"ცხენის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ..." - სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, სად და რა პირობებში შეიძინოთ ხორცი თბილისში

"ცხენის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ..." - სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, სად და რა პირობებში შეიძინოთ ხორცი თბილისში

გასულ ზამთარს გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონლის ხორცი შეღავათიან ფასად შევიძინე. სახლში მოვიტანე და კერძისთვის მისი მოხარშვა დავიწყე, მაგრამ ხარშვის პროცესში სამზარეულოში არცთუ სახარბიელო სუნი დატრიალდა. წყალი რამდენჯერმე გამოვუცვალე, მაგრამ არ უშველა... რისკის ქვეშ ვერც საკუთარი თავი და ვერც ოჯახის წევრები დავაყენე, ამიტომ მოხარშული ხორცი გადავყარე... ეს ისტორია რამდენიმე დღის წინ გამახსენდა, როცა შევიტყვე, რომ გლდანის ბაზრის მიმდებარედ, ცხენის ხორცი იქნა აღმოჩენილი... ვერ ვიტყვი და დავასაბუთებ, რომ ჩემ მიერ შეძენილი ხორცი მაინცდამაინც ცხენის იყო, თუმცა უვარგისი რომ გახლდათ, ეს ფაქტია...

რამდენად უსაფრთხოა ხორცი, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობა ყოველდღიურად ბაზარში ყიდულობს - ამის გასარკვევად სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსს, კახა სოხაძეს დავუკავშირდით:

"ხორცის სასურსათო ჯაჭვის კონტროლი ყველა ეტაპზე ხორციელდება - საქონლის დაკვლიდან დაწყებული, საბოლოო რეალიზაციამდე, თუმცა აქ სწორად უნდა გავმიჯნოთ ხორცით ორგანიზებული ვაჭრობა, ანუ ლეგალური ჯაჭვი და გარევაჭრობა, არაოგანიზებული ვაჭრობა" - როგორც სააგენტოს უფროსი ამბობს, ლეგალურ ვაჭრობას მიეკუთვნება აგრარული ბაზარი, როცა ორგანიზებულად, ინდენტიფიცირებულად, რეგისტრირებულად არის ყველაფერი და მათზე საკანონმდებლო მოთხოვნები ვრცელდება, რაც რეგულარულ კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება გარევაჭრობას, არაორგანიზებულ საქმიანობას, იმთავითვე არის კანონით აკრძალული და რა თქმა უნდა, ეროვნული სააგენტო აქ კონტროლს ვერ განახორციელებს.

წაიკითხეთ: როგორ ჩამოაქვთ ხორცი თბილისში - ფონიჭალაში გადაღებული ფოტო შეგაშფოთებ

"ისე არ გამოვიდეს, რომ ეროვნული სააგენტო პასუხისმგებლობას იხსნის, უბრალოდ, კანონმდებლობით ეროვნული სააგენტო ვერანაირ ღონისძიებას ვერ გაატარებს. გარდა იმისა, რომ ჰქონდეს კომუნიკაცია სამართალდამცავებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, კომუნიკაცია მომხმარებელთან, რათა ინფორმაცია მიაწოდოს, რომ ხორცის შეძენა ასეთ არაორგანიზებულ ადგილებში სარისკოა და პრობლემას შეუქმნის", - აღნიშნავს კახა სოხაძე და დასძენს, რომ "ხორცი მაღალი რისკის სასურსათო პროდუქტია, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ინფექციური დაავადების კუთხითაც. ამიტომ, საჭიროა სანიტარული ნორმების დაცვა, სისუფთავე ხორცის, ეტიკეტირება და ა.შ. ასეთ ადგილებში ხორცის რეალიზებისას, ჯერ ერთი, დაუდგენელია, რა წარმომავლობისაა ხორცი, სად გაიზარდა, როგორ პირობებში ინახავდნენ. რა პირობებში და სად დაიკლა, იყო თუ არა დაცული ტემპერატურული რეჟიმები. რა თქმა უნდა, დაავადების კუთხითაც შეუსწავლელია".

- და ასეთი ხორცი მიემართება არაორგანიზებულ ადგილებში, რომელიც მოსახლეობას საკმაოდ მაღალ საფრთხეს უქმნის?

- დიახ, ამიტომ, მომხმარებელს ყოველთვის მოვუწოდებ, რომ ასეთ ადგილებში არა მარტო ხორცი, არანაირი ცხოველური წარმოშობის სურსათი, ხორცის პროდუქტები, რძის პროდუქტები და ა.შ. არ შეიძინონ.

- როგორც აღნიშნავთ, ორგანიზებული ადგილები მეტ-ნაკლებად საფრთხეებისგან დაცულია. თუმცა, აქ ერთი ამბავი გამახსენდა, როცა თუ არ ვცდები, 2 წლის წინ, ქვეყნის მთავარმა ვეტექიმმა, მიხეილ სოხაძემ ინტერვიუში მითხრა, რომ ე.წ. დეზერტირის ბაზარში ჯილეხი დაფიქსირდა და ბაზარი დაახურინა.

- ვიცი ეგ ფაქტი. მე ვიყავი მაშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სააგენტოს უფროსი. რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა რთული მისაღწევია და ამიტომაც არის, რომ რეგულარული კონტროლი აუცილებელია, რომ ყოველთვის მუდმივი დაკვირების ქვეშ იქნას, როგორ ხდება სურსათის მიღება-დამუშავება, რეალიზაცია. ბოლო პერიოდის განმავლობაში რადიკალური ღონისძიების გატარება მოგვიხდა, საწარმოო პროცესიც შეუჩერდა რამდენიმე ბიზნესოპერატორს, მუდმივი კონტროლის ქვეშ ვართ და მინდა გითხრათ, რომ ტენდენცია აშკარად გაუმჯობესებისკენ მიდის, მაგრამ საბოლოოდ ჯერ არ არის იდეალური მდგომარეობა.

- რა პირობებში უნდა დაიკლას საქონელი?

- ის, რომ პირუტყვი სასაკლაოზე, ვეტერინარის ზედამხვედველობის ქვეშ უნდა დაიკლას, ეს იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ ხორცი და პირუტყვი დაავადებული არ იქნება. თუმცა, ამ ჯაჭვში მნიშვნელოვანია, როგორ არის დაცული სისუფთავის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, პერსონალის სისუფთავე, გასაყიდი ადგილების სისუფთავე და ა.შ.

- რატომ არ გაქვთ უფლება, გარკვეული ღონისძიები გაატაროთ არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში?

- ამის უფლებამოსიება არ გვაქვს იმიტომ, რომ რასაც ისინი ეწევიან, აკრძალული საქმიანობაა და აკრძალულ საქმიანობაზე რა კონტროლი უნდა განვახორციელოთ?! ეს თვითმმართველობის ორგანოების, სამართალდამცავების კომპეტენციაა, რადგანაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებია, ვისაც ამის აღკვეთა ევალება, ამაზე პასუხისმგებელი ის უწყებაა.

- ცხენის ხორცზე რას გვეტყვით. თითქოს ამის ფაქტები გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის ადგილებში იქნა აღმოჩენილი.

- ეს დასამალი არ არის, ასე იყო. ოფიციალური კონტროლის შედეგებია და ინფორმაცია აბსოლუტურად საჯაროა. ისეთი ფაქტების გამოვლენა მოგვიხდა, რომ ცხენის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ. ეს ფაქტი მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქ მოგვიწია რადიკალური ღონისძიების გატარება, ხორცის განადგურება, ოღონდ, ორაგანიზებულ სავაჭრო ობიექტზე.

- ცხენის ხორცი ლეგალურ სავაჭრო ადგილზე აღმოჩნდა?

- კი, თუმცა ერთეული შემთხვევებია და არა მასობრივი, მაგრამ ხანდახან იქაც ხდება, რაც მაშინვე აღიკვეთება ხოლმე.

- დასაკლავად ამდენ ცხენს სად შოულობენ?

- ამაზე პასუხი გამიჭიდება, როგორც გითხარით, ეს არალეგალური საქმიანობაა.

- მოსახლეობისთვის რა რეკომენდაციების გაცემა შეგიძლიათ?

- ნებისმიერი ჩვენი ღონისძიება პრევენციულია, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხე. ასევე პოპულარიზაციას ვუწევთ ჩვენს საქმიანობასაც. მოვუწოდებთ მომხმარებელს ყოველთვის ყურადღებით იყვნენ, გაეცნონ ეტიკეტს, დოკუმეტაციას, რომელიც სურსათთანაა დაკავშირებული. ნებისმიერ პროდუქტს თავისი ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება და უნდა მიექცეს ყურადღება სწორედ იმას, რამდენად არის რეალიზაციის ადგილებში ეს ტემპერამენტული რეჟიმები დაცული. თუ მომხმარებელი ჩათვლის, რომ უნდა დაუკავშირდეს ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს, აუცილებლად დარეკოს ნომერზე - 2 47 01 01. დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვიმოქმედებთ ოპერატიულად!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი