რას ემსახურება შვიდგზის ზეთისცხება - საეკლესიო საიდუმლო, რომლის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის

რას ემსახურება შვიდგზის ზეთისცხება - საეკლესიო საიდუმლო, რომლის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში ზეთის კურთხევის საიდუმლო, ანუ როგორც მას დღეს უწოდებენ, "შვიდგზის ზეთისცხება" სრულდება.

ეს არის შვიდიდან ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოთაგანი, რომლის დროსაც, მოციქულთა სწავლებით, ადამიანზე ზეთისცხების დროს, უფლის მადლი გადმოდის და კურნავს ადამიანთა სულიერ და ხორციელ უძლურებას. საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, ამ საიდუმლოს შვიდი მღვდელმსახური აღასრულებს.

ზეთისკურთხევის საიდუმლოს შესახებ თავის ეპისტოლეში, მეხუთე თავში საუბრობს წმინდა მოციქული იაკობი (უფლის ხორციელი ძმა - მართალი იოსების ძე).

იაკობ მოციქული გვამცნობს, რომ თუკი ვინმე ეკლესიის წევრი ავადაა, უხმოს ეკლესიის მოძღვართ და ილოცონ მისთვის, ზეთი სცხონ უფლის სახელით: "რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება"(იაკ.5:15).

თუმცა, მანამდე ამ საიდუმლოს შესახებ წმინდა მარკოზ მახარებელიც გვაუწყებს, როდესაც მაცხოვრის მიერ სინანულის საქადაგებლად თორმეტი მოციქულის გაგზავნის შესახებ სახარებაში გვესაუბრება: "და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს"(მრკ.6:12-13).

საიდუმლოს შესრულების წესი

ეკლესიაში იკითხება "სამოციქულოდან" და "სახარებიდან" შვიდ-შვიდი მონაკვეთი. თითოეული ტექსტის წაკითხის შემდეგ, მოძღვარი ადამიანს წითელ ღვინოში არეულ ნაკურთხ ზეთს სცხებს შუბლზე, თვალებზე, ლოყებზე, მკერდსა და ხელებზე. ბოლო საკითხავის შემდეგ, მოძღვარი ავადმყოფს თავზე დაადებს გადაშლილ სახარებას და კითხულობს ლოცვას მისთვის ცოდვათა მიტევებისთვის.

ცალკეული თეოლოგიური ლიტერატურის მიხედვით, იმის გამო, რომ შვიდგზის ზეთისცხება განკუთვნილია და აღესრულება მხოლოდ ავადმყოფების მადლისმიერი განკურნებისთვის, ის, ერთის მხრივ, ვერ იქნება ჯანმრთელი ადამიანისთვის განკუთვნილი; ასევე ვერ აღესრულება გარდაცვლილ ადამიანზე. თუმცა, ძველად, როდესაც ჯანმრთელი ადამიანები ესწრებოდნენ ავადმყოფი ადამიანისთვის განკუთვნილი ზეთისცხების საიდუმლოს, მოძღვრებს სთხოვდნენ, რომ მათთვისაც ეცხოთ ზეთი უფლის მადლის მისაღებად და სულიერი გასაჭირის შესამსუბუქებლად. მოძღვრები მათ უარს არ ეუბნებოდნენ და მათაც იმავე ლოცვებს უკითხავდნენ, რაც სნეულებს ეკითხებოდათ. ფიქრობენ, რომ ამ წესს საფუძველი აღმოსავლეთის ეკლესიაში მე-5-6 საუკუნეებში ჩაეყარა.

აღსანიშნავია, რომ არსებული პრაქტიკით, ზეთისცხება არ შეიძლება უგონოდ მყოფი ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის.

ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებში, რასაც "მცირე კატეხიზმო" ეწოდება, ვკითხულობთ, რომ სინანულის საიდუმლოსთან ახლოს დგას "შვიდჯერ ზეთისცხების" ანუ "ზეთისკურთხევის" საიდუმლო. ის სრულდება დიდმარხვისას და ასევე სპეციალურად ავადმყოფისთვის სახლში.

ზეთის კურთხევისას ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება

ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოებები, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა. ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.

თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცა, ცხადია, ორივე შემთხვევაში საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე ადამიანის სულისთვის, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს.

სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთისკურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, ზეთის კურთხევისას, გადმოცემით, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. ამის გამო საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც აღსარება ერთხელ მაინც უთქვამს - აღნიშნულია ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლებში.

სწორედ ამ ბოლო აზრთან დაკავშირებით რუსი ღვთისმეტყველი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ალექსეი ოსიპოვი ამბობს, რომ მოხდა გარკვეული დამახინჯება ამ საიდუმლოს გაგებასთან დაკავშირებით.

ალექსეი ოსიპოვი: "საიდუმლოს ეკლესიის მიერ დაფუძნება გამომდინარეობს მოციქულ იაკობისგან, რომელიც მკაფიოდ ამბობს "უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება."(იაკ.5:13-15). აქ, პირველ რიგში, ყურადღებამისაქცევია: "ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს" - ანუ ავადმყოფს უკვე აღარ შეუძლია თავად სიარული, ანუ აქ საუბარია მძიმე ავადმყოფობაზე, რადგან ჩვეულებრივი გაგებით ადამიანისთვის საკმარისია, თუ ის ეზიარება და აღსარებას აბარებს. ზიარებაზე აღმატებული საეკლესიო საიდუმლოება არ არსებობს. შვიდგზის ზეთისცხებისას, კი ამ ეპისტოლის თანახმად, აუცილებელია გაძლიერებული ლოცვა ავადმყოფი ადამიანისთვის და თანაც, არა ერთი სასულიერო პირის ლოცვა, არამედ რამდენიმესი ("ხუცესთ მოუხმოს"). თავდაპირველად ეკლესიაში ამისთვის საჭირო იყო შვიდი სასულიერო პირის მსახურება.

დღევანდელ დღეს კი პირდაპირ ზღაპრებს ყვებიან: "შვიდგზის ზეთისცხებით დავიწყებული ცოდვები მოგეტევებათო" - საიდან მოიტანეს ეს აზრი? თანაც აუარება ადამიანი მიდის ამ ზეთისცხებაზე. ეს იქცა გარკვეულ რიტუალად. საიდან მოვიდა ეს აზრი, უცნობია. მოციქული იაკობი ამბობს, რომ "და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება".

რაზეა აქ საუბარი? - იმაზე, რომ ნებისმიერ საეკლესიო საიდუმლოში მონაწილეობა რწმენითა და სინანულით ხდება ცოდვათა მიტევება - აღსარებაშიც, ზიარებაშიც და ჯვრისწერის, მღვდლობის, მონაზვნობის, ზეთისცხებისას.

სამწუხაროდ, არის ასეთი თქმულება და ეს აბრკოლებს ადამიანებს. როდესაც მძიმე ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე, შვიდგზის ზეთისცხება არ არის ცუდი, მაგრამ როდესაც ეს გარკვეულწილად, ჩვეულებად იქცევა, ეს არ არის ნორმალური. მოციქულს ეს არ დაუბარებია".

აღსანიშნავია, ამასთან დაკავშირებით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის პატრიარქობამდე პერიოდში სატელევიზიო ეთერით გამოთქმული მოსაზრება, რომელიც ამბობს, რომ "შვიდგზის ზეთისცხების დროს, პირველყოვლისა, ხდება ის, რაც სინანულის საიდუმლოს დროს - ადამიანს მიეტევება ცოდვები, მაგრამ ივარაუდება, რომ ეს საიდუმლო შესაძლოა აღსრულდეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაცნობიერებულად აღარ შეუძლიათ უფლისა და ეკლესიის წინაშე სინანული. ამიტომაც, საიდუმლოს საფუძველში დევს არა დიალოგი მონანულსა და მოძღვარს შორის, არამედ ეკლესიის ლოცვა ავადმყოფისთვის. ეკლესია თავისი სახელით შეუნდობს ცოდვას მას, ვინც ზეთს იცხებს. ის უფლის წინაშე მოწმონს, რომ არ აქვს ამ ადამიანს ცოდვა ეკლესიისგან უპატიებელი და ამ ადამიანის სულს უფლის ხელთ გადასცემს და ამ ადამიანისთვის უფალს ცოდვათა მიტევებას სთხოვს. თავად ნაკურთხი ზეთით ცხება მოწმობს, რომ ეკლესია, ახორციელებს რა ამ მოქმედებას, უფალს ამ ადამიანის ჯანმრთელბოას გამოსთხოვს. უამრავი ადამიანი ზეთისცხების შემდეგ გამოჯანმრთელდება, თუმცა, ზოგჯერ, შვიდგზის ზეთისცხება მომაკვდავი ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას რადიკალურად არ აუარესებს, მაგრამ სულიერად აძლიერებს და ეხმარება - ღირსეულად შეხვდეს გარდაცვალებას.

თანამედროვე საეკლესიო პრაქტიკაში შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს არასწორ გაგებას ვაწყდებით. თითქოს, ის გარდაცვალების წინ აღსასრულებელი საიდუმლოა და მხოლოდ მომაკვდავ ადამიანზე სრულდება, რაც არასწორია. ამ საიდუმლოს შესრულება იმ ადამიანებზეც შეიძლება, რომლებსაც არ აქვთ მძიმე ავადმყოფობა და ტაძარშიც კი შეუძლიათ მისვლა. თუმცა, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი შვიდგზის ზეთისცხებაში არ უნდა მონაწილეობდეს, რადგან ამ საიდუმლოს მთელი ღირსება ორიენტირებულია ადამიანურ უძლურებასა და ავადმყოფობაზე და თუკი ადამიანს მსგავსი ავადმყოფობა არ აქვს, ამ საიდუმლოს აღსრულება მასზე უმართებულოა. ჯანმრთელი ადამიანი უნდა მივიდეს აღსარებაზე, რის შემდეგაც ქრისტეს წმინდა ნაწილებს ეზიაროს".

შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოსთან დაკავშირებით წესებს ვხვდებით "ანთიმოზ ივერიელის მონასტრის ტიპიკონის" ცალკეულ მუხლებშიც.

22-ე თავში აღნიშნულია: "ავადმყოფთა ზრუნვისათვის იღუმენი, მღვდელმონაზონნი და მღვდელნი, როგორც კი შეიტყობენ, რომელიმე ადამიანის: შინაურისა თუ უხცოს, ქალისა თუ კაცის, ამ, თუ სხვა უბნის მაცხოვრებლის ავადმყოფობის შესახებ, ვალდებულებნი იქნებიან, რომ მიაკითხონ თვითონ, ან გაუგზავნონ ვინმე გამოცდილი მღვდელი, რომელიც შეძლებს ავადმყოფს ნუგეში სცეს და დაარწმუნოს, რომ აუცილებელია აღსარების თქმა, შვიდგზის ზეთისცხება, ზიარება და ანდერძის შედგენა...".

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სასულიერო პირები ცხადია, ადასტურებენ, რომ შვიდგზის ზეთისცხება უპირატესად ავადმყოფ ადამიანებზე აღესრულება. თუმცა, აქვე განმარტავენ, რომ დღეს ნებისმიერი ადამიანი ცოდვაში, ანუ სულიერ სნეულებაში იმყოფება. შესაბამისად, სწორედ ამ სნეულების განკურნებას ემსახურება შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს შესრულება დიდი მარხვის პერიოდში ყველა მოქმედ ტაძარში, რა დროსაც მორწმუნე მრევლი, აღმსარებელი და მაზიარებელი შვიდგზის ზეთს იცხებს.

მოამზადა ზურაბ თვაურმა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი