"ქმარს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო ქმრის მშობლების თანხმობა" - როგორ მოხვდა ნატო ვაჩნაძე გადასაღებ მოედანზე

"ქმარს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო ქმრის მშობლების თანხმობა" - როგორ მოხვდა ნატო ვაჩნაძე გადასაღებ მოედანზე

ნატო ვაჩნაძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად, კინოსტუდიამ საღამოს მოწყობა დაგეგმა. იმ დროს სტუდიის დირექტორი მიხეილ კვესელავა იყო. შეიკრიბა კინოსტუდიის აქტივი და საღამოს მომწყობი კომისია აირჩიეს. სიკო დოლიძეს უნდა დაეწერა მოხსენება ნატოს შემოქმედების შესახებ, თამარ ციციშვილს გამოფენის მოწყობა და მთელი სარეკლამო მასალის შეგროვება დაევალა. რეჟისორებმა: დოლენკომ და მართაშვილმა ნატოს ფილმებიდან მონტაჟით კინოსურათის მომზადება ითავეს, სერგო ზაქარიაძეს კი საღამოს პროგრამის მოფიქრება და გაფორმება მიანდვეს. დადგა 11 აპრილი, შემოქმედებითი საღამოს დღე. ყველა იმაზე ფიქრობს, როგორ მოხვდეს თეატრში. შესასვლელთან ზღვა ხალხი დგას, ბილეთები კი არ არის. ნატო ვაჩნაძეს სახლიდან გასვლის წინ, მოხუცი გადია - დუნია ლოცავს: ღმერთი გფარავდეს, შვილო. აი, ჩაივლის იუბილე და ფანჯრებისთვის ფარდებს უსათუოდ შეიძენ, თორემ მთელი ცხოვრების მანძილზე, მათი შეძენა ვერ მოახერხეო...

გთავაზობთ ნაწყვეტებს ნატო ვაჩნაძის მოგონებებიდან (სტილი დაცულია):

პირველი როლები

"1923 წლის შემოდგომაზე დედაჩემთან ვიყავი სტუმრად, გურჯაანში. ერთხელ ჩვენს აივანზე ვისხედით, თბილისიდან სტუმრებს ველოდით. მოულოდნელად, ეზოში უცნობი კაცი გამოჩნდა. ის შაქრო ბერიშვილი აღმოჩნდა. მითხრა, საქმის გამო გეახელითო. ეს პირადად მე მეხებოდა. გამოირკვა, რომ თბილისის კინოსტუდია დგამდა სურათს "არსენა ყაჩაღი" და შაქრო ბერიშვილი ჩემთან იმისათვის გამოეგზავნათ, რომ ეთხოვა, ამ სურათში ნენოს როლი მეთამაშა. მათ შემთხვევით უნახავთ შიხმანის მიერ გადაღებული ჩემი ფოტოსურათი, რომელიც ქუჩის ვიტრინაში ყოფილა მოთავსებული. წინადადება სრულიად მოულოდნელი იყო. მე და ჩემმა ნათესავებმა არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ბერიშვილი ცდილობდა, ჩემი აქტიორული უნარი გამოერკვია: საუბრობდა ჩემთან, მამღერა, მაცეკვა და "რეაქციის" გამოსამჟღავნებლად უცბად ხელი ისე ძლიერად დაჰკრა მაგიდას, რომ ჭურჭელმა ზრიალი დაიწყო. დედასა და ქმარს არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდათ, კინოში გადაღება რომ მეცადა, მაგრამ საჭირო იყო აგრეთვე, ქმრის მშობლების თანხმობაც. მათ კონსერვატიული შეხედულებები ჰქონდათ. ხანგრძლივი და დიდი ბრძოლის გაწევა მომიხდა. დედამთილი დავითანხმე და გადავწყვიტე სასინჯ გადაღებაზე წასვლა. გზის ხარჯებისთვის სტუდიიდან ავანსად ასი მანეთი მივიღე. 1923 წელს კინოსტუდიას ეკავა პატარა, ჭერამდე შუშაბანდიანი ფოტოატელიე და მასზე მიდგმული პაწია ოთახები ფოტო და კინოლაბორატორიებისათვის. შესასვლელში საგრიმიორო იყო. ნამდვილი თეატრალური გრიმი გამიკეთეს და ფოტოაპარატის წინ დამაყენეს. რეჟისორმა ვლადიმერ გრიგოლის ძე ბარსკიმ წინადადება მომცა, ტანჯვა გამომეხატა, უბრალოდ, ყოველგვარი სიუჟეტის გარეშე. - ასწიეთ წარბები, - მითხრა მან. შემდეგ რეპეტიციის ჩატარება დაიწყო. თმა გამიშალეს. - წარმოიდგინეთ, რომ ტყეში ხართ, მოდის მგელი... უუუ, ხომ საშინელია? - მითხრა ბარსკიმ და მგლის გამოხატვა დაიწყო, ძალაუნებურად უკან დავიხიე. - შესდექით, ასე კარგია! მაშინვე სურათი გადამიღეს. ყველა ეტიუდში ინსტინქტით ვხელმძღვანელობდი, კინოხელოვნებისა რასაკვირველია, არაფერი გამეგებოდა. კინოსტუდიიდან სამმართველოში წამიყვანეს, სადაც სტუდიის დირექტორი გავიცანი. იქ უკვე დაერეკათ, რომ სურათები კარგი გამოსულიყო და ხელშეკრულება ორ სურათზე ერთად გავაფორმეთ. უნდა მეთამაშა "არსენა ყაჩაღში" ნენო და "მამის მკვლელში" ნუნუს როლი მომცეს. გავიგე, რომ ყოველთვიურ ხელფასად ასი მანეთი მექნებოდა. ეს კარგი ფული იყო..."  წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი