საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ამოღებულია ე.წ „სიმ ბოქსები“, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოურ ზარს ადგილობრივ ზარად გარდაქმნიდნენ, რის გამოც იცვლებოდა მომსახურების ტარიფებიც.
„ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებულია უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისათვის განკუთვნილი, სამი ერთეული ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. „სიმ ბოქსი“ სათადარიგო ნაწილებთან ერთად, რაც უზრუნველყოფდა ტექნიკური აღჭურვილობის სრული დატვირთვით მუშაობას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე გამოვლენილია 13 ერთეული „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება-გამოყენების ფაქტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ 185-ე, 192-ე და 218-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.