მამუკა ჩარკვიანს აუხდენელი ოცნება აუსრულეს! - ემოციური სიურპრიზი მომღერალს

მამუკა ჩარკვიანს აუხდენელი ოცნება აუსრულეს! - ემოციური სიურპრიზი მომღერალს

30 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. "ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას" - ამ სახელწოდების საღამოზე სხვადასხვა თაობის მომღერლებმა მამუკა ჩარკვიანის სიმღერები შეასრულეს: ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნინი ბადურაშვილი, დათუნა მგელაძე, ლევან კბილაშვილი და სხვა ბევრი ნიჭიერი შემსრულებელი ენაცვლებოდა სცენაზე ერთმანეთს. საღამოს მსახიობი სანდრო მიკუჩაძე უძღვებოდა.

კონცერტის ბოლოს მამუკა ჩარკვიანს გრანდიოზული სიურპრიზი ელოდა! კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" რუბრიკაში "ბლიცინტერვიუ" მომღერალმა და კომპოზიტორმა მისი აუხდენელი ოცნების შესახებ ისაუბრა - ეს იყო მოგზაურობა ავსტრიაში. "ქვეყნების ნახვა მინდოდა, რაც ვერ განვახორციელე. წასვლა, მოგზაურობა..." - აღნიშნა მამუკა ჩარკვიანმა "ბლიცინტერვიუში". მას შემდეგ რაც ეთერში გასული გადაცემა ავიაკომპანია "აირზენას" წარმომადგენლებმა ნახეს, გადაწყვიტეს შემსრულებელისთვის ოცნება აესრულებინათ. შემოქმედებითი საღამოს დასასრულს, სცენაზე "აირზენას" წარმომადგენელი ავიდა, რომელმაც მამუკა ჩარკვიანს საოცნებო მოგზაურობა აჩუქა - 2-კაციანი საგზური ავსტრიაში.

"არ ველოდი ხალხის ასეთ რეაქციას, ეტყობა მართლა ვუყვარვარ ხალხს. რაღაცაშია საქმე, შენ არ მღეროდე და ამდენი ხალხი გიკრავდეს ტაშს. ბედნიერებაა როდესაც შენი სახელისა და გვარის გამოცხადებისას ხალხი დგება და 5 წუთი გიკრავს ტაშს" - აღნიშნა საღამოს დასასრულს მუსიკოსმა.

გადაცემა "ბლიცინტერვიუს" ავტორი და წამყვანი თამთა ასათიანი იმ მომენტის შესახებ გვიამბობს, როცა მამუკა ჩარკვიანს საოცნებო საჩუქარი გადაეცა:

"ეს იყო ძალიან დიდი ემოცია, რომელიც მიჭირს გადმოვცე სიტყვებით. დარბაზში უამრავი ცრემლიანი სახე და რაც მთავარია, თვითონ ბატონი მამუკა ჩარკვიანი იყო ძალიან ბედნიერი და ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც ვქმნით "ბლიცინტერვიუს" კიდევ ორმაგად უფრო გახარებული ვართ, რომ მამუკა ჩარკვიანი დღეს ასეთი ბედნიერია და რა თქმა უნდა, "პალიტრანიუსი" და მათ შორის "ბლიცინტერვიუც" ყოველთვის იქნება ასეთი კეთილი საქმეების გვერდით" - გვითხრა თამთა ასათიანმა.

სოფო როსტომაშვილი - "Georgian Airways"-ის მარკეტინგის მენეჯერი: "ვუყურეთ "პალიტრანიუსის" გადაცემა ბლიცინტერვიუს სიუჟეტს, სადაც ბატონი მამუკა საუბრობდა იმაზე, რომ ერთ-ერთ აუხდენელ ოცნებად ჰქონდა მოგზაურობა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა საჩუქარი და გადაგვეცა ბილეთები თბილისი - ავსტრიის მიმართულებით, სადაც შეძლებს გაემგზავროს მეუღლესთან ერთად".

იხილეთ გადაცემა "ბლიცინტერვიუ" სრულად