მე-12 კლასელმა "აბიტურიენტი ბოტი" შექმნა - გაიცანით ლაშა მესხიძე, რომელიც BTU-ში საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით ისწავლის

მე-12 კლასელმა "აბიტურიენტი ბოტი" შექმნა - გაიცანით ლაშა მესხიძე, რომელიც BTU-ში საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით ისწავლის

"აბიტურიენტ ბოტის" შემქმნელი 19 წლის ლაშა მესხიძეა. ლაშა მე-12 კლასში სწავლობს დაბა აგარის საჯარო სკოლაში და ჩაბარებას BTU-ში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აპირებს მენეჯმენტის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით. პროგრამირებაში დიდად გამოცდილი არ არის, თუმცა, რაც მისთვის საინტერესოა, ინტერნეტში ეძებს. "აბიტურიენტი ბოტიც" სწორედ ინტერნეტში ძრომიალისა და chatfuel.com -ის დახმარებით შექმნა.

"აბიტურიენტი ბოტი" ახალი თბილი, ტკბილი და სწავლას მოწყურებული ჩატბოტია, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" "თი ბოტის" შემდეგ გამოჩნდა და რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია, მესენჯერის საშუალებით, ესაუბრო, ასწავლო და თვითონაც გიპასუხოს, მაგალითად, მათემატიკურ შეკითხვებზე. გთავაზობთ, "მარკეტერის" ინტერვიუს ლაშა მესხიძესთან, რომელიც "აბიტურიენტი ბოტის" შექმნის მიზანსა და ჩატბოტის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე საუბრობს:

ლაშა, როდის და რა მიზნით შეიქმნა "აბიტურიენტი ბოტი"?

ეს ბოტი რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა და საკმაოდ აქტიურია. მიზანი იყო რაღაც პოზიტიურის შექმნა, რაც აბიტურიენტების ხვედრს ცოტათი მაინც შეამსუბუქებდა.

რაზე შეგვიძლია, ვესაუბროთ "აბიტურიენტ ბოტის"?

ბოტი დაპროგრამებულია აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით და შეუძლია, პასუხი გაგცეთ შემდეგ კითხვებზე: "სად მოვხვდები?" "რომელ ფაკულტეტზე?" "გრანტი?" ასევე, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლია და ა.შ.

ვისთვისაც შეიქმნა, მათ თუ აქვთ კომუნიკაცია "აბიტურიენტ ბოტისთან"?

საკმაოდ კარგად მიიღო სამიზნე აუდიტორიამ. თქვენ წარმოიდგინეთ და სტატისტიკურად, 3 წუთში ერთხელ, 1 აბიტურიენტი მაინც გვწერს, იმდენად არიან დაინტერესებულები.

"აბიტურიენტი ბოტი" კონტაქტური არის, თუმცა საკუთარ თავზე არაფერს გვიყვება, რატომ?

საკუთარ თავზე ჯერ იმდენად არაფერს საუბრობს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი შექმნილია.

რა უნდა იცოდეს ჭკვიანმა ბოტიმ?

ვაპირებ, ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ამოცანების ამოხსნა ვასწავლო, ანუ ამოცანის პირობას ჩაწერს აბიტურიენტი ჩატში და პასუხად ამოხსნა მიუვა, დაახლოებით, 1 თვეში ვფიქრობ ამ ცოდნის მიცემას ჩატბოტისთვის. ასევე, მინდა, ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი, რაც ეროვნულზე, დანარჩენ საგნებში იყო გამოყენებული.

წყარო: marketer.ge