მართლმადიდებლური მოძღვრებით, გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული საჭიროებს შეწევნას, რისთვისაც წმინდა ეკლესიის მეოხებასთან ერთად უნდა იზრუნონ მისმა ახლობლებმა. მიცვალებულთათვის ზრუნვის ერთ-ერთი სახეა მისი სულის მოხსენიება, რაც ქრისტიანულ ეკლესიაში დამყარებულია იმქვეყნიური ცხოვრების, საყოველთაო აღდგომისა და მარადიული არსებობის ღრმა რწმენაზე... მათგან სამი - დიდი მარხვის დროს, დიდმარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შაბათსაა დაწესებული...
- რა მნიშვნელობა აქვს მიცვალებულთა სულის მოხსენიებას?
მამა დიმიტრი ჯანგულაშვილი:
- გარდაცვალების შემდეგ ადამიანს აღარ შეუძლია იზრუნოს საკუთარ სულზე და შეცვალოს თავისი ხვედრი, ამიტომ მათზე უნდა იზრუნონ ახლობლებმა. მათი და ეკლესიის ერთობლივი ლოცვითაა შესაძლებელი გარდაცვლილთა სულის შეწევნა და ღვთის წინაშე გამართლება.
- მიცვალებულთა საზოგადო, საყოველთაო მოხსენიებისთვის წლის განმავლობაში დაწესებულია განსაკუთრებული, საგანგებო დღეები. მათგან სამი - დიდი მარხვის პერიოდშია...
- მიცვალებულთა საყოველთაო, საზოგადო მოხსენიება დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს დაწესებულია შემდეგი მიზეზით: დიდი მარხვის დროს მოხსენიება ყოველდღიურად ვერ ხერხდება საეკლესიო ღვთისმსახურების დროს, რადგან მოხსენიება დაკავშირებულია საღმრთო ლიტურგიასთან, რომელიც დიდ მარხვაში მხოლოდ შაბათსა და კვირას ტარდება. ამიტომ დაწესებულია მიცვალებულთა გაძლიერებული მოხსენიება დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს.
საკურთხი
- საკურთხს უწოდებენ მიცვალებულის სახელზე მომზადებულ ტაბლას. საქართველოში არსებობს ტრადიცია მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში, გარდაცვლილის სახელზე საზრდელის მომზადებისა. ეს ძველი პერიოდიდანაა შემორჩენილი, როდესაც მიცვალებულთა ხსენების დღეებში, საკვების გაღება ხდებოდა მოწყალების სახით. არ არის აუცილებელი, რომ უცილობლად ამ სახით იქნას გამოხატული შესაწირი მიცვალებულთა ხსენების დღეებში, მაგრამ ეს წესი იმდენად ტრადიციულად ჩამოყალიბდა უკვე, რომ მოხსენიების დღეებში გაცილებით დიდ მნიშვნელობას სწორედ საზრდელის მომზადებას ანიჭებენ, ზოგჯერ მთავარი დანიშნულებაც კი ავიწყდებათ ადამიანებს და მხოლოდ საზრდელის შინ მომზადებით შემოიფარგლებიან. ნაცვლად იმისა, რომ მოწყალება გაიღონ ან პანაშვიდი გადაიხადონ, სანთელს შინ ანთებენ და თვითონ იხმევენ... განაგრძეთ კითხვა