ახალგაზრდებს სიცივეში თბილად ჩაცმა არ უყვართ. ზოგს თხელი ტყავის ქურთუკის ქვეშ, ასევე თხელი პერანგი აცვია. ლამის გამჭვირვალე შარვალი, საზაფხულო კედებზე აქვთ ამოცმული. მოკლეყელიანი წინდიდან, სიცივისგან გალურჯებული კოჭი მოუჩანთ... შეუძლებელია, ასე ჩაცმული ახალგაზრდები არ შეამჩნიო ქუჩაში, გაჩერებაზე ან ტრანსპორტში, მობუზული, აჭარხლებული და სიცივისგან გაშავებული... კითხვაზე, თუ რატომ იცვამენ ასე? ყველას ერთნაირი პასუხი აქვს, - მოსწონს, მოდაშია, მისი სტილია; `უნიში~ არ ცივა და გზაში არა უშავს, როგორღაც მოითმენს...
ანუკი, 18 წლის:
- არ შემიძლია თბილად ჩაცმა. მირჩევნია, მციოდეს და ის მეცვას, რაც მომწონს. ეს ყველაფერი ერთმანეთს უხდება და მთლიანობაში, კარგ `ვიდზე~ ხარ. რაც მთავარია, გიხდება და როდესაც ისე გამოიყურები, რომ შენი თავი მოგწონს, თავდაჯერებული ხდები, რაც ნიშნავს, რომ წარმატების ნახევარი გზა გავლილი გაქვს...
- თბილი ტანსაცმლის გემოვნებით შეხამება და ჩაცმა არ შეიძლება?
- არ მომწონს, ფიგურა არ იკვეთება... გამხდარი აგებულება, თხელი კიდურები და მაღალი კისერი არ ჩანს, ეს ყველაფერი თუ შალით შევფუთნე. ბარემ ჩადრით ვივლი და ეგაა. სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო, წონა ვაკონტროლო და ყველა სეზონზე კარგად გამოვიყურებოდე... სამოსი, ზამთრის დადგომამდე სამი თვით ადრე გამოვიწერე ონლაინმაღაზიიდან და ერთი სული მქონდა, როდის ჩავიცვამდი...
- ამ ზამთარს არაერთხელ გაცივდით, როგორც ვიცი.
- დიახ, ასეა... ბოლო გაცივების შემდეგ, `ქალური~ პრობლემები შემექმნა და ახლაც ვმკურნალობ. დედაჩემი კუდში დამდევდა, თბილად ჩაიცვიო და მართლა ჩაფუთნილი დავდიოდი. ლექციაზე რომ შევდიოდი, იმდენ ხანს ვუნდებოდი გახდას, ყველა მე დამცინოდა. ერთ დღესაც შევწყვიტე და ძალიან თხლად წავედი. ძალიან მცივა, ქუჩაში რომ გავდივარ, მომენტალურად ვიყინები, მაგრამ კატეგორიულად გადავწყვიტე, თბილად არ ჩავიცვა... პალტო, თბილი შარფები, შარვლები და კაბები დედაჩემისგან მალულად გავაჩუქე. ყოფილა შემთხვევა, რომ `დიდი გაცივების~ შემდეგ, სახლიდან თბილად ჩაცმული გავსულვარ და ლიფტში ან სადარბაზოში გამიხდია... ჩაფუთნილი ვერ ვმოძრაობ და ვკომპლექსდები. ჩემი ლექტორები რომ მეტყვიან, შენ ქმნი ამ ჯგუფში მოდის ხაზსო, ყველაფერი მავიწყდება, გაცივებაც, სიცხეც და თავის ტკივილიც. ამას ყოველთვის აღნიშნავს ჩემი შეყვარებული, განსაკუთრებული და განსხვავებული რომ ხარ, ამიტომაც მომწონხარო. ამაში იგულისხმება ჩემი სტილი და ჩაცმის სითამამე. როდესაც დავბერდები, ბებიაჩემივით ჩავიცვამ, შალის წინდებს... მანამდე გვაცადეთ, ცხოვრებით დავტკბეთ.
ნია, 21 წლის: განაგრძეთ კითხვა