საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა. ერთნაირი, მომატებული ტარიფით დაიბეგრა როგორც ახალი - ერთ წლამდე ავტომობილი, ისე 14 წელიწადზე მეტი ხნისა. აქციზი უცვლელი დარჩა მხოლოდ 3 და 4 წლის მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის, ხოლო 5 წლის ავტომობილისა შემცირდება კიდეც... აზრს დაკარგავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩამოყვანა, რადგან მათი განბაჟება მარცხენასაჭიანებზე სამჯერ ძვირი ღირს.
ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: "საქართველოს
მთავრობამ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მოტივით 2017 წლიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების გაძვირება გადაწყვიტა. შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა 3-დან 5-წლამდე ავტომობილები, თუმცა ეს შეღავათი ავტომობილის თვითღირებულებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ამას ემატება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების, მარცხენასაჭიანებთან შედარებით, სამჯერ მეტი ფასის დაწესება. კანონპროექტის განმარტებით, ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებები ქვეყნის ავტოპარკის განახლებას შეუწყობს ხელს, რაც უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას, შემცირდება ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები, რომლებიც თურმე ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევენ ხშირად.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებს კავშირი არა აქვს არც მოძრაობის უსაფრთხოებასთან და არც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ლოგიკას მოკლებული არგუმენტია, რომ ეს რეგულაციები ავტოპარკს განაახლებს. განახლება პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის შემოსავლის გაზრდაზე. რაც შეეხება ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებს, შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკაში ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა არც ერთ შემთხვევაში არ არის დასახელებული ავარიის გამომწვევ მიზეზად.