წერეთლის გამზირზე, "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, გარევაჭრობის დაკანონების მოთხოვნით აქციებს არ შეწყვეტენ.
გარემოვაჭრეების თქმით, თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც ბაზარში გადასვლის შემთხვევაში შეღავათიან პირობებს გულისხმობს, მათთვის მიუღებელია, რადგან არ არსებობს გარანტიები, რომ 6 თვის განმავლობაში ისინი შეღავათიანი პირობებით ივაჭრებენ. მათივე განცხადებით, ისინი იაფფასიანი პროდუქციით ვაჭრობენ, 6 თვის გასვლის შემდეგ კი ისინი ბაზრობაზე დაწესებულ გადასახადს ვერ გაწვდებიან.
გარემოვაჭრეების თქმით, მათ შესაბამისი სამსახურებიდან მიიღეს გაფრთხილება, რომ ხვალიდან გარევაჭრობა "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალება. შესაბამისად, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ ტერიტორიაზე დარჩენას, რათა მათი დახლები სამართალდამცველებმა არ აიღონ.