ლელა სტურუამ განაცხადა, გაიზარდა როგორც ქრონიკული დაავადებები, ასევე მათგან გამოწვეული სიკვდილიანობაც. მისი თქმით, ქრონიკულ დაავადებებს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

"ქრონიკული დაავადებებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები და დიაბეტი. სიტყვა - ქრონიკული დაავადება, იხმარება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს ქრონიკული დაავადებები გახდა ასევე B და C ჰეპატიტიც. შეიძლება ითქვას, რომ ქრონიკული დაავადება გახდა აივ შიდსიც," - აღნიშნა სტურუამ.

მისი თქმით, არაგადამდები დაავადებების რისკ ფაქტორებია - თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და არაჯანსაღი კვება, რაც მოიცავს დიდი რაოდენობის მარილის, ცხიმებისა და შაქრის მიღებას, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებ მიღებას.

"შემდეგია ბიოლოგიური რისკ ფაქტორები, რომელსაც მიეკუთვნება სხეულის მასის ინდექსი, ჩვენი წონა-სიმაღლის შეფარდება, არტერიული წნევის ციფრები, ასევე სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაცია. ასევე მოქმედებს გარემო ფაქტორებიც - სტრესი, ხმაური, ჰაერის დაბინძურება, ვიბრაცია, კლიმატის ცვლილება, პროფესიული სტრესი.

ზოგიერთი ფაქტორის თავიდან აცილება მარტივია, მაგალითად თამბაქო, სასმელი და ა.შ. თუმცა, კლიმატის ცვლილების თავიდან აცილება რთულია, ხოლო გენეტიკურ ფაქტორებს ვერანაირად ვერ ავიცილებთ," - განაცხადა მედიცინის დოქტორმა ლელა სტურუამ.

აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქრონიკული დაავადებების რისკიც მატულობს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია გენდერი - ზოგიერთი დაავადება უფრო მეტად რომელიმე ერთ სქესშია გავრცელებული.

ლიკა ამირაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი