”ბი-პი საქართველო” პარასპორტის მხადაჭერასა და დაფინანსებას აგრძელებს

”ბი-პი საქართველო” პარასპორტის მხადაჭერასა და დაფინანსებას აგრძელებს

”ბი-პი საქართველო” საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტსა და საქართველოს პარასპორტსმენებთან თანამშრომლობას 2020 წლამდე აგრძელებს. საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის შალვა მაისურაძისა და ”ბი-პი საქართველოს” გენერალური მენეჯერის კრის შლიტერის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, ”ბი-პი საქართველო” იქნება საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორი 2020 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზეც, რომელსაც ტოკიო უმასპინძლებს.

კომიტეტის მხარდაჭერის პარალელურად, ”ბი-პი საქართველო” განსაკუთრებულად ეხმარება თავის ელჩ პარასპორტსმენებს: ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს, მოცურავე ნიკა თვაურსა და მოფარიკავე ირმა ხეცურიანს.

„ ჩვენ დიდ პრივილეგიად მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პირველი ოფიციალური პარტნიორები ვართ 2011 წლიდან. მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც კომიტეტთან, ისე ჩვენს ელჩ პარასპორტსმენებთან რიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგების განსამტკიცებლად,” - განაცხადა ”ბი-პი საქართველოს” გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში კრის შლიტერმა.

საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი 2003 წელს დაარსდა. პირველად პარაოლიმპიადაზე საქართველომ 2008 წელს პეკინში 1 სპორტსმენით იასპარეზა. 2016 წელს რიოში კი 5 ლიცენზიანტით იყო წარმოდგენილი. ამჟამად იწყება 2020 წლის ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ციკლი. ამ პროცესში კომიტეტისა და პარასპორტსმენებისთვის ”ბი-პი საქართველოს” მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

”საქართველოს პარაოლიმპიური მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი კომპანიის მხარდაჭერა, როგორიც ”ბი-პი საქართველოა”. ასევე განსაკუთრებულია კომპანიის ელჩი სპორტსმენების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც პარასპორტსმენისადმი თანადგომის უპრეცედენტო მაგალითია” - აღნიშნა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა შალვა მაისურაძემ.

თანამშრომლობის ოფიციალური გაფორმების ცერემონიალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრო. მან პარაოლიმპიური კომიტეტის საქმიანობისა და კერძო სექტორის მხრიდან მისი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქართველი პარასპორტსმენები ამჟამად სხვადსახვა ტურნირებისთვის ემაზდებიან. ირმა ხეცურიანი ახლახანს ეგერში გამართულ მსოფლიო თასის შეჯიბრზე ეტლით მოფარიკავეთა შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 16-20 მარტს კი იტალიის ქალაქ პიზაში გაემგზავრება მსოფლიო თასის თამაშებზე.

კიდევ ერთი ელჩი პარასპორტსმენი ნიკა თვაური განაგრძობს მზადებას ღია ჩემპიონატისთვის ცურვაში უსინათლოთა შორის, რომელიც ივლისში გერმანიაში გაიმართება.

მესამე ელჩი პარასპორტსმენი ზვიად გოგოჭური კი ბაკურიანში ორკვირიანი სპორტული შეკრების შემდეგ მზადებას აგრძელებს ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც აგვისტოში ბირმინგემში გაიმართება.

პარაოლიმპიურ მოძრაობას საფუძველი დიდ ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა და სპინალური დაზიანების მქონე ვეტერანთა სოციალურ რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად. პირველი პარალიმპიური თამაშები რომში 1960 წელს გაიმართა. 1988 წლიდან კი ის 4 წელიწადში ერთხელ ოლიმპიურ წელს იმავე ქალაქებსა და ს სპორტულ არენებზე ტარდება, სადაც ოლიმპიური თამაშები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი