როგორ უნდა აარჩიოთ პური სწორად და როდისაა ეს აუცილებელი პროდუქტი საშიში

როგორ უნდა აარჩიოთ პური სწორად და როდისაა ეს აუცილებელი პროდუქტი საშიში

პური - პროდუქტი, რომელსაც თითქმის ყველა, ყოველდღიურად ვიღებთ. ის საუზმის, სადილის, ვახშმის განუყოფელი ნაწილია.

აუცილებელია თუ არა პური ჩვენი ორგანიზმისთვის? რომელი პურის სახეობაა საუკეთესო? რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს გემრიელი, მაგრამ უამრავი დანამატებით გაჯერებული პური ჩვენი ჯანმრთელობისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ პურის ყიდვის დროს? - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" ამ პროდუქტის შესახებ ყველა საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით.

პური შეიცავს ჯამრთელობისათვის და ნივთიერებათა ცვლის სრულფასოვნად წარმართვისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს, ეს არის: ნახშირწყალი, მცენარეული ცილა, ცხიმები, უჯრედისი, B ჯგუფის ვიტამინები და ბიოტინი, ასევე პური გამოირჩევა მიკროელემენტებისა და მინერალების ფართო სპექტრით. ამასთანავე ცნობილია, რომ პური გახლავთ ერენგეტიკულად ღირებული მაღალკალორიული პროდუქტი. თუმცა, ეს სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერებები თავმოყრილია ხორბლის მარცვლის გარსში და ჩანასახში. თანამედროვე დამუშავების პროცესში, მარცვლის ყველაზე ფასეული ნაწილი ნარჩენებში მიდის, რჩება მხოლოდ სახამებელი, რომლისგანაც შედგება "უმაღლესი ხარისხის ფქვილი".

გაიგეთ უფრო მეტი პურზე, რომელიც ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია

თუ თქვენ ყიდულობთ უმაღლესი ხარისხის ფქვილს, ან მისგან გამომცხვარ პურს, იცოდეთ, რომ ის გამოცლილია თითქმის ყველა სასარგებლო ნივთიერებებისგან, რაც ხორბალში შედის. უმაღლესი ხარისხის ფქვილის მისაღებად მარცვალი ჯერ იფქვება, შემდეგ იცრება. მარცვლის წვრილად დაფქვისას ნადგურდება მასში შემავალი ვიტამინები, მინერალები, ასევე უჯრედისის შემცველი გარსი და მარცვლის ჩანასახიც, ამ დამუშავების შემდეგ რჩება მხოლოდ მარცვლის შუა შრე, ანუ სახამებელი.

გარკვეული ცდების შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად თეთრ პურს მოიხმარენ, მეორე ჯგუფის დიაბეტის განვითარების რისკი მეტია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც სხვა სახეობის პურს იღებენ.

კიდევ ერთი საშიშროება პურის შემადგენლობაში. გემრიელი პურის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი საფუარია, რომლის ყოველდღიური მიღება, ჩვენი ორგანიზმისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

ქეთი ასათიანი, ენდოკრინოლოგი: "რაც შეეხება მოსაზრებას, რომ პურის მიღება დაუშვათ, ხომ არ იწვევს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, ვფიქრობ, ეს მოსაზრება ეფუძნება იმას, რომ პური და თეთრი პური ძირითადად არის სახამებელი და საკმაოდ ადვილად ათვისებადი კალორიების წყაროა. ამასთანავე, პურს აქვს საკმაოდ მაღალი გლიკემიური ინდექსი, ანუ პურის მირთმევისას სისხლში ხდება გლუკოზის ანუ შაქრის მყისიერი მატება, რასაც თან სდევს კუჭქვეშა ჯირკვლიდან, ანუ პანკრეასიდან ინსულინის უფრო მეტი რაოდენობით გამომუშვება და წყდება ცხიმის დაშლის პროცესი. ამასთანავე, თეთრი ფური არის უჯრედისით საკმაოდ ღარიბი და ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს იმ მოსაზრებას, რომ პურის ყოველდღიური დიდი რაოდენობით მიღება შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს.

მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის, რომ საფუარი არის თერმოფილური, ანუ როდესაც მისი დაშლა მაღალ ტემპერატურაზე არ ხდება. შესაბამისად, როდესაც ეს დაუშლელი საფუარი მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, მას შესწევს უნარი დააზიანოს კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროფლორა, ანუ იწყება ერთგვარი არასასურველი ლპობითი პროცესები, ცუდი ბაქტერიების დონე იმატებს, ხოლო სასარგებლო ბაქტერიების დონე ქვეითდება. ამასთანავე, ამ საფუარს შეუძლია გახდეს წინაპირობა კუჭის, თორმეტგოჯა-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების განვითარებისთვის, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების ჩამოყალიბებისთვის, საფუარის მსგავსი გამრავლება კუჭნაწლავის ტრაქტში ასევე ეწინააღმდეგება კალციუმის შეწოვას, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ვიტამინების, მიკრო ელემენტების უკმარობა და ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, უსაფუარო პურს ყოველივე ეს საფრთხე და ზიანი თან არ სდევს და რა თქმა უნდა, უმჯობესია მივირთვათ უსაფუარო პური.

პურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გამაუმჯობესებლებია. იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის პური გემრიელი და გარეგნულადაც მიმზიდველი აღმოჩნდეს, ფქვილში გამაუმჯობესებლების დამატება ხდება. სინამდვილეში, თუ თავად დაფქვავთ ხორბალს და მისგან პურს თავად გამოაცხობთ, ნახავთ, რომ ის მაღაზიაში ნაყიდი პურისგან საკმაოდ განსხვავებულია, რადგან თქვენ მასში გამაუმჯობესებლები არ დაგიმატებიათ. ქათქათა თეთრი პური სწორედ გამაუმჯობესებლების დამატების შედეგია.

პროდუქტში დანამატების არსებობა მომხმარებლებში ეჭვებს აჩენს, მაშინ როცა ვიცით, რომ ფქვილის გასათეთრებლად და მისი გემოვნური თვისებების გასაუმჯობესებლად შეიძლება იყენებდნენ ქლორის დიოქსიდს, კალციუმის და ბენზოლის ზეჟანგს, აზოტის დიოქსიდს, ნატრიუმის პიროსულფიტს და სხვა ქიმიურ ნაერთებს. სწორედ ამ შემადგენლობის გამაუმჯობესებლებს იყენებენ მთელს მსოფლიოში პურის მწარმოებლები ყველაზე ხშირად. ეს ნივთიერებები კი გამოიყენება სარეცხ ფხვნილებში და საყოფაცხოვრებო ქიმიაში გასათეთრებლად და დეზინფექციისათვის, ასევე გზების დასახაზ საღებავებში.

  • თეთრი პურისგან განსხვავებით, სასარგებლოა ცეხვილი და ქატოს პური. ქატოს პური მარცვლის გარეთა გარსის ფქვილისგანაა გამომცხვარი, შესაბამისად, მასში არ არის სახამებელი და ის მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებებითაა გაჯერებული. ცეხვილი პური კი მთლიანი ხორბლისგანაა დამზადებული, თუმცა უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ხორბალი დაღერღილია და ასეთი ფქვილისგან გამომცხვარ პურში სახამებლის გარდა, სასარგებლო ნივთიერებებიცაა. ამიტომ თუ გინდათ ჭამოთ სასარგებლო პური, მისი ამორჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ უხეშად დაღერღილი მარცვლისგან გამომცხვარ პურს. უხეში დამუშავებით მიღებული ფქვილი ინარჩუნებს მარცვლის სასარგებლო თვისებებს, შენარჩუნებულია გარსი და ჩანასახი, ვიტამინები, მინერალები და უჯრედისი.
  • ასევე ძალიან სასარგებლოა ჭვავის პური. ჭვავის პური დიდი რაოდენობით უჯრედისს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს შეიცავს. ჭვავის ფქვილი შეიცავს ორჯერ მეტ მაგნიუმს და კალიუმს, ვიდრე ხორბლის და 30%-ით მეტ რკინას. თუმცა მიუხედავად ასეთი დადებითი თვისებებისა, ჭვავის პურის ხშირი მიღება კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის.
  • როგორც უკვე იცით, ჭვავის, ქატოს და მუქი შეფერილობის პური გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე თეთრი, თუმცა ალბათობა იმისა, რომ სასურველი მუქი ფერის მისაღებად პურს მწარმოებლები საღებავს ამატებდნენ, დიდია. ასეთი ფალსიფიკაციის გამოსავლენად ცივ წყალში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი პურის ნაჭრები, მოურიეთ, თუ პურმა წყალი გააფერადა, ის შეღებილია.
  • თუ მაინც თეთრი პურის მირთმევა გირჩევნიათ, გაითვალისწინეთ, პური არ უნდა იყოს ქათქათა თეთრი, იცოდეთ, ასეთი სიქათქათე მას იმ გამაუმჯობესებლების დამსახურებით აქვს, რომელიც სარეცხ საშუალებებში გამოიყენება.
  • პური უნდა იყოს მძიმე. თუ მაღაზიაში ორი ერთი ზომის პური დევს, არჩევანი მძიმე პროდუქტზე გააკეთეთ, რადგან მსუბუქი პროდუქტი მოცულობაში ზედმეტი საფუარისა და დანამატების ხარჯზეა გაზრდილი, გარდა ამისა, ზეწოლისას პური მარტივად უნდა იბრუნებდეს პირვანდელ ფორმას.
  • პურში არ უნდა იყოს დიდი ნასვრეტები - ეს მიანიშნებს, რომ მასში ზედმეტი საფუარია, საუკეთესოა პური, რომელსაც თანაბარი, პატარა ნასვრეტები აქვს.
  • პურის კანი უნდა იყოს ერთგვაროვანი, პრიალა და კანის მოძრობისას, მას უნდა გაყვეს გულიც, როგორც ამ პურის შემთხვევაში. თუ პურის კანი მარტივად ძვრება გულს, ასეთი პური არ არის კარგი.
  • კარგად დააკვიდით პურს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ის დაძველებისას უნდა ხმებოდეს და ობდებოდეს, თუმცა სიძველის მიუხედავად, პური არ უნდა იყოს წებოვანი. წებოვანება მიანიშნებს იმაზე, რომ პურში კარტოფილის ჩხირია, რაც საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. პურის ხმობის პროცესის შესანელებლად მწარმოებლები იყენებენ დანამატებს, რომლებიც ანელებენ პროდუქტის ხმობას, და ასევე კონსერვანტებს, რომლებიც პურის გულში ბაქტერიების და სოკოს გამრავლებას უშლის ხელს. ამიტომ იცოდეთ, პური, რომელსაც ეტიკეტზე დიდი ვადა აწერია, დიდი ალბათობით კონსერვანტებს შეიცავს. პური უმჯობესია შეიძინოთ შეფუთვაში, რადგან ბაქტერიული დაბინძურების ალბათობა შეუფუთავ პურში დიდია.

"არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი პურზე, რომელიც ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი