სამი წლის წინ სამი მეგობარი: ფოტოგრაფიით გატაცებული ანა სვანიძე, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინერი ია ქუთათელაძე და გრაფიკული დიზაინერი სოფო მიმინოშვილი პირველები იყვნენ, რომლებმაც საზოგადოებას საჩუქრების შეფუთვის ორიგინალური სერვისი შესთავაზეს.
ახალგაზრდა გოგონების საქმიანობამ მალევე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. Craftivity - საჩუქრების ლამაზად, ორიგინალურად, პერსონალიზირებულად და რაც მთავარია, ხელნაკეთი პროდუქციით შეფუთვა, ახლა უკვე კარგად ცნობილი და მოთხოვნადი მომსახურებაა საქართველოში.

"სტარტაპი საკუთარი ძალებითა და ფინანსებით დავიწყეთ. შესაფუთი პროდუქციის ნაწილს საზღვარგარეთ თვითონ ვყიდულობთ, ნაწილს ვიწერთ. უკვე ძალიან დიდი კოლექცია გვაქვს და ჩვენთან მოსულ ადამიანებს ორიგინალურ შეფუთვას ვთავაზობთ. ქაღალდებსა თუ ყუთებზე ხელით ვხატავთ, ამიტომ ყველა შეფუთვა გამორჩეულია. ვმუშაობთ როგორც ინდივიდუალურ, ისე კორპორაციულ შეკვეთებზე," - განმარტავს ანა სვანიძე.

ახალგაზრდა სტარტაპერებმა მოამზადეს უნიკალური ფოტოკოლაჟები, ვიდეორგოლები და ასევე, საკუთარი ისტორია, რომლითაც სოციალური ქსელების საშუალებით საზოგადოებას თავი გააცნეს. ინტერესიც სწრაფად გაჩნდა. ორგინალური შეფუთვის სერვისი მალე გახდა პოპულარული და ამჟამად Craftivity-ის რამდენიმე კონკურენტი ჰყავს. თუმცა, გოგოებისთვის საქმიანობა სირთულეებზე მეტად, დიდ სიამოვნებასა და სიყვარულთან ასოცირდება. ყველაზე რთული მაინც ფინანსების მოძიება აღმოჩნდა. ამჟამად Craftivity "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერში" მონაწილეობს. ამბობენ, რომ დამწყები ბიზნესისთვის ფინანურ მხარდაჭერასთან ერთად არაფინანსურ სერვისებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

"მთავარია იდეა გქონდეს, რომელსაც კარგად დაამუშავებ და საქმიანობის არც ერთ ეტაპზე ხარისხს არ გააფუჭებ. მუდმივად იმ ამბიციითა და მიზნით უნდა იყო, რომლითაც დაიწყე. უნიკალურობის შენარჩუნებას თუ შეძლებ, აუცილებლად გექნება გამორჩეული ადგილი კონკურენტებს შორის. გვინდა, რომ ჩვენ შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგოს და ბიზნესის დაწყება სხვებისთვისაც "გადამდები" აღმოჩნდეს," - ამბობს ანა.

ჯგუფს ახალი წევრი მარიამ ქურდაძე შეემატა. უცვლელი ხარისხითა და შემართებით Craftivity-მ, Bike Lab-თან ერთად, დაიდო ბინა ფაბრიკის ტერიტორიაზე. ამ ახალი, საინტერესო კოლაბორაციით, Craftivity კიდევ უფრო გააფართოვებს შესაძლებლობების საზღვრებს და მომხმარებელს ტრადიციულ საქმიანობასთან ერთად, ახალ უნიკალურ პროდუქტებს შესთავაზებს.

ფოტოები: ADvan/ედვანი
ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE