როგორც სჩვევია, თავისი საფირმო ღიმილით შემხვდა, თბილად მომიკითხა და შინ შემიძღვა. მაგიდის სხვადასხვა მხარეს მოვკალათდით მე და ჩემი მასპინძელი, ყველასთვის საყვარელი ბუბა კიკაბიძე. უკვე დათბა... ახლოვდება გაზაფხულის პირველი დღესასწაული - "დედის დღე". ამ დღეს, ბედნიერი ადამიანების უმეტესობა, დედასთან ერთად ატარებს, ვისაც დედა აღარ გვყავს - მე და ჩემი რესპონდენტივით - ვიხსენებთ მათ ფრაზებს, ქცევებს, თვისებებს...
ბუბა კიკაბიძე:
- მეგონა, სანამ მე ვიქნები, დედაც სულ მეყოლებოდა... ადრე არასდროს ვნახულობდი სიზმარში, რაც წავიდა, მას შემდეგ კი სულ მესიზმრება. ჩვენი თაობის დედებმა ძალიან ბევრი გაჭირვება გადაიტანეს. ფაქტობრივად, ჩვენთვის მამებიც ისინი იყვნენ და დედებიც. დედა ძალიან კარგი მომღერალი იყო. მღეროდა ბიძაჩემის, ჯანო ბაგრატიონის ჯაზორკესტრში, მერე საქართველოს სახელმწიფო კაპელაში, მას შემდეგ კი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიონის ტაძარში გალობდა. მორწმუნე ქალი იყო. მე ცუდად ვსწავლობდი. იმ დროს, როდესაც დედა ამთავრებდა გალობას, გავუვლიდი ხოლმე და ერთად მივუყვებოდით სახლისკენ გზას. ერთხელ, დაახლოებით 9-10 წლის რომ ვიყავი, ვკითხე, - დედა, სულ ღმერთს რომ ახსენებ, იცნობ-მეთქი? - როგორ არა, ყოველდღე ვხედავო, - მიპასუხა... როგორია-მეთქი? - შენ ხარ... ყველა ადამიანში არის ღმერთი. როგორი ადამიანიც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო, - მომიგო. სწორია!
ჩემი ონავრობის გამო, დედას ხშირად იბარებდნენ სკოლაში. ერთხელ მესამე კლასში დამტოვეს, მეორედ - მეექვსეში, მესამედ - მერვეში. ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა ანუგეშა, - ნუ ნერვიულობ, მანანა, შენი ბიჭი არტისტი გამოვაო... სკოლის დამთავრების შემდეგ ხან მშენებლობებზე ვმუშაობდი, მერე კინოსტუდიაში, მულტიპლიკაციის "ცეხშიც" ვხატავდი... შემდეგ ავმღერდი. დედა სულ მეუბნებოდა: არა გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით სცენაზე რომ მღერიო?! ეტყობა, ჩემი სიმღერიდან და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩემზე თავისებური წარმოდგენა ჰქონდა შექმნილი. ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისში, ვიდრე საზოგადოება გამიცნობდა. ერთხელ, მეგობარი შეხვედრია. მოუკითხავთ ერთმანეთი. მას უთქვამს: ჩემი შვილებიდან ერთი ფიზიკოსია, მოსკოვში მუშაობს, მეორე - იქ მიიწვიეს, მესამეც - იქო. მერე მე მოვუკითხავვარ, - ბუბა რას საქმიანობსო? დედას ღაწვები წამოსწითლებია, თავი დაუხრია და დარცხვენილს უპასუხია: ბარაბანზე უკრავსო.