ქართველი ქალისა და მისი იტალიელი მეუღლის რესტორანი მილანში ქართული კერძებითა და ღვინით

ქართველი ქალისა და მისი იტალიელი მეუღლის რესტორანი მილანში ქართული კერძებითა და ღვინით

თუ მილანში მოხვდებით, არ დაგავიწყდეთ პატარა, მყუდრო რესტორნის მონახულება, სადაც ქართულ კერძებს ქართველი შეფ-მზარეული ლალი თედეევა და მისი იტალიელი მეუღლე მარიო ბელოტი ამზადებენ. წყვილი მომხმარებელს სთავაზობს კერძების ფართო არჩევანს, ისევე როგორც ცნობილ იტალიურ ცუკინის შემწვარ ყვავილს, ისე ქართულ ნიგვზიან ბადრიჯანს საოცარ ქართულ ღვინოსთან ერთად. წყვილმა საკუთარი სიყვარულის ისტორისა და კულინარიისადმი ვნების შესახებ "Georgian Journal"-თან ინტერვიუში ისაუბრა:

"Panvinolio პატარა რესტორანია მილანში, რომელიც დააჯილდოვეს როგორც საუკეთესო მრავალფუნქციური მაღაზია 2016 წელს და როგორც პატარა ბუტიკ-მაღაზია 2017 წელს. რესტორანი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მასპინძლობს სტუმრებს. გვაქვს საცხობი, ბიო საკვების მაღაზია, ღვინის მაღაზია და ყველაფერი კარგი, რაც იტალიაში შეიძლება ნახოთ.

16 წლის მანძილზე ამერიკაში ვმუშაობდი კარგ რესტორნებში, ლოს ანჯელესსა და პროვიდენსში. მილანში რამდენიმე ცნობილ რესტორანში სომელიედაც მიმუშავია და ჯილდოც მაქვს მიღებული ღვინის საკვებთან მისადაგებაში. ჩემი ცოლი თბილისში დაიბადა, ათი წლის წინ კი იტალიაში გადმოვიდა საცხოვრებლად. ნეაპოლში ისწავლა იტალიური კერძების მომზადება და შემდეგ მილანში გადმოვიდა 2011 წელს, სადაც გავიცანით კიდეც ერთმანეთი. 2013 წლის სექტემბერს დავქორწინდით, 2014 წელს კი "პანვინოლიო" გავხსენით.

ძირითადად იტალიურ კერძებს ვამზადებთ, ნაკლებ ცხიმიანს, ჯანსაღ საკვებს, თუმცა ქართული სამზარეულს საღამოებსაც ხშირად ვმართავთ. ქართული კერძებიდან მენიუში გვაქვს ნიგვზიანი ბადრიჯანი, ფხალი, ღომი, ხარჩო, ხაჭაპური და ფელამუში. ამასთან, ქართული ღვინო, რომელსაც ნინო ანანიაშვილი აწარმოებს. რამდენიმე ქართველი კლიენტიც გვყავს, სტუდენტი, ექიმი თუ ოპერის მომღერალი. ყველა ქართველს, ვისაც გავიცნობ ხოლმე, ვუმეგობრდები" - ამბობს მარიო ბელოტი.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართული სამზარეულოს შესახებ?

- აგვისტოში ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას. ძალიან მინდა ქართული მარნების მონახულება. ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, ჯონჯოლი, ლავაში და რასაკვირველია ფელამუში. ეს ყველა კერძი ჩემმა ქართველმა ცოლმა გამასინჯა, თავისივე მომზადებული.

ქართული ღვინოებიდან მიყვარს ხიხვი, საფერავი, ასევე ჭაჭა. მიყვარს საქართველოს ისტორია და კულტურა იმდენად, რომ ქართული ღვინის ისტორიისა და მისი დამზადების შესახებ ბროშურაც კი ვთარგმნე. ჩვენ ღვინის მაღაზიაც გვაქვს, სადაც ვყიდით ღვინოს და მომხმარებელს ბროშურებს ვურიგებთ, რათა ქართული ღვინის ისტორიას გაეცნონ... ერთად მუშაობა რთულია, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.

დაათვალიერეთ ფოტოები ქართულ-იტალიური წყვილის რესტორნიდან