ომბუდსმენი ბათუმის მოვლენებზე: "მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანების უფლებებს"

ომბუდსმენი ბათუმის მოვლენებზე: "მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანების უფლებებს"

საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს გასული ღამის განმავლობაში ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო.

როგორც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა.

"შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფო ხელს უწყობს ამ უფლების რეალიზებას, თუმცა 11 მარტის მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მოვლენების განვითარებას აკვირდებოდნენ. მათ დაუყოვნებლივ მოინახულეს ექვსივე დაკავებული და არც ერთი მათგანი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ საუბრობდა.

"სამწუხაროა, რომ აქცია, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, შემდეგ ძალადობაში გადაზარდა, რასაც მოჰყვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება, ავტომანქანებისა და ქონების განადგურება. სახალხო დამცველი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ვანდალიზმის მძაფრ გამოვლინებას. პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისასა მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანების უფლებებს. საფრთხე არ შეუქმნან მათ სიცოცხლეს, ჯანმრთლობას და ქონებას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ფართომასშტაბიანი ძლადობის პრევენცია მაინც ვერ მოხერხდა. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ გაანალიზებას საჭიროებს რამდენად მზადაა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი სისტემა დროულად და ეფექტურად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს და არსებობს თუ არა ეფექტური რეაგირების გეგმა, რომელიც შეეცდებოდა მოვლენების პრევენციას და შემდეგ განმუხტავდა უკიდურესად დაძაბულ ვითარებას", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დამნაშავეთა გამოვლენისა და სასამართოს წინაშე წარდგომის მიზნით სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება ჩაატარონ, ხოლო პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს შეისწავლონ ხარვეზები, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებს კრიზისების, მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით გააჩნიათ. ამასთან, უჩა ნანუაშვილის თქმით გამოძიებული უნდა იყოს პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოცილების გადამეტების შემთხვევები, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი.

"გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, აღნიშნული ძალადობრივი მოქმედებები და დაპირისპირება მართლაც სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგი იყო, თუ მართული პროცესი. სახელმწიფო ხელისუფლებას აღნიშნულ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემის ვალდებულება აკისრია, რაც ეფექტური და ყოვლისმომცველი გამოძიების შედეგი უნდა იყოს. ამასთან, მიუღებელია, რომ შექმნილი ვითარება იქნეს პოლიტიზირებული და პოლიტიკური მანიპულაციების საგნად იქცეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი